საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა.
ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International -ის (CYFI) ინიციატივით წელს მეშვიდედ იმართება. აღნიშნული ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს იმ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებულ პროგრესსა და ინოვაციურ მიდგომებს იჩენენ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.
ნომინაციაში “ქვეყნის ჯილდო”, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის განმავლობაში გადადგმული ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გამო დასახელდა, როგორიცაა:
- საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა. ასევე, პროექტის “სკოლა ბანკი” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დანერგვა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით რამდენიმე საჯარო სკოლაში პილოტირება და ამ მიმართულებით პედაგოგების შესაძლებლობების ზრდა;
- საბანკო სექტორის შესაძლებლობების ზრდა ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარების მიმართულებით;
- ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ფინანსური განათლების საკითხების გარშემო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება; ასევე, ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა რესურსის შემუშავება და გავრცელება;
- ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფად გამოყოფა; ასევე, სტრატეგიის დანერგვის მიზნით მართვის უწყებათაშორისი კომიტეტის ჩამოყალიბება;
- ფინანსური განათლების ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახვა და ფინანსური განათლების განყოფილების ეროვნული ბანკის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება.
CYFI საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ეროვნული ბანკი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს “გლობალური ფულის კვირეულისა” და ფინანსური განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების ფარგლებში.
“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი მეორედ გახდა “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიის ფინალისტი. ეროვნულ ბანკში მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდებს ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეწოდოს, რათა სკოლის დამთავრებისას ისინი მზად იყვნენ დამოუკიდებლად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ფინანსური განათლება ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს. ამ პროცესში აქტიურად ვიყენებთ როგორც ტრადიციულ არხებს, ისე ციფრულ მედიასაც. ფინანსური განათლება ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2018 წელი „ფინანსური განათლების წლად“ გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კიდევ უფრო გააქტიურდება ფინანსური განათლების მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
“ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ცერემონიალი 2018 წლის ივლისში, ელ-რიადში (საუდის არაბეთის სამეფო), დიდი ოცეულის ქვეყნების (G20) არგენტინის პრეზიდენტობისა და Global Partnership for Financial Inclusion-ის (GPFI) ფორუმის “ტექნოლოგიური განვითარებები და ციფრული ფინანსური ჩართულობა” ფარგლებში გაიმართება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში ასევე დასახელებულია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო.
დატოვე კომენტარი