რუსეთის მმართველი ელიტის მიმართ აშშ-ის და ევროპის თავდაპირველი სანქციები ერთადერთ რეაქციას იწვევდა – სიცილს. ამ სანქციებს „ხუმრობაც“ კი უწოდეს. მართლაც, ამერიკული სანქციების პირველი კომპლექტი სუსტი იყო, ევროპული – კიდევ უფრო სუსტი. თუმცა ვითარება შეიცვალა და სანქციები გამკაცრდა. მეტიც, 20 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა უმკაცრესად გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი: „ჩვენ ვიცით სად არის თქვენი ფული და შეგვიძლია გამოგააშკარავოთ და შესაბამის ზომებს მივმართოთ“. „ხაზინა“ მიანიშნებს პუტინის „პირდაპირ (ფინანსურ) კავშირებზე“ შვეიცარიაში დარეგისტრირებულ ჩრდილოვან კომპანია Gunvor-თან, რომელიც სანქციების სიაში აღმოჩნდა. პარალელურად, სანდო რუსულმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 19 მარტს (აშშ-ის ახალ სანქციების სიაში მოხვედრამდე ერთი დღით ადრე) პუტინის საქმიანმა პარტნიორმა, გენადი ტიმჩენკომ გაყიდა Gunvor-ის თავისი, რამდენიმე მილიარდ დოლარად შეფასებული, წილი. როგორც ჩანს, პუტინს აღარ ეცინება ამ „ხუმრობაზე“.
პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა სანქციების მეორე რაუნდი, რომელიც შეეხება ფიზიკურ პირებს პუტინის უახლოესი გარემოცვიდან, Rossiya Bank-ს და რუსული ეკონომიკის წამყვან სექტორებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია ეს სანქციები „დააზარალებს არა მარტო რუსულ, არამედ გლობალურ ეკონომიკასაც, მაგრამ სამწუხაროდ ისინი აუცილებელია, თუ გვინდა ვიცხოვროთ 21-ე საუკუნის სამყაროს წესებით, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოების სუვერენიტეტი ხელშეუხებელია“.
ობამას ადმინისტრაციის გაფართოებულ სიაში მოხვდნენ რუსეთის პლიტიკური ლიდერები, „ფულის გამთეთრებლები“, ბანკირები და კრემლის ფავორიტი ოლიგარქები: სერგეი ივანოვი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ანდრეი ფურსენკო (პრეზიდენტის თანაშემწე), სერგეი მირონოვი (“სპრავედლივაია როსსიას” ლიდერი), ვლადიმერ იაკუნინი (რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი), გენადი ტიმჩენკო (Gunvor), იური კოვალჩუკი (Rossiya Bank), ალექსეი გრომოვი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე), ვლადიმერ კორჟინი (პრეზიდენტის საქმეთა მმართველი), არკადი და ბორის როტენბერგები და სხვები.
დატოვე კომენტარი