ვაჭრობის ხელოვნება

ვაჭრობის ხელოვნება

გახდება თუ არა Paddle8-ი მომავლის სააუქციონო სახლი ახალი ინვესტორებისა და ხელოვნების სამყაროს გავლენიანი მფარველების დახმარებით?

მანჰეტენზე, Upper West Side-ზე მდებარე უშველებელ ბინაში ტევა არაა: აფრიკული ქანდაკებები, Marvel-ის კომიქსებით შთაგონებული $600-იანი კედები, სტივ ჯობსის მოძრავი ფიგურა… კედელზე სინდი შერმანის ფოტოები ჩაუმწკრივებიათ, უკანა ოთახში კი რობერტ რეიმანის მონაცრისფრო-მოთეთრო ნახატი ოთხი ძვირად ღირებული ტილოს ქვეშ კიდია. ეს ყველაფერი ჟან პიგოცის – ანტრეპრენიორისა და ფილანთროპის – უზარმაზარი კოლექციის მხოლოდ ნაწილია. პიგოცის შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე ეკლექტიკური არტკოლექციით, მათ შორის თანამედროვე აფრიკული ხელოვნების უდიდესი აქტივით იტრაბახოს.

დეკემბერში ქველმოქმედის ნიუ-იორკის სახლის ნამუშევართა ნაწილი ონლაინარტის სააუქციონო სახლის – Paddle8-ის – მეშვეობით გაიყიდება. 2011 წელს დაარსებული კომპანია მალევე იქცა ხელოვნების წამყვან დილერად ინტერნეტსივრცეში. ცოტა ხნის წინ მან $34 მილიონი მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, რომელთა რიცხვშია გავლენიანი ნიუიორკელი გალერისტი და Paddle8-ის საბჭოს ახალი წევრი, დევიდ ცვირნერი.

ამ ნაბიჯით ცვირნერი ისეთი პერსონებისა და კომპანიებს რიგს შეუერთდა, როგორებიც არიან ხელოვანი დემიენ ჰერსტი, White Cube Gallery-ს ჯეი ჯოპლინგი, სანაოსნო კომპანიის მფლობელი და დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი, სტავროს ნიარხოს III, და ვენჩურ-კაპიტალის ფირმები, Founder Collective-ი და Mousse Partners-ი, რომელთაც Paddle8-ში დღემდე, ჯამში, $44 მილიონი აქვთ დაბანდებული. თავიდან Paddle8-მა ვირტუალური Christie’s-ის ნიში მოირგო თანამედროვე ხელოვნების სფეროში. დღეს კი გაფართოვდა და დიზაინერული საგნებით, კინოსუვენირებითა და მოდის აქსესუარებით ვაჭრობს და საგანგებო ფასდაკლებებით სარგებლობს ისეთ სახელგანთქმულ კოლექციონერებთან, როგორიც პიგოცია.

„ჩვენი არცთუ მოკრძალებული ამბიციაა, მსოფლიოში სამი გამორჩეული სააუქციონო სახლი იყოს: პრესტიჟული Sotheby’s-ი და Christie’s-ი, რომლებიც მინიმუმ $500,000-იანი ნამუშევრების გაყიდვაზე არიან მომართულნი, და ჩვენ, რომლებიც ნაკლებად ძვირად ღირებული ბაზრის ონლაინ კონსოლიდირებაზე ვმუშაობთ“, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, ალექსანდერ გილკსი – იტონში განათლებამიღებული 36 წლის მსოფლიო დონის ავტორიტეტი ხელოვნებაში, რომელიც Phillips-ის მთავარი აუქციონერის თანამდებობამდე LVMH-ში მუშაობდა.

„შევამჩნიე, რომ დამსწრეთა რიცხვი კლებულობდა და აუქციონები დღის ისეთ მონაკვეთში იმართებოდა, რომ საერთაშორისო ყურადღებას ვერ იპყრობდა“, – ამბობს გილკსი Paddle8-ის Cooper Square-ის ოფისებიდან და სკამზე ეშვება. ის გრძნობდა, რომ აგურისა და დუღაბის შენობებზე მორგებული სისტემა ახალგაზრდა კოლექციონერთა ახალ კლასს ვერ აკმაყოფილებდა. 2010 წელს, მომავალი თანადამფუძნებლის, ადიტია ჯულკას, გაცნობის შემდეგ, ის ამაში საბოლოოდ დარწმუნდა. „ადიტიას ხელოვნების ბაზარზე შეღწევა უნდოდა და არ იცოდა, საიდან დაეწყო“, – იხსენებს გილკსი.

თავისი ძვირად ღირებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის გაყიდვით გამდიდრებულ ჯულკას კოლექციის შეგროვება სურდა. „ვიფიქრე, უბრალოდ რომელიმე გალერეაში ან სააუქციონო სახლში შევივლი და ხელოვნების ნიმუშებს ვიყიდი-მეთქი. თურმე, ეს ასე მარტივად არ ხდება, – იხსენებს ჯულკა. – მომლოდინეთა სია, უზუსტო ინფორმაცია ნიმუშების რეპუტაციასა და ფასზე… ბაზარი ინოვაციას ითხოვდა“.

მესამე, ოპერაციებზე ორიენტირებული, თანადამფუძნებლის, ოსმან ხანის მეშვეობით, ისინი ხელოვნების ონლაინ სააუქციონო სახლის შექმნის იდეამდე მივიდნენ – სახლისა, რომელმაც ხარისხის უზრუნველყოფითა და მოხერხებულობით, ვაჭრობის პროცესი გაამარტივა. ხანისა და ჯულკას ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორის საწყისი $50,000-დოლარიანი ჩეკით, კომპანია ონლაინ საგამოფენო პლატფორმის სახით ჩაეშვა, თუმცა მალევე პროფილი იცვალა და მსხვილი მუზეუმებისა და ფონდებისთვის საქველმოქმედო ღონისძიებების მასპინძლობას შეუდგა. გილკსის ქარიზმატული, იუმორით სავსე საჯარო გამოსვლებით დამშვენებული ფილანთროპიული ღონისძიებები მათ ყურადღების მიპყრობისა და გამოცდილების დაგროვების საშუალებას აძლევდა.

Paddle8-მა – რომლის სახელი აუქციონზე ფასის წამოყენების მექანიზმისა და ჩინეთის (ხელოვნების ახალბედა ბაზრის) ყველაზე იღბლიანი ციფრის მიხედვით შეირჩა – მოგებაზე ორიენტირებული განყოფილება 2012 წელს გახსნა და დღეს შემფასებელი ექსპერტების ოცკაციანი გუნდი ჰყავს დაქირავებული. კონკურენტი კომპანიების, მაგალითად, Auctionata-ს, მუშტრებს აუქციონის პირდაპირ ეთერში ყურება უწევთ. Paddle8-ის შემთხვევაში კი ფასის შეთავაზება მობილურზე თითის ერთი დაწკაპუნებითაა შესაძლებელი. მომხმარებელს, ასევე, პრემიუმისა და ტრანსპორტირების ხარჯების ნახვა და შენაძენის საბოლოო ფასის გამოთვლაც შეუძლია. მას მერე, რაც ნივთი გაიყიდება, მის გადაგზავნას თავად Paddle8-ი უზრუნველყოფს ნივთის შეძენიდან ერთი თვის განმავლობაში.

შარშან კომპანიამ $35.8 მილიონის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გაყიდა (რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 146%-ით მეტია), ხოლო წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგების გზას ადგას: ჯერ მარტო 2015 წლის მეორე მეოთხედისათვის მან $25 მილიონის ოდენობის საქონლით ივაჭრა. მისი შემოსავალი დაახლოებით ამ ოდენობის მეოთხედია: Paddle8-ი მყიდველისგან – 20%-იან პრემიუმსა და გამყიდველისგან 8%-ს ისაკუთრებს, რაც ტრადიციული სააუქციონო სახლების 30-35%-იან საკომისიოზე (რომელიც $100,000-მდე ღირებულების ობიექტზე ვრცელდება) დაბალია. თანაც, Sotheby’s-ისა და Christie’s-სგან განსხვავებით, კომპანია ნიმუშებს ფიზიკურად თავად არ ფლობს, რაც ხარჯებს ამცირებს.

აუქციონზე გაყიდული საქონლის საშუალო ფასი $4,800-ია; გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის უმეტესობა $5,000-დან $50,000-მდე მერყეობს, შიგადაშიგ კი ბევრად უფრო ძვირად ღირებული მარგალიტებიც გამოერევა (ჯეფ კუნსის კვერცხი შარშან რეკორდულ ფასად – $900,000 – გაიყიდა). კომპანია კერძო გაყიდვებსაც აწყობს: ლეგენდარულმა რეპერებმა – Wu-Tang Clan-მა – ახალი საიდუმლო ალბომი ამ საიტის მეშვეობით გაყიდეს (თუმცა, Paddle8-ის დამფუძნებლები ფასის გამხელაზე უარს აცხადებენ). Paddle8-ი საშუალო საფეხურის არტბაზარს ახალი ნამუშევრებითა და დაბალი ფასებით უტევს და ამით კოლექციონერობას მიმზიდველს ხდის შეძლებული ახალგაზრდებისთვის. იდეალური მომხმარებელი – ეს 25-34 წლის კოლექციონერია.

Paddle8-ის ამოცანაა, გამოუცდელი მყიდველები დაარწმუნოს, რომ შენაძენი ფასს არ დაკარგავს, ხოლო გამოცდილმა კოლექციონერებმა არჩევანი ამ კომპანიაზე შეაჩერონ. სწორედ აქ თამაშობენ დიდ როლს ხელოვნების სამყაროს ისეთი ღმერთები, როგორებიც არიან ჰერსტი და ცვინგერი, რომლებსაც შეუძლიათ, წამყვან ხელოვანთა შედარებით დაბალფასიანი შემოქმედება Paddle8-ისკენ მიმართონ და სტარტაპს ნიშში გარანტირებული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარონ.

„Paddle8-ი ამდიდრებს იმას, რაც აგურისა და დუღაბის გალერეებში ხდება, და ტრადიციული სააუქციონო სახლების ალტერნატივაცაა, – ამბობს ცვინგერი. – მრავალფეროვანი ფასი და ციფრული პლატფორმა როგორც სტაჟიან, ისე ახალბედა მსურველებს მსოფლიოს კოლექციონერებისა და კონსიგნანტების ქსელში შეღწევის საშუალებას აძლევს“.

დამფუძნებლები, რომლებიც დღეს არ ფლობენ კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს, გაყიდული პროდუქტის რაოდენობას არ ამხელენ, მაგრამ აშკარაა, რომ დიდი სიფრთხილით შერჩეული მრავალფეროვანი ფასი ახალი ჯიშის კოლექციონერებს იზიდავს. „მსოფლიოში კოლექციონერთა შორის ერთ-ერთი უდიდესი ოჯახის ვაჟი დღეს კედებს იმიტომ ყიდულობს, რომ მათგან კოლექციის შექმნაა შესაძლებელი“, – ამბობს ჯულკა. ანუ, გამოდის, რომ ალთანიებს ახლა Nike-ი მოსწონთ? “უკომენტაროდ”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *