(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Life Georgia–ის თებერვლის ნომერში)
დიზაინერებს, თუკი მოინდომებენ, შეუძლიათ ჩვეულებრივი სავაჭრო პუნქტი გადააქციონ მუზეუმად, სასახლედ, ბუნკერად თუ სიურრეალისტურ ბუდუარად. Forbes-ი სულაც არ ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს გაყიდვას უწყობს ხელს, თუმცა ბრენდს იმიჯის თვალსაზრისით ნამდვილად კარგ სამსახურს უწევს: ამ მაღაზიათა ნახვის შემდეგ მათი უმრავლესობა დიდხანს რჩება მყიდველთა მეხსიერებაში.
მაღაზია Camper-ი (გრანადა, ესპანეთი)
ფეხსაცმლის ესპანური ბრენდი Camper-ი ცნობილია იმითაც, რომ ის თანამშრომლობისთვის იწვევს როგორც აღიარებულ, ასევე დამწყებ დიზაინერებს, რათა ყოველი მისი ახალი მაღაზია ძველისგან გამოირჩეოდეს და დამსახურებულად მიიპყროს მედიისა და კრიტიკოსთა ყურადღება. ამ მხრივ არც ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში მდებარე გრანადაში გახსნილი მაღაზია აღმოჩნდა გამონაკლისი. ბიურო A-cero-ს დიზაინერებმა, ჟოაკინ ტორესმა და რაფაელ იამასარეზმა, საკმაოდ მოკრძალებული ზომის სივრცეში (48 კვ. მ) ეფექტური, მკაფიო და დინამიკური ინტერიერი შექმნეს. მათ მხოლოდ ორი ფერი – წითელი და თეთრი, და, ამასთანავე, განსხვავებული პლასტიკურობის მქონე მასალა გამოიყენეს: ხე, შეღებილი ალუმინი, შუშა. თუმცა პროექტში მთავარი როლი მაინც არა ფერსა და მასალას, არამედ ფორმებს მიანიჭეს: თითოეული თარო, დახლი თუ სკამი ერთი მთლიანი სკულპტურული კომპოზიციის ნაწილს წარმოადგენს. პროექტის დასასრულს, ამ დიდი სივრცისთვის განკუთვნილი კონსტრუქციის მაღაზიის არცთუ ვრცელ ფართობში განთავსების შემდეგ ადგილიც კი დარჩა საწყობისა და დამატებითი ფარდულისათვის.
ბუტიკი Kelly Wearstler-ი (ლოს-ანჯელესი, აშშ)
კელი უესტლერი – ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ინტერიერის დიზაინერი – არცთუ დიდი ხანია, რაც ტანსაცმლის, სამკაულისა და აქსესუარების ხაზს უშვებს და ხსნის ბუტიკს, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული დანიშნულებისა და ფასის მქონე ნივთების წარმოუდგენლად ორგანულ შეხამებას შეხვდებით. ის, რა თქმა უნდა, ასევე ნიჭიერი ინტერიერის დიზაინერისა და დეკორატორის როლშიც გვევლინება. ლოს-ანჯელესის მელროუზ-ავენიუზე განლაგებული მისი პირველი ბუტიკის ინტერიერი სავსეა ძველი სარკეებით, კაშკაშა მეტალითა და მარმარილოთი, რომელიც ეფექტურადაა მოხატული.თითბრისგან, ხის, ტერაკოტის, თაბაშირის, ქვისა და პლასტმასისგან შექმნილი ადამიანის ფიგურები; ხელები, ფეხები, თავები, ტორსები ავსებს მაღაზიას და სამკაულებისა და ყველანაირი გემოვნების მყიდველის მოსაწონებ კლატჩებს უკეთებენ დემონსტრირებას. თითოეული სანტიმეტრი ამ ბუტიკისა თავისი შემქმნელის ვინაობასა და გემოვნებას უსვამს ხაზს.
ბუტიკის გარეთა ფასადზე ასევე იკითხება კელის ხელწერა: ოვალური შესასვლელი მორთულია მანათობელი ბრჭყვიალა თითბრის სფეროთი, კარის სახელური ნახევრად ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი, ვიწრო ფანჯარა-ვიტრინებიდან დანახული ბუტიკის გამაოგნებელი ინტერიერი კი ნებისმიერ გამვლელში ინტერესს აღძრავს.
ფლაგმანური მაღაზია Coach-ი (ტოკიო, იაპონია)
თავის პირველ გასაყიდ პუნქტებში ტყავის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ პროდუქცია, ბიბლიოთეკის მსგავსად, ხის თაროებზე განალაგა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და ასორტიმენტში უკვე იუველირული ნაწარმი, საცურაო კოსტიუმები და მზის სათვალეებიც კი შედის, თუმცა მრავალნაციონალურმა არქიტექტორთა ჯგუფმა OMA-ს ბიუროს ნიუიორკული ოფისიდან ძველი იდეის აღდგენა გადაწყვიტა და პროექტი სისრულეში მოიყვანა ტოკიოს ცნობილ სავაჭრო ქუჩა ომოტესანდოზე არსებულ ბუტიკ Coach-ში. არქიტექტორებმა ფასადის მთელი სიბრტყე ერთ დიდ ვიტრინად აქციეს, რომელიც 210 შუშის სექცია-ყუთისაგან შედგება. ქუჩიდან თუ შევხედავთ, შეგვიძლია თვალი მოვავლოთ მთელ ასორტიმენტს, ამასთანავე, თითოეულ ნივთისთვის განცალკევებული კოლოფია გამოყოფილი. ეს ვიტრინა-ფასადი აქტიურ ფონს წარმოადგენს საქონლისთვის, რომელიც დარბაზის შუაგულშია გამოფენილი. ამას გარდა, ომოტესანდოს ქუჩის მრავალრიცხოვანი მოსეირნეებიც ამ მაღაზიის ინტერიერის ნაწილი ხდებიან. თვით არქიტექტორები ამ პროექტს ორი სიტყვით აფასებენ – „ლოგიკა და მაგია“.
Bambini Kids-ი (ვენა, ავსტრია)
ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში განლაგებული მოდური საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიის, Bambini Kids-ის ინტერიერი დიზაინერმა დენის კოზუტიჩმა საბავშვო ზღაპრების საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნა – დაწყებული შავ-თეთრი „ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან“, ფუტურისტული ჟიულვერნისეული უტოპიით დამთავრებული. ეს ფანტასტიკური სამყარო მომნუსხველია, ერთდროულად რომანტიკულიცაა და შემაშფოთებლად გოტიკურიც. მაღაზიაში არ მოიძებნება არავითარი ჩვეულებრივი საბავშვო „სისულელეები“, და არჩეული ძირითადი ფერიც კი – სხვადასხვა ტონალობის ნაცრისფერი – უჩვეულოდ გამოიყურება: ამგვარი ადგილებისთვის ხომ, როგორც წესი, ცისფერსა და ვარდისფერს ანიჭებენ უპირატესობას. კედლებსა და იატაკზე ფანტასტიკური ყვავილებია მიმობნეული, რომლებიც სიმკვეთრითა და ზომით განსხვავდება ერთმანეთისგან: შპალერი მომცრო, ინტენსიური ნაცრისფერი ყვავილებითაა მოხატული, ხალიჩა კი იმავე ტონალობის დიდი, ფერმკრთალი ყვავილების მინდორს გვაგონებს. ჯადოსნური ზღაპრის ატმოსფეროს სიურრეალისტური ობიექტები ამძაფრებს: ნაძერწი კარნიზი (ლავგარდანი) არარეალურად დიდი ზომის სოკოებით, კამფეტებითა და მსხლებით; უჩვეულოა ასევე ბანანის, მარწყვის, ლიმონისა და ქლიავის ფორმის სავარძლები. ფანტაზიის ასეთი მოულოდნელი აფეთქების პირობებში ზრდასრულებიც კი ბავშვებად გრძნობენ თავს. ბავშვებს კი, პირიქით, თამამად შეუძლიათ იგრძნონ თავი დიდებად – რადგან მათ ბავშვობას ამ შემთხვევაში ძალზე სერიოზულად მიუდგნენ.
მაღაზია Paul Smith-ი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
სერ პოლ სმიტის ვინტაჟური ავეჯისა და ინტერიერის თემისადმი სიყვარულის შესახებ ბევრს სმენია – ის განთქმულია თავისი ვიზიტებით ძველმანების ბაზრობებზე საინტერესო ნივთების პოვნის მიზნით, რომლებითაც შემდეგ მთელ მსოფლიოში მიმობნეულ საკუთარ მაღაზიებს აფორმებს, ყველაზე ძვირფასსა და ორიგინალურს კი ლონდონის რაიონ მეიფერში არსებულ თავის საფირმო ინტერიერის მაღაზიაში გზავნის, რომელიც დიზაინერებმა 2013 წლის სექტემბერში ააღორძინეს. იქ ახლა არა მხოლოდ საფირმო ფერადზოლიანი შპალერი და ასეთივე სკამები იყიდება, არამედ უკვე ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზიცაა გახსნილი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ მაღაზიის ინტერიერი თანამედროვე ბრიტანული ექსცენტრული გემოვნების აპოთეოზად გვევლინება. აქ ყველაფერი ძალიან ცოცხალი და მოულოდნელია: კიბე კობალტისფერი ლურჯია, მასზე დატანილი ზოლები კი – ვარდისფერი. ოთახებს შორის დერეფანი ხასხასა მწვანედაა შეღებილი, ქალის ფეხსაცმლის ოთახის კედელი კი დომინოს 30 000 ქვით არის დაფარული. მაღაზიის ექსტერიერსაც კი პოლ სმიტის ხელი და გემოვნება ატყვია: ქვაფენილი ფასადთან და თავად მაღაზიის ფასადი მეორე სართულამდე, მისივე ესკიზის მიხედვით, თუჯითაა მოპირკეთებული, რაც მნახველში სტაბილურობისა და სიმყარის განცდას ბადებს.
Concept Store Newsky (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
ეს ახალი სივრცე შოპინგის ახალი ფორმატისათვის ეკუთვნის სანქტპეტერბურგულ (რუსული საზომით – ძველ) კომპანია Babochka-ს. აქ განთავსებულია ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია, Fendi-ისა და Chanel-ის ორი ბუტიკი, ასევე წიგნისა და ყვავილების მაღაზიები, გაჯეტებისა და მუსიკალური სისტემების მაღაზია და საგამოფენო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ კომპანიის მფლობელს, ხატულია ავსაჯანაშვილს, არა იმდენად სავაჭრო, რამდენადაც საგამოფენო სივრცისა და განწყობის ხაზგასმა ჰქონდა მიზნად, როდესაც პროექტს მოსკოველ არქიტექტორსა და დიზაინერს, ბორის ბერნასკონის, უკვეთდა. სავაჭრო დარბაზი პროექტის განხორციელების შედეგად თანამედროვე ხელოვნების გალერეას დაემსგავსა, თანაც რომელიმე ძველ საამქროსა თუ გაუქმებულ საწყობში მოთავსებულს: ბეტონის კედლები, კედლის გასწვრივ საკომუნიკაციო სისტემების ღიად დარჩენილი მავთულები, ჭერში დამონტაჟებული პროჟექტორები და გარშემო მხოლოდ მეტალი, შუშა და კიბის კიდეებზე განთავსებული ელექტრონული ტაბლო მორბენალი სტრიქონებით. არტგალერეასთან მსგავსებას კიდევ უფრო აძლიერებს გასაყიდი საქონლის განლაგების სტილი – მუზეუმის და არა მაღაზიის შესაფერისი. აქ ავეჯიც გამორჩეულია: დიზაინერების ვლადიმირ კაგანის, ფაბიო ნოვემბრესა და ნაოტო ფუკასავას ნამუშევარი.
მაღაზია McQ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
მაღაზია McQ წინა ზაფხულს გარდაცვლილი ბრიტანელი დიზაინერის, დევიდ კოლინზის, ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია. თანამედროვე ფუფუნების ოსტატმა, გაწონასწორებულმა და ამავე დროს, ექსპანსიურმა, კოლინზმა McQ-ს ხაზის მაღაზიების კონცეფცია ალექსანდერ მაკქუინის მოადგილე სარა ბერტონთან ერთად შეიმუშავა. და მათ ეს პროექტი კონტრასტებზე ააგეს: ბეტონის დაუმუშავებელი, უხეში ზედაპირის საპირისპიროდ წარმოდგენილია მდიდრული ხავერდი და სპილოსძვლისფერი ფუმფულა ნოხები იატაკზე. ინტერიერის საყრდენი სვეტები ფოლადისგანაა ჩამოსხმული და ასევე უჟანგავი ფოლადის გაპრიალებული მოქლონებითაა მორთული. იატაკი უხეში, თითქოს სიძველისგან გამუქებული და კირით მოწამლული ხით არის დაგებული, კედლების ნაწილი კი იატაკი იაპონური ლაქითაა დაფარული და ძვირფასი ხის ხელნაკეთი დეტალებით მორთული. და ამ ბუდუარის ხაზგასმულ ბრუტალურობას აგვირგვინებს ფუტურისტული ჰაიტექ-ნივთები, მაგალითად, სარკე, რომელთანაც ჟესტიკულაციის დონეზეა შესაძლებელი გასაუბრება და რომლის საშუალებითაც მყიდველს შესაძლებლობა აქვს ვირტუალურად გადაავლოს თვალი, კოლექციის ყოველი ნივთი მოიზომოს და ფოტოც კი გადაიღოს რომელიმე სამოსში ვირტუალურად გამოწყობილმა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ატვირთოს და მეგობრებს გაუზიაროს.
კონცეპტუალური მაღაზია HIT Gallery (ჰონკონგი)
ფაბიო ნოვემბრე ახალ კრეატიულ გენიოსად აღიარებული მილანელი დიზაინერია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა HIT Gallery-ს იტალიური მულტიბრენდული ბუტიკების ქსელში. ეს ქსელი 50 ერთეულს ითვლის, მათგან 30 კი აზიის ქვეყნებშია განთავსებული. ნოვემბრე იტალიური დიზაინერულ-არქიტექტურული სკოლის კურსდამთავრებულია და, როგორც ამბობენ, საკმაოდ ბეჯითიც, თუმცა კლასიკურ ტრადიციებს ხშირად დიდად არ სწყალობს და ეს HIT Gallery-ს პირველ ბუტიკშიც აშკარად შეიმჩნევა. თეორიულად ყველაფერი ტრადიციულია: ნათელი სიმეტრიული გეგმა, ხუთი თაღისაგან შემდგარი ანფილადა, ერთი მთავარი წამყვანი ფერი და კლასიკური შავ-თეთრი იატაკი. რეალურად კი იატაკი ჩვეულებრივ ჭადრაკის დაფისებრი განლაგებით კი არ არის დაგებული, არამედ „ნაძვის ხის“ ნახატის შავ-თეთრი მარმარილოს მასშტაბურ წყობას წარმოადგენს; თაღები, რომლებიც XVI საუკუნის იტალიის შიდა ეზოებსა და მოედნებს მოგვაგონებს, სულ სხვა პროპორციებისაა, და მათი განმეორება მცირე სივრცეში არარეალურობის შეგრძნებას გვგვრის. ფერიც ასევე არაბანალურია – რთულად განსასაზღვრი მომწვანო-მოცისფრო. დასასრულს, სივრცის ცენტრში ორი დიდი სტელაჟი-ბიუსტი დგას ერთმანეთის პირისპირ – როგორც შემეცნებით ფანტასტიკასა და არქეოლოგიის ზღვარზე გაშეშებული სფინქსის ქანდაკებები, რომელთაც, როგორც ჩანს, დიდად არ სურთ საკუთარი წარმომავლობის საიდუმლოს გამჟღავნება.
Oldich Dress & Drink-ის ვინტაჟური ტანსაცმლის ბუტიკი ბარით (მოსკოვი, რუსეთი)
ეს ადგილი ანგლოფილებისთვისაა: იმიტომ კი არა, რომ აქ ბიგ-ბენის ფოტოს წააწყდებით, ან ბრიტანეთის დროშას შესასვლელში, არა, ინტერიერის ექსცენტრულობა მაქვს მხედველობაში, რომელსაც მხოლოდ ლა-მანშის მორე მხარეს თუ წააწყდებით. ბუტიკის მფლობელმა მაშა ჰეივორტმა დიზაინერ დევიდ კარტერთან ერთად მოსკოვში რუსეთის დედაქალაქისთვის უჩვეულო მიქსი შექმნა. Oldich-ში ერთმანეთშია არეული ძვირფასი და იაფფასიანი: ვიქტორიანული სტილი და contemporary art-ი, მოოქრული ჯვარცმები და მეშჩანური კანარის ჩიტუნები გალიაში, გოტიკური შავი კედლები და „миллион алых роз“-ის სტილში გადაწყვეტილი დეკორი; ათასნაირი ძველი და საკმაოდ გაქუცული ხარახურისა და ნამდვილი ანტიკვარიატის კიტჩური სინთეზი და ეს ყველაფერი ბრიტანული იუმორით შეზავებული. დარბაზში, მაგალითად, ტრუსებში გამოწყობილი კურდღლის საფრთხობელა მანეკენს ჩახუტებია. ტუალეტის შპალერზე პასტორალური სცენების სტილში ეროტული სცენებია გამოსახული. კიბე ჩამქრალი შავი ფერისაა და ძველი ჟურნალიდან ამოხეული ფურცლებითაა დაფარული. მოკლედ, შედიხარ და გახსენდება ერთდროულად პორტობელო-როუდი, სპიტაფილდ-მარკეტი და რესტორანი Les Trois Garcons-ი. თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ გასახსენებელი.
ბუტიკი Chanel-ი (ავენიუ მონტენი, პარიზი, საფრანგეთი)
ისეთი დიდებული მაღაზიების შექმნას, სადაც მნახველები, როგორც მუზეუმში, ისე მიდიან, ნამდილი გურუ სჭირდება. არქიტექტორი პიტერ მარინო უკვე დიდი ხანია, გარდაქმნის Chanel-ის ბუტიკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პარიზში, ავენიუ მონტენზე მან ააშენა მუზეუმი თუ არა, თეატრი მაინც. თითოეულ ოთახს ანტიკვარიატი და კომპანია შანელის მიერ სპეციალურად შეკვეთილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ამშვენებს. ძველებური ბუხრის პორტალი და ლუი XVI-ის სავარძლები მშვენივრად თანაარსებობს მხატვარ ჟან-მიშელ ოტონიელის ნამუშევართან – მურანული შუშისგან შესრულებულ მონუმენტურ Collier d’or blanc-თან, რომელიც დიდი მადმუაზელის ლეგენდარულ მარგალიტის სამკაულებს მეტ პოეტურობას მატებს. ყველაფერი დიდებული და სულისშემძვრელია: ყველგან ნამდვილი მთის ბროლის Goossens-ის ჭაღები და კედლებში ჩაშენებული მთის ბროლის თაროებია, ბრინჯაოს ავეჯი და ბრინჯაოთი მოპირკეთებული კარები, შავი და თეთრი მარმარილო, შავი გაპრიალებული გრანიტი და ფუმფულა ხალიჩები იატაკზე. და ოქროსფერი, ოქროსფერი… აქ ყველაფერი მოოქრულია: თაროები, კედლები, კარები, ავეჯი, კიბის მოაჯირები. შანელის საფირმო ტვიდიც კი ოქროს ძაფითაა ნაქარგი. შედეგი ასეთია: ავენიუ მონტენის N51-ში მოსულს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ოპერის თეატრში მოხვდი და არა ბუტიკში.
დატოვე კომენტარი