Reuters-ის ცნობით, რუსულმა კომპანიამ Russneft-მა მიმდინარე თვეში საქართველოში ყულევის ახლად აშენებულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას პირველი ტვირთი მიაწოდა. როგორც მედიასააგენტო წერს, ამის შესახებ ინფორმაცია LSEG-ის გემთა მონიტორინგის მონაცემებისა და ინდუსტრიის წყაროების საშუალებით გავრცელდა.
LSEG-ის მონაცემებითა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა Kayseri-მ 6 ოქტომბერს შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ტერმინალამდე 105 340 ტონა Siberian Light-მარკის ნავთობი გადაიტანა. Reuters-ის განცხადებით, Russneft-ს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც მედიასააგენტო წერს, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთი ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, ამავდროულად, უკრაინაში ომის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით წარმოქმნილ გამოწვევებს ებრძვის.
Reuters-ის მიერ მომზადებულ მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ, თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პირობებში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა, მაშინ როცა დასავლეთთან ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი “KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის გახსნით, საქართველო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ქარხნის გადამუშავების მაჩვენებელი საწყის ეტაპზე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ტონა ნავთობს, დღეში 24 000 ბარელს, უტოლდება. მიზანი, წლიური მაჩვენებლის 2028 წლისთვის 4 მილიონ ტონამდე გაზრდაა.
ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ოპერატორი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმია“, რომლის დამფუძნებელიც არის ბიზნესმენი მაკა ასათიანი.