მას მერე, რაც ვიჯაი გორადიამ ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად სათანადო მარშრუტი აღმოაჩინა, ის ინდოეთის ერთ-ერთ წამყვან ფილანთროპად გვევლინება.
ახალგაზრდობაში ვიჯაი გორადიას უნდოდა, მაქსიმალურად მოშორებდა მშობლების ბურჟუაზიულ ცხოვრებას მუმბაიში. ავტოსტოპით ჯერ ავღანეთში, ირანსა და ევროპაში იმოგზაურა და მაწანწალას ცხოვრებას ეწეოდა, შემდეგ კი, 1978 წელს მესამე კონტინეტს, ამერიკას, ეწვია. ბედმა გაუღიმა და მეგობარმა ინდოეთიდან რამდენიმე ათასი დოლარი შესთავაზა, რათა პლასტიკატის ნედლეულის გადაზიდვის შესაძლებლობები შეეთვალიერებინა. მალე ის სწორედ ამგვარ საქმეს აკეთებდა სულ უფრო მზარდი რაოდენობის კლიენტებისთვის. „საკრედიტო რისკი, ქვეყნის რისკი, ვალუტის რისკი, რეგულაციის საკითხები, საბაჟოზე არსებული მოთხოვნები, – ამბობს ვიჯაი. – [კომპანიებს] ამ საკითხების მოსაგვარებლად ვიღაც სხვა სჭირდებოდათ“.
წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, გორადიას თავისი მეგობრის ერთი ზომით დიდი კოსტიუმი რომ უნდა სცმოდა საქმიან შეხვედრებზე. მისი ჰიუსტონში დაფუძნებული Vinmar International-ი ნავთობქიმიკატების დისტრიბუციას ახლა 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა და გაყიდვებით დაახლოებით $5 მილიარდს აკეთებს. ამ ყველაფრის მფლობელები მხოლოდ გორადია (Vinmar-ის თავმჯდომარე) და მისი ოჯახი არიან. დღეს მისი ქონება $1.5 მილიარდს შეადგენს. „მთავარია, გათვლილ რისკებზე წახვიდე და სისულელეები არ ჩაიდინო“, – ამბობს 64 წლის გორადია, რომელიც თავისუფალ დროს პარაშუტითა და დელტაპლანით იქცევს თავს.
1998 წელს ის სერიოზულად დაფიქრდა, თუ როგორ შეიძლებოდა, სამშობლოს დახმარებოდა. მას მერე ის Pratham-ის – ინდური არაკომერციული საგანამანათლებლო ორგანიზაციის – მთავარ დონორად იქცა. Pratham-ის თქმით, გორადია ერთ-ერთი საუკეთესო დონორია ქვეყანაში, სადაც გარკვეული საქველმოქმედო ორგანიზაციები კორუმპირებულები არიან (ორგანიზაციის მტკიცებით, ყოველი დოლარიდან მთელი 95 ცენტი საქველმოქმედო პროგრამებს ხმარდება). „სკოლებში წელიწადში ერთხელ ვსტუმრობ, – ამბობს გორადია. – მინდა, მეტი შემეძლოს, მაგრამ ჯერ რეგულარული სამსახურიც მაქვს“.
დატოვე კომენტარი