მარიამი პროექტების მენეჯერი, ფორბსის ბლოგერი და კონტრიბუტორია. მისი კვლევითი ინტერესებია მდგარდი ეკონომიკური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების მართვა საჯარო და კორპორატიულ დონეზე.

პოლიტიკური მარკეტინგი

პოლიტიკური მარკეტინგი

იყო დრო, როდესაც მარკეტინგი მხოლოდ ბიზნესისა და კომერციული სამყაროს შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა და მას არავითარი საქმე ჰქონდა სხვა მეცნიერებებთან, ისეთთან როგორიც არის მაგალითად პოლიტიკა, ხელოვნება, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. თუმცა, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ტენდენციები მნიშვნელოვნად შეიცვალა და კონკურენტული უპირეტესობის მოსაპოვებლად, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა მეცნიერებებმა ინტეგრაცია დაიწყეს. ნებისმიერ პროდუქტს, იქნება ეს თანამედროვე ხელოვნების ნიმუში თუ მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარი, შესაბამისი ბრენდის პოზიციონირება სჭირდება, იმისთვის, რომ იხილოს დღის სინათლე, გახდეს მოგებიანი და მიაღწიოს რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე. შესაბამისად, კარგად დაგეგმილ მარკეტინგულ სტრატეგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პოლიტიკა არის ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელიც სრულიად არაეფექტიანია თავის საკომუნიკაციო არხებში სათანადოდ ჩამოყალიბებული მარკეტინგული გეგმის გარეშე. მარკეტინგის კონსულტანტსა და სტრატეგიის სპეციალისტზე განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა არჩევნების დროს და პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს კლასიკური მარკეტინგული იარაღების გამოყენება თავიანთ აქტივობებში. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ორი სფეროს გაერთიანებით მივიღეთ ახალი მეცნიერული კონცეფცია – „პოლიტიკური მარკეტინგი“.

ტერმინი – პოლიტიკური მარკეტინგი – პირველად გამოიყენა მეცნიერმა სტენლი კელიმ, 1956 წელს გამოშვებულ წიგნში – „პროფესიონალური საჯარო ურთიერთობები“. სწორედ კელიმ აღნიშნა პირველად კომუნიკაციების კონსულტანტის საჭიროება პოლიტიკაში. თუმცა, კიდევ რამდენიმე ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მარკეტინგში აღნიშნული ტერმინის ზოგადი გამოყენება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მარკეტინგი ჩამოყალიბდა, როგორც ახალი სფერო, ის ჯერ კიდევ არ არის სიღრმისეულად შესწავლილი და პრაქტიკაში დანერგილი დისციპლინა.

პოლიტიკას სჭირდება მარკეტინგი. პოლიტიკური პარტიების ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ თავიანთი ხმა და გააგონონ თავიანთი იდეები, იმისათვის, რომ არამარტო მოიგონ ძალაუფლებისთვის პრძოლა, არამდ მოახდინონ მნიშვნელოვანი გარდატეხები თავიანთი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიაშიც კი. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები ვერ მოახდენენ სწორი ფორმით კომუნიკაციას, ისინი დაკარგავენ კოკურენტულ უპირატესობას თავიანთ მეტოქეებთან ბრძოლაში. მართალია, ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ თქვა:

„ერთი ამომრჩეველის უცოდინრობას შეუძლია ქვეყნის დემოკრატიისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდება.“

თუმცა ამომრჩევლის უცოდინრობა თავის მართლებისთვის არ და ვერ გამოდგება. ამ შემთხვევაში,  პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების პასუხიმსგებლობა ხდება, რომ აამაღლონ თავიანთი ამომრჩევლების ცნობიერება, ხელი შეუწყონ მათ განათლებას, მიაწოდონ სრულად ის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია არჩევნებში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული, თავის მხრივ, შესაძლოა, ეფექტურად გაკეთდეს სათანადოდ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის საშუალებით.

მსგავსებები ტრადიციულ და პოლიტიკურ მარკეტინგს შორის

ამერიკული მარკეტინგის ასოციაციის მიერ მარკეტინგი განსაზღვრულია შემდეგნაირად: „მარკეტინგი, ეს არის ინსტიტუტების აქტივობა, შექმნის პროცესი, კომუნიკაცია, მიწოდება, შეთავაზებების გაცვლა, რომელთაც აქვთ მნიშვნელობა მომხმარებლების, კლიენტების, პარტნიორებისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის.“ როგორც ჩანს, მოცემული კონცეფცია სრულ შესაბამისობაშია კომერციული ორგანიზაციების აქტივობებეთან, მაგრამ, არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ ის, შესაძლოა, კიდევ უფრო უკეთ შეესაბამებოდეს პოლიტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ  პოლიტიკაში სახეზე გვაქვს მარკეტინგულ კომპონენტთა მთელი სპექტრი. მაგალითად, პროდუქტის კომპონენტი – პოლიტიკური პროდუქტები არის დაპირებები იმ ცვლილებების შესახებ, რომლის მოხდენასაც პოლიტიკოსები გვპირდებიან თავიანთი გამარჯვების შემთხვევაში. ასევე, მომხარებლის კომპონენტი – პოლიტიკაში მომხმარებლი არის ამომრჩეველი, რომელიც თავის „ფულს“ – ხმას ცვლის პოლიტიკური დაპირებაში.

ბრენდის პოზიციონირება

იმისთვის, რომ წარმატებით წარიმართოს საარჩევნო კამპანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს სჭირდება, რომ მოხდეს მათი სათანადოდ შეფუთვა. საჭიროა, მკაფიოდ განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია და ნათლად ჩამოყალიბდეს თანმიმდევრული მესიჯები.  პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა და პოლიტიკოსებმა თავიდან უნდა აირიდონ გაურკვეველი და ორაზროვანი შინაარსის მატარებელი განცხადებები ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ბრენდინგის განხორციელბა, რომელიც არა მარტო ნათლად აყალიბებს საკომუნიკაციო ტონს, არამედ მისი საშუალებით იქმნება ისეთი რესურსები როგორიცაა ბანერები, ლიფლეტები და სხვა. თუ კარგად დააკვირდებით და ანალიტიკური თვალით შეხედავთ იმ ბეჭდურ რესურსს, რომელსაც პოლიტოკესები დღესდღეობით იყენებენ, აღმოაჩენთ თუ რა უმუზნოდ იხარჯება დიდი რაოდენობის ფინანსური რესურსები პოლიტიკურ კამპანიებზე, ბილბორდებზე, ფოტოგადაღებასა და ა.შ. მიუხედავად იმიას, რომ გარკვეულ კამპანიებს განსაზღვრული აქვთ უზარმაზარი მოცულობის ბიუჯეტი, წარმოუდგენელი სტრატეგიული საკომუნიკაციო შეცდომების დაშვება ხდება. ხშირ შემთხვევაში, ნათლად ჩამოყალიბებულიც არ არის, რა მესიჯის მიტანა უნდა მოახდინოს მარკეტინგულმა რესურსმა მომხარებლმადე, რომელიც, თავის მხრივ, ძვირფასი ფინანსური რესურსის აბსოლუტური მოცდენაა. მსგავსი ქმედებებით, პოლიტიკოსებს არა მხოლოდ თავიანთი თავის მიყვანა შეუძლიათ იმედგაცრუებამდე, არამედ თავიანთი მხარდამჭერებისაც.

საკომუნიკაციო არხები და სეგმენტაცია

უნდა აღინიშნოს, რომ საკომუნიკაციო არხები თანაბრად არ მუშაობენ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში. უფრო კონკრეტულად, თუ ერთი პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში ეფექტურია ერთი საკომუნიკაციო არხი, ის შეიძლება, სრულიად, უსარგებლო იყოს მეორესთვის. ნუ გაგიკვირდებათ, ყველაფერი სეგმენტაციამდე მიდის. საჭიროა ამომრჩევლის დიფერენცირება სწორედ ისე, როგორც, კომერციული ბიზნესის შემთხვევაში, მომხარებლის დაყოფა ხდება. იმ შემთხვევაში, თუ პარტია სერიოზულად ეკიდება არჩევნებში ბრძოლის საკითხს, მაშინ საკომუნიკაციო არხების შერჩევისას უხეში გათვლები და შემთხვევით შერჩევები ჯობია ოპონენტებს დარჩეთ. პარტია კარგად უნდა იცნობდეს თავის მომხმარებლებს, საჭიროა მათი ქცევის შესწავლა და სოციალური მახასიათებლების განსაზღვრა, იმისთვის, რომ კომუნიკაცია ეფექტურად წარიმართოს და მოგება შესაძლებელი გახდეს.

სწორი საკომუნიკაციო მესიჯების მნიშვნელობის დემონსტრირებისთვის კარგი იქნება თუ გავიხსენებთ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც პრეზიდენტის სავარძლის მოსაპოვებლად დაძაბულ ბრძოლაში ერთმანეთს კლინტონი და ტრამპი უპირისპირებდონენ.  აღნიშნულ კამპანიაში ჰილარი კლინტონის მესიჯები მიმართული იყო გარკვეული ჯგუფებისკენ როგორებიც არიან შავკანიანები, ლათინოსები, ქალები და ა.შ. მაშინ როდესაც ტრამპის სამიზნე ამერიკელთა უფრო დიდი ჯგუფი იყო, ის ეხებოდა უმეტესობა ამერიკელი ხალხის გრძნობებს. მისი მთავარი მესიჯი – გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული – თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც უმცირესობებისთვის, ისე მთლიანი საზოგადოებისთვის. ეს არის მაგალითი იმის დემოსტრირებისთვის, თუ როგორ უნდა იფიქრონ პოლიტიკოსებმა და მათმა მარკეტოლოგებმა საკომუნიკაციო მესიჯების ფორმულირების პროცესში.  

არჩევნები – ჭეშმარიტების მომენტი

კამპანიის დეტალური დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის შემდეგ ჭეშმარიტების მომენტი დგება, როდესაც მყიდველები სასურველ პროდუქტს ყიდულობენ ხმების გაცვლის საშულებით. შესაბამისად, სარგებლის სახით, ამომრჩეველი ელოდება თავისი და თავისი ოჯახისთვის უკეთეს ცხოვრებას.

არჩევნები და პოლიტიკური თამაშები კომპლექსური აქტივობებია, რაც მოითხოვს  შესაბამისი იარაღების, სპეციფიური სტრატეგიების ცოდნას, ასევე სჭირდება უზრმაზარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, იმისთვის, რომ მოხდეს სასურველი შედეგების მიღება. გამომდნარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იხელმძღვანელონ არა შემთხვევითი, არაობიექტურად შერჩეული, მათთვის ცნობილი პიარ საშუალებებით, როგორც ეს ხშირად ხდება, არამედ პროფესიონალი მარკეტინგული სტრატეგიის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომელბსაც გააჩნიათ აღნიშნული დისციპლინის ღრმა და ყოვლისმომცველი ცოდნა, რაც, საბოლოო ჯამში, წარმატების მომტანი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა