"ვარ სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი, ლექტორი. 12 წელია ვმუშაობ ბიზნესში, მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. პარალელურად, დაინტერესებული ვარ წერით, ხელოვნებით. მიმაჩნია, რომ ცვლილება იწყება ჩვენით".
“უშიშარი გოგონა” ბიზნესში
“უშიშარი გოგონას” ქანდაკება პირველად 2017 წლის 7 მარტს გამოჩნდა ნიუ იორკში, უოლ სტრიტის ცნობილი ბრინჯაოს ხარის წინ, წარწერით: “გესმოდეთ ქალების, როგორც ლიდერების მნიშვნელობა, ისინი ქმნიან განსხვავებას”. სკულპტურა კომპანია State Street Global Advisors-ის ინიციატივით დაიდგა კორპორაციებში გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშესაწყობად. ავტორის, ურუგვაელი ხელოვანის კრისტენ ვიზბალის ხედვით გოგონა ძლიერი, ამაყი და მამაცი ქალის სიმბოლოა. ქანდაკება არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის 18 Cannes Lions, Grand Effie და The Most Next Award. საერთაშორისო აღიარების პარალელურად, “უშიშარმა გოგონამ” აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია – საზოგადოების ნაწილმა ის “კორპორაციული ფემინიზმის” იდეად მოიაზრა, ნაწილმა კი – მისი ბავშვური იერსახე ქალის, როგორც ლიდერის იმიჯის დაკნინებად. ქანდაკება დღესღეობით მსოფლიოს 4 ქალაქშია.
ქალ ლიდერებსა და მათ მიმართ კორპორაციულ სამყაროში არსებულ განწყობებზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს Harvard Business Review. კვლევების თანახმად, ხშირად ორგანიზაციებში ქალებისგან ურთიერთგამომრიცხავ დამოკიდებულებას ელის საზოგადოება: ერთი მხრივ ქალი ლიდერის მიმართ მოლოდინი, მის მაღალ კომპეტენციასთან ერთად, მომთხოვნ ხასიათს უკავშირდება, მეორე მხრივ კი – ხასიათის სირბილეს. “შუალედური შეფასების მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მუდმივად ორი რადიკალური შეფასების ობიექტი ვიყავი”- იხსენებს HP-ის გენერალური დირექტორი კარლი ფიორინა, რომელიც დიდი ხნის ძიების შემდეგ (რადგან 1999 წელს ბიზნესის მმართველ რგოლში ქალი აღმასრულებელი არცთუ ხშირი მოვლენა იყო) თავის ცნობილ ფოტოზე აღბეჭდა ენი ლეიბოვიცმა.
თანამედროვეობის გამოჩენილი ფოტოხელოვანის ნამუშევრები ადამიანების შინაგანი სამყაროს, ემოციების, ფიქრების ამსახველი კალეიდოსკოპია – პიროვნული თვისებების და ხასიათის უნიკალური შტრიხების დემონსტრირება.
ლეიბოვიცმა პორტრეტებზე მუშაობა პირველად პროექტ “ქალების” ფარგლებში 1999 წელს დაიწყო: პოლიტიკაში, ბიზნესში, კულტურასა თუ სპორტში გამოჩენილი ქალბატონების გადაღებით. თავდაპირველად, ქალისა და მამაკაცის სეგრეგაციის იდეა რისკიანად ეჩვენებოდა, მეტიც პროექტი ოკეანის გადაღებას ჰგავდა, დასაწყისისა თუ დასასრულის ბუნდოვანებით. 2016 წელს, 17 წლის შემდეგ, ფოტოხელოვანმა UBS-თან პარტნიორობით კვლავ შექმნა ამჯერად “ქალები: ახალი პორტრეტები” კოლექცია, სადაც მისმა კამერამ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი მალალა იუსუფზაი, ჩოგბურთელი დები სერენა და ვინუს უილიამსები, Facebook-ის ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი, ხელოვანი მარინა აბრამოვიჩი და მრავალი სხვა წარმატებული ქალი ასახა. ლეიბოვოცის თქმით თავდაჯერება მარტივად შესამჩნევია ჩვიდმეტი წლის წინ გადაღებული ქალების პორტრეტებთან შედარებით-იგრძნობა კომფორტი საკუთარ თავთან. ფოტოები ადამიანების სულსა და საქმიანობაზე კონცეტრირდება. ავტორის აზრით პროექტზე მუშაობა უსასრულო აღმოჩნდა – ქალივით.
2016 წლის გამოფენა გალერეების ტრადიციულ ფორმატს გასცდა და ლონდონში მდებარე უეპინგის ჰიდრავლიკური ელექტროსადგურის შენობაში გაიხსნა, სადაც ვიზიტორებს პირადად ჰქონდათ ხელოვანებთან შეხვედრის, საკუთარი ისტორიების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
ბავშვობიდან სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის იდეით შთაგონებულმა ჟაკლინ ნოვოგრაცმა წარმატებული კარიერული გზა მიატოვა და აფრიკაში მიკროსაფინანსო ბიზნესი წამოიწყო, მალევე დარწმუნდა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არჩევანია, მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას კი ხელი არ მიუწვდებოდა საბანკო მომსახურებაზე მეწარმეობრივი პროექტების დასაფინანსებლად. ჰუმანიტარული დახმარების რესურსიც ნაკლებად ეფექტური იყო ამ შემთხვევაში. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ჟაკლინმა ვენჩერული ფონდი Acumen შექმნა და მეწარმეების დაფინანსება დაიწყო ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნების, ენერგეტიკის სფეროებში. ნოვოგრაცს მიაჩნია რომ თვისება, რომელიც მათი ფონდის მიერ დაფინანსებულ ადამიანებს აერთიანებს “მორალური წარმოსახვის” უნარია – სხვა ადამიანების ადგილას თავის წარმოდგენა, მათი პრობლემებისა და შესაძლებლობების დანახვა და ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ყველას საკუთარი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე შეეძლება კონტრიბუციის შეტანა. 15 წლის განმავლობაში, Acumen-მა 110 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ხელი შეუწყო 102 სოციალური საწარმოს შექმნას უგანდაში, კენიაში, პაკისტანში, ინდოეთში, კოლუმბიაში და ა.შ. კომპანიებმა თავის მხრივ, 60,000 ადამიანი დაასაქმეს, რითაც განათლება, ჯანდაცვა, სუფთა წყალი და ენერგო რესურსები ხელმისაწვდომი გახადეს 200 მილიონი ადამიანისთვის.
დაბრკოლებების მიუხედავად წარმატების მიღწევის კიდევ ერთი ისტორია იაპონელ ხელოვანსა და მწერალს “თანამედროვეობის ალისას საოცრებათა სამყაროში”, იაიოი კუსამას უკავშირდება. “რაც უფრო მეტს ვფიქრობ ჩემი, როგორც ხელოვანის როლზე, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულისა და მშვიდობის გაზიარებაა.” – ამბობს არტისტი.
მისი ნამუშევრები კონცეპტუალურ არტად მოიაზრება სიურეალიზმის, მინიმალიზმის, პოპ-არტის ელემენტებით. მათი მთავარი მახასიათებელი განმეორებადობაა. მძიმე ბავშვობამ, ფსიქიკურმა პრობლემებმა და ჰალუცინაციებმა ხელი ვერ შეუშალა ხელოვანს წარმატების მიღწევაში, პირიქით, ინსპირაციის წყაროდაც კი იქცა. სწორედ ჰალუცინაციით დანახული კოპლები წარმოადგენს მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ელემენტს. იაიოის კოლაბორაცია ბიზნესთან ლუი ვიტონის ბრენდის 2012 წლის კოლექციის შექმნას უკავშირდება.
იაპონელი ხელოვანის ცნობილი არტ ინსტალაცია “უსასრულობის სარკეებიანი ოთახი” სამყაროს ინსცენირებაა – აკვირდები მრავალფეროვნებას, სიჭრელე ყურადღებას ფანტავს, თითქოს იკარგები. თუმცა საკმარისია მცირე მოძრაობა შეასრულო და სარკეები შენს იმიტირებას წამიერად ახდენენ, ფერებიც აღარ გაბნევს, პირიქით, გეხმარება წარმოსახვის გაძლიერებაში. ამ დროს კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ბალანსის შენარჩუნებისა თუ წინსვლისთვის მთავარი მოძრაობაა და თუ სამყარო უსაზღვროა, ჩვენი შესაძლებლობებიც უსაზღვროა ამ სამყაროში…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2020
- on მარტი 19, 2019
- on იანვარი 30, 2019
- on ნოემბერი 14, 2018
- on ოქტომბერი 2, 2018
- on აგვისტო 28, 2018