სარეიტინგო სააგენტომ S&P საქართველოს რეიტინგი BB- დონეზე პროგნოზით სტაბილური დაუდასტურა. წინა პროგნოზთან შედარებით, სააგენტოს შეფასება არ შეცვლილა.
S&P თავის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ძლიერი ზრდა შენარჩუნდება, IMF-ის მიმდინარე პროგრამა კი ფისკალურ რისკებს შეამცირებს.
ამასთან, სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ვალი მშპ-ს 40%-მდე შენარჩუნდება, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალანსება კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მოხდება.
სააგენტო საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას იმ შემთხვევაში განიხილავს, მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვან ეფექტურობას დაინახავს, ამასთან თუკი მოხდება დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირება.
სააგენტო 2018-2021 წლებში საქართველოში ეკონომიკის საშუალოდ 4%-ით ზრდას ელის.
“2017 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ზრდაში ყველაზე დიდი წილი ექსპორტმა შეიტანა. საქართველოდან ვაჭრობა გაიზარდა როგორც ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში. ამასთან მშპ-ს ზრდაში წვლილი შეიტანა ტურიზმმაც. საქართველოს ეკონომიკა მცირე ზომისაა და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე. ამიტომ, ქვეყნისთვის რისკს წარმოადგენს თურქული ლირასდა რუსული რუბლის გაუფასურება. საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტი საქართველოს ეკონომისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება. ამასთან გრძელვადიან პერიოდში დადებით გავლენას იქონიებს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, კაპიტალური პროექტების განხორციელება, ახალი კანონის მიღება PPP პროექტებზე, დეპოზიტების დაზღვევა, მიწის რეფორმა, განათლების რეოფრმა და საპენსიო რეფორმა“, – აღნიშნავს სააგენტო.
S&P-ის პროგნოზით საქართველოში მცირედით გაიზრდება მშპ-ს მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე და ის 2021 წლისთვის 4600 დოლარის ფარგლებში იქნება.
“სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელშიც მოსახლეობის დიდი წილია დასაქმებული, კვლავ დაბალპროდუქტიულია და საკმაოდ მცირე წილით მონაწილეობს ქვეყნის მშპ-ში. 2018 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუმცა არ ვთვლით რომ შედეგი ქვეყნის მიმართულებაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იქონიებს. გარკვეულ რისკებს ვხედავთ იმაში რომ საქართველოს მმართველ პარტას „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ხმები აქვს. საჭიროა ძალთა ცენტრალიზება“, – აღნიშნავს სააგენტო და დასძენს, რომ კვლავ რისკად რჩება გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში. ანგარიშში მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც. S&P აღნიშნავს, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კავშირების გაღრმავებას. თუმცა, კონფლიქტის გაღრმავებას სააგენტო ამ ეტაპზე არ ელის.
დატოვე კომენტარი