Airbnb-ი აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის (IPO) ემზადება. კომპანია მიზნად ისახავს $2.8 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვას, თითო აქციის ფასი $44-დან $50-მდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $30.6 მილიარდიდან $34.8 მილიარდამდე უნდა ვარირებდეს. წელს შემდგარი IPO-ებიდან გამომდინარე, არ იქნება გასაკვირი, თუ Airbnb-ის აქციების ფასი პირველ დღეს გადააჭარბებს წინასწარ დაგეგმილს.
Airbnb-ის სამი შემქმნელი მილიარდერი – ბრაიან ჩესკი, ნათან ბლეჩარჩიკი და ჯო გებია კომპანიაში თავიანთი წილის 1-1%-ს გაყიდიან, რაც 630 000 აქციას უდრის. აღნიშნულმა მათ დაახლოებით $28-28 მლნ უნდა მოუტანოს.
აქციების გაყიდვის შემდეგ ჩესკის, რომელიც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია, აქციების 11% დარჩება, ხოლო ბლეჩარჩიკს, რომელიც მთავარი სტრატეგიული ოფიცერია და გებიას, რომელიც მთავარი პროდუქტ-ოფიცერია, 10-10% დარჩებათ, რაც $3.1 მილიარდს უდრის.
შესაძლოა, ცოტათი გასაკვირი იყოს რომ Airbnb-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსება მაინც და მაინც წელს უნდა შედგეს, როდესაც კომპანიის ღირებულება $31 მილიარდიდან $18 მილიარდამდე დაეცა პანდემიის გამო. თუმცა, როგორც ჩანს კომპანია და ინვესტორები ელოდებიან, რომ სახლების გაქირავების კომპანია მალე აღიდგენს ძალებს და კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ხალხი დაიწყებს მოგზაურობას.
ცნობისთვის, კომპანიამ 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $2.5 მილიარდის ოდენობის შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც 48%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, კომპანიამ წმინდა მოგების სახით მესამე კვარტალში $219 მილიონი მიიღო, რაც მეორე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.
ჩესკიმ, ბლეჩარჩიკმა და გებიამ Airbnb-ი 2008 წელს სან-ფრანცისკოში დააარსეს, როდესაც თავიანთი ბინის გაქირავება დაიწყეს ერთ-ერთი კონფერენციის დროს.
დატოვე კომენტარი