გადაშალეთ ნებისმიერი გაზეთი და უმალვე მიხვდებით, რომ კაცობრიობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას – ლტოლვილთა კრიზისი, კიბერუსაფრთხოება, გატეხილი მონაცემთა ბაზები, სამოქალაქო არეულობა… ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელია.
ამ მწვავე პრობლემების მიღმა კი უფრო ღრმა გამოწვევაა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. არ არსებობს ციფრული იდენტიფიცირების ჩამოყალიბებული და უსაფრთხო სისტემა, დედამიწაზე მცხოვრები 7.5 მილიარდი ადამიანის შემოწმებადი ბიომეტრიის კომპონენტით.
ვინ ხარ შენ და რატომ უნდა დაგიჯერო, რომ მართლაც ის ხარ, რადაც თავს ასახელებ? რას იზავ, ვინმემ რომ შენი პირადი მონაცემები მიითვისოს? საიდან უნდა ვიცოდე, რომ ეს შენი ხმაა? საიდან უნდა ვიცოდე, რომ საშიშროებას არ წარმოადგენ? რის საფუძველზე შემიძლია, რომ გენდო?
ძალიან ბევრი ადამიანისთვის, შემოწმებადი პირადი მონაცემების არარსებობა თუნდაც ხმაზე, მსოფლიო ეკონომიკაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მობილობაზე, მიწაზე წვდომის არარსებობის ტოლფასია. მსოფლიო ყოველდღიურად უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებს ციფრულ სისტემებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1.5 მილიარდ ადამიანზე მეტი უბრალოდ არ არსებობს სხვადასხვა პრაქტიკული მიზეზებით. ურიცხვი ბიზნესების, მთავრობებისა თუ უწყებებისთვის, პირადი მონაცემების რეგისტრაციის სანდო სისტემის არარსებობა ძალიან ძვირად ღირებული და დღითიდღე მზარდი სირთულეა.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანის ვინაობა უბრალო ფურცელია. და თუ ამ ფურცელს დაკარგავ, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ძალიან გაგიჭირდება მისი აღდგენა. და თუკი ასეთი ფურცელი არასდროს გქონია, ესე იგი, შენს შესახებ არ არსებობს ჩანაწერი გლობალურ სისტემაში.
მარტივად რომ ვთქვათ, პიროვნების ამოცნობის ეფექტური სისტემის არარსებობა ნიშნავს სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას და გლობალური მასშტაბის მასობრივ დეზორგანიზაციას; ამ პრობლემის გადაუჭრელად, ჩვენი მთავარი გამოწვევების გადალახვაზე მიმართული ტექნოლოგიების განვითარება ჩიხში აღმოჩნდება.
არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები? და თუ არსებობს, რამდენად განხორციელებადია ისინი?
პირველ რიგში, კარგი ამბავი – პლანეტაზე მცხოვრები ყოველი ინდივიდი დაბადებულია ბოიმეტრიული მონაცემების უნიკალური ნაკრებით, რაც უტყუარი მტკიცებულებაა მათი ვინაობის განსაზღვრისათვის. ეს მონაცემები მოიცავს თითის ანაბეჭდებს, სახის ნაკვთებს, თვალებს და ხმასაც კი.
მეორე და ძალზე საინტერესო არის ის, რომ არსებობს ჩაწერის უტყუარი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ დარეგისტრირდეს ყოველი ადამიანის ვინაობა სისტემაში, რომელსაც „ბლოკჩეინი“ ეწოდება. მას ასევე „ბითკოინბლოკჩეინს“ ან „საჯარო ბლოკჩეინს“ უწოდებენ. უფრო მეტიც -ბლოკჩეინი არ ღირს ძვირი, არის მარტივი, გამჭვირვალე და არსებობის 8 წლის განმავლობაში, ჰაკერების ყველა შეტევა მოიგერია.
გაიხსენეთ, ადამიანის ტრეფიკინგის რამდენი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ გსმენიათ და წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები აქვს ბლოკჩეინს პიროვნების ტრეფიკინგისგან დასაცავად. თუკი ჩანაწერი დაბადების შესახებ არ არის სწორად გაკეთებული და სისტემა არ არის სანდოდ დაცული, ბავშვის უკვალოდ გაქრობა ძალიან ადვილია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველა იბადება უნიკალური პირადი მონაცემებით, ყველას როდი შეუძლია საკუთარი ვინაობის დამტკიცება. ბლოკჩეინს აქვს იმის პოტენციალი, რომ გამოასწოროს ეს ფუნდამენტური ნაკლოვანება. ბლოკჩეინის მეშვეობით, პირადი მონაცემები შეიძლება ჩაიწეროს მუდმივ ციფრულ სისტემაში და არა ფარატინა ფურცელზე.
ეს უახლესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე საშინელ კრიმინალურ ორგანიზაციებს შეუქმნას სირთულეებს. უწყებათა არაეფექტური ფუნქციონირება, კორუფცია და კადრების შემცირება შეიძლება აღმოიფხვრას უმარტივესი მეთოდებით.
წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ შეგიძლიათ საზღვარგარეთ მოგზაურობა პასპორტის გარეშე. ბლოკჩეინს შეუძლია შეინახოს თქვენი უნიკალური ბიო მონაცემები და თქვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, გექნებათ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თუ არა. თქვენ დაგიბრუნდებათ ერთპიროვნული კონტროლი თქვენს საკუთარ ინფორმაციაზე – დღეს ეს შეუძლებელია ინტერნეტში. თქვენი იდენტობა ბლოკჩეინზე უსაფრთხოდ და საიდუმლოდ შეინახება და მხოლოდ თქვენ გექნებათ მასზე წვდომა. თქვენ შეძლებთ, თავად განსაზღვროთ, რა ინფორმაცია გაანდოთ ექიმს ან დამქირავებელს, გექნებათ შესაძლებლობა, დაინახოთ, ვისთვის გახდა ხელმისაწვდომი თქვენი მონაცემები და როდის. და, რაც მთავარია, ბლოკჩეინიდან შეუძლებელი იქნება თქვენი მონაცემების წაშლა.
ზოგიერთი მთავრობა და ბიზნესი უკვე იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას.
ესტონეთი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ციფრულ იდენტიფიკაციას. წლების წინ, ესტონეთის პრეზიდენტ თოომას ენრიკილვესის ძალისხმევით, ქვეყანამ შექმნა ციფრული იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემა – სტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც მოქალაქეებისთვის, ისე რეზიდენტებისთვის. ქვეყნის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება, მიიღონ სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის მომსახურება სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისგან. ხელმისაწვდომი სერვისების რიცხვში შედის ელექტრონული რეცეპტები, ელექტრონული კენჭისყრა, ციფრული ხელმოწერა და მრავალი სხვა. ციფრული იდენტიფიკაციის ეს სისტემა – რომელსაც თავიდან სკეპტიკურად შეხვდნენ ესტონელები – ახლა ძალიან პოპულარულია და მან ხელი შეუწყო პატარა ქვეყნის, როგორც ელექტრონული მმართველობის ლიდერის პოზიციის გამაგრებას.
რა თქმა უნდა, ტექნიკური შესაძლებლობის არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასევე არსებობს პოლიტიკურიც. თუმცა, ესტონეთის მაგალითი ამტკიცებს, რომ თუ არის სურვილი, გზა ყოველთვის მოიძებნება.
რა თქმა უნდა, ადამიანის პირადი მონაცემების რეგისტრირებისა და ამოცნობის ნებისმიერი სისტემის დანერგვას თან სდევს ეთიკური საკითხები. მაგრამ, ასეთივე ეთიკურ პრობლემებს წავაწყდებით, თუკი ვერ შევძლებთ ამგვარი სისტემების დანერგვას.
ასევე გასაგებია ღელვა იმის გამო, რომ ადამიანის ვინაობის შესახებ ინფორმაციის წაშლა ან მოპარვა ინტერნეტიდან ასეთი ადვილია.
პირადი მონაცემების მოპარვის მაგალითებს ყველგან შეიძლება წავაწყდეთ – ადგილობრივი ბანკომატიდან თეთრი სახლის პერსონალის მართვის განყოფილებამდე. 2016 წელს, JavelinStrategy&Research-ის თანახმად, პირადი მონაცემების მოპარვა აშშ-ს 16 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამ დანაშაულს ემსხვერპლა 15 მილიონი ამერიკელი. ამდენად, მთლიანმა დანაკარგმა, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 107 მილიარდი დოლარი შეადგინა. და ეს მხოლოდ აშშ-ში. ID2020-ს 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის ნაკლებობამ, რომელიც გამოწვეულია ვინაობის შესახებ არასრული ჩანაწერებით, გამოიწვია მსოფლიოში ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარება, რომლის მშპ-ს მოცულობა წელიწადში 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მსოფლიოს მეორე ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა.
ბლოკჩეინი გვაჩვენებს, რომ არსებობს უკეთესი გზა იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ძველ და ახალ პრობლემებს. სირთულეები, რომლებსაც პირად მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები ქმნის, ყოველთვის თავსატეხის დაკარგულ ნაწილს გავდა.
ბლოკჩეინი არის სწორედ ეს ნაწილი.
ჩვენ გარშემო უამრავი სირთულეა – ამაზე ყველა ვთანხმდებით. გზა, რომელიც უნდა გავიკვლიოთ, არ იქნება ადვილი. არც ერთი ტექნოლოგია არ არის პანაცეა და ეს კონკრეტული გამოწვევა მოგვიწოდებს, რომ გულდასმით შევისწავლოთ და ავწონ-დავწონოთ ყოველივე ეს.
მაგრამ, ფსონი ძალიან მაღალია და თავს უმოქმედობის უფლებას ვერ მივცემთ.
მე მჯერა იმის, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ დავუპირისპირდეთ და დავძლიოთ ეს სირთულე. ერთად აუცილებლად შევძლებთ დავამარცხოთ დაავადება, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების წინსვლას – უსაფრთხო იდენტობას. ბლოკჩეინი მოიტანს იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამაზე, ვისწავლოთ, მოვირგოთ და შევუდგეთ საქმეს.
ამის დრო უკვე დადგა.
დატოვე კომენტარი