რას ველით მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

რას ველით მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

მიმდინარე კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საზღვრების გახსნა ბოლო რამდენიმეთვიანი შეზღუდვის შემდეგ. კოორდინირებული საზღვრების გახსნა ევროპაში ევროკომისიის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო. დღეიდან უკვე გააუქმა ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლაზე აკრძალვა საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ხორვატიამ და ა.შ. გაერთიანების რამდენიმე ქვეყანას მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო შეზღუდვები ამ დრომდე ჰქონდა გაუქმებული. როგორც ევრო ბლოკში აცხადებენ, ეს პროცესი გაგრძელდება და თანდათან ევროპის ქვეყნები საერთაშორისო ვიზიტორების მიღებასაც დაიწყებენ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ მაღალი აქვს ინფიცირების დონე.

ელოდებიან რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, საზღვრების გახსნა და ტურისტების მიმოსვლის განახლება ევროპის  აღდგენის პროცესში ეკონომიკას კიდევ უფრო დაეხმარება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ:

ევროკავშირი – ბრიტანეთი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი დღეს ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს ბორის ჯონსონს ხვდება, რათა ბრექსითის შემდგომი პერიოდის კავშირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს. სამწუხაროდ, ამ დრომდე ამ კუთხით მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება, და აღარც არის დიდი დრო დარჩენილი შეთანხმების მიღწევამდე. მხარეებს 2020 წლის ბოლომდე აქვთ ვადა, რომ კონსენსუსს მიაღწიონ და შეთანხმება გააფორმონ, რომლის მიხედვითაც უნდა გაგრძელდეს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, მათ შორის ეს ეხება თავისუფალ ვაჭრობასაც.

ეკონომიკის აღდგენის გეგმა ევროპაში

მიმდინარე კვირას, კერძოდ ხუთშაბათსა და პარასკევს ევროპელი ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ეკონომიკის აღდგენის ფონდის შესახებ იმსჯელებენ, რაც რეგიონს პანდემიის კრიზისიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ გეგმას ევროპული ბლოკის უმრავლესობა ეთანხმება, თუმცა, ნიდერლანდები, ავსტრია, დანია და შვედეთი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილი. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად საჭიროა მას ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმებოდეს, ამ პროცესის გაჭიანურება კი ევროზე ნამდვილად არ აისახება კარგად.

ისევ ევროპა, თუმცა, ბრიტანეთი

ყველა ცენტრალური ბანკი კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად ეკონომიკურ სირთულეებს ებრძვის, მათ შორისაა ინგლისის ბანკიც (Bank of England). აპრილში ბრიტანეთში მშპ 20%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა ახლა იგივე ზომისაა, როგორც 2002 წელს იყო. მიმდინარე წელს უდიდეს რეცესიას ელოდებიან ქვეყანაში.  შექმნილი კრიზისის შესახებ ინგლისის ბანკი ხუთშაბათს შეხვედრას გამართავს დამატებით 150 მილიარდი ფუნტი სტერლინგის მობილიზების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტში დაანონსებული სტიმულირების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება.

აშშის მთავარი ეკონომიკური ღონისძიება

მიმდინარე კვირას, კერძოდ, სამშაბათსა და ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი კონგრესში ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის შესახებ კითხვებზე პასუხებს გასცემს, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება. ინვესტორები ელოდებიან თუ როგორი იქნება სარეზერვო სამსახურის მოსაზრება ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით და ობლიგაციების შესყიდვის ან სასესხო პროგრამების შესახებ. შეგახსენებთ, მიმდინარე წელს აშშ-ში ელოდებიან ეკონომიკის 6.5%-იან კლებას, ხოლო წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე 9.3% იქნება.

ახალი სტატისტიკა

მიმდინარე კვირას იაპონიასა (მაისის) და ევროკავშირში (აპრილის) სავაჭრო ბალანსის შესახებ  მონაცემებს გამოაქვეყნებენ. ასევე გამოქვეყნდება ხელფასების შესახებ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომელიც წინა წელთან შედარების საშუალებას მოგვცემს.

აშშ-ში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში რითეილ გაყიდვების შესახებ გამოაცხადებენ, დიდ ბრიტანეთში ასევე უმუშევრობის, ინფლაციის, უძრავი ქონების ფასების ცვლილების ახალი მონაცემები გახდება ცნობილი.

საინტერესო იქნება ასევე რუსეთში ცენტრალური ბანკის რეზერვების დოლარში განახლებული მონაცემებიც, რომელსაც 18 ივნისს გაასაჯაროებენ. რუსეთშივე მიმდინარე კვირას ცნობილი გახდება უმუშევრობის დონის, რითეილ-გაყიდვების და ხელფასების შესახებ გასული თვის განახლებული მონაცემებიც.

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *