ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი შედეგები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი შედეგები

გლობალიზაციის პროცესი განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს საერთაშორისო ვაჭრობასა და კაპიტალზე წვდომის საშუალებით. შესაბამისად აღნიშნულ პროცესთან ერთად გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოელ ინვესტორებს აქტივების უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას აძლევს, ხოლო ინვესტიციების მიმღებ ქვეყნებს უკეთესი ტექნოლოგიის ათვისების, საერთაშორისო წარმოების და სავაჭრო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს (Athukorala, 2003).

ბოლო ათწლეულში განვითარებადმა ქვეყნებმა განახოციელეს საინვესტიციო რეჟიმების მასიური ლიბერალიზაცია მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რადგან ინვესტიციების მოზიდვა განიხილება როგორც ეკონომიკური განვითარების, მოდერნიზაციის, შემოსავლის ზრდის და დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორად (OECD, 2002).

მიუხედავად ბევრი უპირატესობისა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიმღები ქვეყნის ეკონომიკისთვის შესაძლოა უარყოფითი შდეგიც ჰქონდეს. ამ სტატიაში მოკლედ იქნება შეჯამებული პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი გავლენა მიმღებ ქვეყანაზე.

ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებით ეფექტად განიხილება მისი პოზიტიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ფაქტორების მთლაინი პროდუქტიულობის და რესურსების ეფექტიანი გამოყენების ზრდის ხარჯზე.  უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ზრდის კაპიტალის მოცულობას და ამ გზით ხელს უწყობს გამოშვების ზრდას. იგი ასევე ხელს უწყობს მიმღები ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობით.

ადამიანისეული კაპიტალის განვითარება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის დასაქმებას და მნიშვნელოვანია ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისთვის. მაღალი პროდუქტიულობის გამო ხშრად ასეთი ტიპის დასაქმება უფრო მაღალ ხელფასებსა და უკეთეს სამუშაო პირობებს გულისხმობს. ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ და პროგრესული მენეჯმენტი გლობალურ ბაზრებზე ასეთი ტიპის წარმოების თავის დამკვიდრების საშუალებას იძლევა.

გადადინებს ეფექტები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი ეფექტი მიმღებ ქვეყანაში სხვა სექტორებზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გადადინების ეფექტია. ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ პროდუქტიულობის ზრდა თანამედროვე, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე ზრდის ადგილობრივი კომპაიების R&D ინიცატივებს.

კონკურენციის დონე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის კონკურენციის დონეს ადგილობრივ ბაზარზე და ამ გზით ხელს უწყობს მაღალ პროდუქტიულობას, ინოვაციებს, შედარებით დაბალ ფასებს და რესურების უფრო ეფექტიან გადანაწილებას.

ადგილობრივი ინვესტიციების გამოძევების ეფექტი. უცხოურ ინვესტიციებს შეიძლება ქონდეს ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნის ეფექტი. ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი ბაზრის ათვისების მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები ადგილობრივი კომპანიები მნიშვნელოვან კონკურენციას ხვდებიან, რადგან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიები დაბალი ზღვრული დანახარჯის გამო ზრდიან წარმოების მოცულობას და იზიდავენ მომხმარებელს. შემცირებული მოთხოვის გამო კი ადგილობრივი მწარმოებლები ამცირებენ წარმოების მოციულობას და მათი ფიქსირებული დანახარჯი ერთ ერთეულ წარმოებაზე იზრდება. მაგრამ თუ ინვესტიცია არის საექტსპორტი წარმოებაზე მიმართული მაშინ ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნის ეფექტი ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.

ზოგადად ადგილობრივი ინვესტიციის გამოდევნა ორი ძირითადი მიზეზის გამო ხდება: პირველი, როდესაც ადგილობრივი ფირმები ქრებიან უცხოელი კონკურენტების მაღალი პროდუქტიულობისა და ხარისხის გამო და მეორე, უცხოელი კონკურენტების მიერ ფინანსურ რესურსებზე და გარე ბაზრებზე  უკეთესი წვდომის გამო. პირველ შემთხვევაში წმინდა ეფექტი ქვეყნისთვის დადებითია, რადგან ბაზარზე რჩებიან მაღალი პროდუქტიულობის და ხარისხის ფირმები. მაგრამ მეორე შემთხვევაში ჩნდება სოცილაური დანაკარგი, რომლის აღმოფხვრაც ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებით ხორციელდება.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირდაპირ დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, მას საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა უარყოფითი გავლენა ქონდეს მიმდინარე ანგარიშზე. უცხოელი ინვესტორის მთავარ მიზანს ინვესტიციიდან მაქსიმალური მოგების მიღება წარმოადგენს. ინვესტიციის მიმღები ქვეყნის ზოგიერთი უპირატესობა (იაფი მუშახელი, ბუნებრივი რესურსები და სხვა) საშუალებას აძლევს ინვესტორს წარმატებული ბიზნესი აწარმოოს. მიღებული შედეგი კი ხშირად გადის ქვეყნიდან განაწილებული მოგების სახით, რაც საგადასახდელო ბალანსზე უარყოფით გავლენას ახდნს. გარდა ამისა უცხოური ინვესტიციები ხშირად ახალისებს იმპორტს და თუ არ არის მიმართული საექსპორტო პროდუქტის წარმოებაზე მაშინ გააუარესებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსს.

მიუხედავად განხილული ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტებისა ითვლება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად სარგებლობენ განხორციელებული ინვესტიციებისგან. პირდაპირი უცხოური ინვესტცია თავისთავად არ წარმოადგენს უპირატესობას ან ნაკლოვანებას, მისი დადებითი ეფექტი დამოკიდებულია მიმღებ ქვეყნაზე. 

გააზიარე