Visa და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობენ ფინანსური განათლების ხელშეწყობას ბავშვებისათვის განკუთვნილი სპეციალური საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიების ორგანიზებით თბილისი მოლში. ღონისძიება გაიმართება Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კამპანიის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2018 წლის მაისში კომპიუტერული ვიდეოთამაშის „ფინანსური ფეხბურთის“ წარდგენით და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით.
Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის ღონისძიება ჩატარდება თბილისი მოლში, 22 სექტემბერს, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ, უფრო მეტი შეიტყონ ფულის გონივრულად ხარჯვის შესახებ მარტივი და სახალისო გზით, ფინანსური ფეხბურთის ვიდეოთამაშის მეშვეობით, ისიამოვნონ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკისაგან.
“მოხარულები ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან საქართველოში ფინანსური განათლების პლატფორმების ხელშეწყობისა და ახალი სასწავლო წლის აღნიშვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თამაშზე დაფუძნებული მიდგომის განვითარება ფინანსური განათლების თვალსაზრისით უფრო საინტერესო და სახალისოა, განსაკუთრებით მოზარდებისა და სტუდენტებისათვის. ონლაინ-ვიდეოთამაში „ფინანსური ფეხბურთი“ სწორედ ამაში გვეხმარება. ის ხელს უწყობს ადამიანებს, გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და მიაღწიონ ფინანსურ სტაბილურობას. ეს გულისხმობს ადამიანის უნარს, დაზოგოს თანხა, განარჩიოს ერთმანეთისაგან სურვილები და საჭიროებები, მართოს ბიუჯეტი და მიიღოს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები”. – განაცხადა დიმიტრო კრეპაკმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში.
“ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2016 წელს ჩვენ შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და ამჟამად ვართ სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე. ამასთან, 2018 წელი „ფინანსური განათლების წლად“ გამოვაცხადეთ და მის ფარგლებში, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, VISA-სთან ერთად ქართულენოვანი „ფინანსური ფეხბურთი“ განგვევითარებინა. ეს ვიდეოთამაში სახალისო და ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვასწავლოთ პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები აქტიურად თამაშობენ „ფინანსურ ფეხბურთს“, 22 სექტემბრის ღონისძიება კი სწორედ იმას ემსახურება, რომ მოსახლეობას შევახსენოთ ამ პროექტის შესახებ და წავახალისოთ სკოლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომ ეს თამაში და მისი თანმდევი საგანმანათლებლო რესურსი, აქტიურად გამოიყენონ სასწავლო პროცესში. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ Visa-სთან თანამშრომლობას ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით.” – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
დატოვე კომენტარი