საქართველოს ეკონომიკა ბოლო 8 წელიწადში

საქართველოს ეკონომიკა ბოლო 8 წელიწადში

2012 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას ეკონომიკაშიც გარკვეული ცვლილებები მოჰყვა. ეკონომიკური პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ის 2009 წლიდან დაწყებული ეკონომიკური პოლიტიკის მსგავსი იყო: ოფიციალურად ბიზნესის კეთების სიმარტივეზე ორიენტირებული ღია ეკონომიკა, სადაც პრიორიტეტი ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. თუმცა 2013 წლიდან, ეკონომიკური კუთხით, მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთთან ურთიერთობა. 2014-2015 წლებში გამოვიარეთ რეგიონალური კრიზისი და 2020 წელს „ქართული ოცნების“ მეორე ვადა პანდემიით „დაგვირგვინდა“.

2013 – 2020 წლების შეფასება ორ ნაწილად უნდა გაიყოს, პანდემიამდე ანუ 2019 წლის ჩათვლით და ცალკე 2020 წელი. 2019 წლამდე მიღწეული შედეგი ცალსახად იყო დაკავშირებული მთავრობის პოლიტიკასთან, რასაც ვერ ვიტყვით 2020 წელზე, კრიზისი მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეეხო. თუმცა, თუნდაც პანდემიის პერიოდში, მთავრობის მოქმედება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეკონომიკის შემცირების დონეს.

ეკონომიკური ზრდა და ერთ მოსახლეზე შემოსავალი

2012 წელს საქართველოში ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 8,162 ლარი იყო. 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების მიუხედავად, ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდებოდა და 2019 წელს 10,835 ლარი შეადგინა. რიცხვები აღებულია რეალურ ლარებში (2015 წლის ფასებში) ანუ ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირების გათვალისწინებით (ეს არის ყველაზე სწორი შედარება, როდესაც ქვეყნის შიგნით შემოსავლების ცვლილებას ვაკვირდებით). 2020 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 5%-ით შემცირდება და 10,300 ლარამდე იქნება.

მოსახლეობის შემოსავლის მატებას ეკონომიკური ზრდა განსაზღვრავს, რომელიც 2011-2012 წლებში საშუალოდ 6.9% იყო, ხოლო 2013-2019 წლებში – საშუალოდ 4.1%. 2019 წლამდე რომ 2012 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულიყო, 2019 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი არსებულზე 41%-ით მეტი, 12,600 ლარი იქნებოდა. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელს, რომელიც “ძალიან კარგი წელი“ უნდა ყოფილიყო, ეკონომიკა მხოლოდ 2.9%-ით გაიზარდა, რაც 2013- 2019 წლების მინიმალური მაჩვენებელია.

მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით შემცირდება.

უმუშევრობა და დასაქმება

საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, რაც ეკონომიკის სიმცირითაა გამოწვეული. მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვნად ზრდა დაძლევს უმუშევრობის პრობლემას, სხვა არაფერი! განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც უმუშევრობა ნაკლებად აწუხებთ, მთავრობის საქმიანობის შეფასების ერთ- ერთი ანგარიშგასაწევი მაჩვენებელი სამუშაო ადგილების ზრდაა. გამომდინარე იქიდან, რომ 2013-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით არ იზრდებოდა, დასაქმებულთა რაოდენობა სულ 30,700-ით გაიზარდა.

დასაქმებულთა რაოდენობამ პიკს 2015 წელს მიაღწია – 1,734 ათასს, მას შემდეგ კი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43,600-ით შემცირდა. დასაქმებულთა რაოდენობა ორი ნაწილისგან შედგება: დაქირავებით დასაქმებული და თვითდასაქმებული. თვითდასაქმებულები მოიცავს სოფელში საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, ტაქსის მძღოლებს, რეპეტიტორებს, ბაზრობებზე და გარევაჭრობაში დასაქმებულებს და ა.შ. 2015 წლის შემდეგ დასაქმებულთა შემცირება სწორედ თვითდასაქმებულთა კატეგორიის კლებამ განაპირობა, რომელიც 88 ათასით შემცირდა, ცალკე აღებული დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 51 ათასით გაიზარდა. თუმცა 2019 წელს პირიქით მოხდა, დაქირავებულების რიცხვი შემცირდა 11 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულებისა 7 ათასით გაიზარდა.

ზოგადად, მოსახლეობის აღქმაში დასაქმებული დაქირავებით დასაქმებულს ნიშნავს და თუ მხოლოდ ამ კატეგორიას დავაკვირდებით, ის 2013-2019 წლებში წლიურად საშუალოდ 19 ათასით იზრდებოდა. ასეთი ტემპით, ოფიციალურად უმუშევართა სტატუსის მქონე ადამიანების დასაქმებას 12 წელი დასჭირდება. ოფიციალურ უმუშევრებში საქსტატის კლასიფიკაციით დათვლილი უმუშევრები იგულისხმება, ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და ვერ პოულობს. ამ დროს, საქართველოში თავს უმუშევრად მილიონზე მეტი ადამიანი თვლის. წელიწადში 19 ათასის დასაქმებით რეალურ უმუშევრობას 53 წელიწადში დავამარცხებთ.

          

უმუშევრობის დონე, რომელიც საქსტატის მიერ უმუშევრად ჩათვლილი მოსახლეობის სამუშაო ძალასთან ფარდობით გამოითვლება, 2012 წელს 17.2% იყო, 2019 წელს კი – 11.2%. უმუშევრების რაოდენობა 124 ათასი კაცით შემცირდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, დასაქმება მხოლოდ 31 ათასით გაიზარდა. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა – 73 ათასი ადამიანი სამუშაო ძალიდან გავიდა, ამიტომ ისინი აღარ ხვდებიან უმუშევრების სტატისტიკაში. სამუშაო ძალიდან გასვლა ნიშნავს, რომ არ მუშაობს, მაგრამ არც ეძებს სამსახურს. საქსტატის მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვი საქართველოში 1.1 მლნ-ზე მეტია. მალე ძალაში შევა უმუშევრობის დათვლის ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, დღეს თვითდასაქმებულად ჩათვლილთა ნაწილი უმუშევრად ჩაითვლება, რაც უმუშევრობის დონეს საგრძნობლად გაზრდის.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკური კრიზისის გამო, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 40 ათასით შემცირდება.

ფასების ზრდა და ლარის კურსი

საქართველოში ძალიან აქტუალურია სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა (ინფლაცია) და ლარის გაუფასურება. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით 2019 წლის ბოლოს სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 29.2%-ით იყო გაზრდილი. საშუალო წლიური ინფლაცია 3.8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ფასები კიდევ 2.5%-ით გაიზარდა და 2012 წლის შემდეგ ჯამურმა მატებამ 32.4% შეადგინა.

ბოლო რვა წელიწადში ყველაზე მეტად თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქცია გაძვირდა – 116%-ით. 53%-ით მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის ფასმა, რაც მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას მოიცავს. 48%-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. მნიშვნელოვნად მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასია შემცირებული – 23%-ით.

          

ინფლაცია ბოლო რვა წელიწადში

2012 წლის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო, 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე კი ლარი 100%-ით გაუფასურდა, ანუ ერთი დოლარი ახლა 2-ჯერ მეტი ღირს. ლარის გაუფასურება და კურსის მაღალი მერყეობა ბოლო წლების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რადგან მოსახლეობას გაუძვირა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები, მთავრობასა და კერძო სექტორსაც გაუძვირა უცხოურ ვალუტაში აღებული საგარეო სესხები, ხელი შეუწყო ფასების ზრდას, ბიზნესში შექმნა არასტაბილურობისა და გაურკვევლობის მოლოდინი.

საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი

2012 წელს საქართველოს ექსპორტი 2.4 მილიარდი დოლარი იყო. 2013-2014 წლებში ნახევარი მილიარდით გაიზარდა, საიდანაც 227 მლნ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, 271 მლნ კი – ევროკავშირზე.

2015 წლიდან რუსეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ექსპორტმა შემცირება დაიწყო, თუმცა 2017 წლიდან ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და 2019 წელს 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2013-2019 წლებში ყველაზე მაღალი ზრდა შემდეგ ქვეყნებზე მოდის: ევროკავშირი – 466 მლნ დოლარი, რუსეთი – 450 მლნ დოლარი, ჩინეთი – 197 მლნ დოლარი, სომხეთი – 174 მლნ დოლარი. მნიშვნელოვანი კლება კი ორ ქვეყანასთანაა, აზერბაიჯანთან ექსპორტი 118 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო აშშ- თან 94 მლნ დოლარით.

2012 წლის შემდეგ, 2019 წლის ჩათვლით, იმპორტი დაახლოებით იმავე მოცულობით გაიზარდა (1.5 მლრდ დოლარით), რამდენითაც ექსპორტი, და სავაჭრო დეფიციტი 5.7 მილიარდი დოლარის დონეზე შენარჩუნდა.

იმპორტი ყველაზე მეტად, 500 მლნ დოლარით, რუსეთიდან გაიზარდა. 465 მლნ დოლარით გაიზარდა აშშ- დან, 244 მლნ დოლარით – ჩინეთიდან და 197 მლნ დოლარით – სომხეთიდან.

2020 წლის იანვარ- ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი – 17%-ით. უარყოფითმა ბალანსმა კი 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის მილიარდი დოლარით ნაკლებია 2019 წლის იანვარ- ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე.

          

საგარეო ვაჭრობაში -5.7 მილიარდი დოლარის ბალანსი ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ვაჭრობის შედეგად, აღნიშნული თანხით ნაკლები შემოსავალი შემოდის, ვიდრე გადის. ბოლო წლებში ამ დანაკლისს მნიშვნელოვნად ამცირებს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში ბოლო ათწლეულის ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. 2012 წლამდე და შემდეგ ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდებოდა. ყველაზე დაბალი ტემპით 2014 წელს გაიზარდა – 2.7%-ით, როდესაც საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, თუმცა მალევე მიხვდა თავის შეცდომას და სავიზო რეჟიმი ისევ გაამარტივა, რის შემდეგაც ტურიზმმა სწრაფი ზრდა დაიწყო. საბოლოოდ, 2019 წელს 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში 2-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა, სულ 9.4 მლნ ადამიანი. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2012 წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო.

2012 წლის შემდეგ ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა – 1.1 მლნ ვიზიტორით. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 727 ათასი ვიზიტორით და სომხეთი 616 ათასი ვიზიტორით. 2012 წლის შემდეგ ვიზიტორების მნიშვნელოვანი შემცირება მხოლოდ თურქეთიდან დაფიქსირდა – 2019 წელს 84 ათასით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე 2012 წელს.

პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ვიზიტორების რაოდენობა 95%-ით შემცირდა.

უცხოური ინვესტიციები

რადგან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს და, ამასთან ერთად, მაღალი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

2013 წელს ინვესტიციები დაახლოებით 2012 წლის დონეზე იყო. 2014- 2015 წლებში გაიზარდა და წელიწადში საშუალოდ 1.8 მილიარდი დოლარის შემოდიოდა, რაც მნიშვნელოვნად იყო განპირობებული შაჰ- დენიზ 2-ის მილსადენის მშენებლობით (სულ ამ პროექტმა 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შემოიტანა). 2018-2019 წლებში ინვესტიციები დაახლოებით 30%-ით შემცირდა. 2012 წელთან შედარებით კი 2019 წელს 25%-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ზოგადად, რაც უდრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტი ინვესტიცია სჭირდება ზრდის ტემპის შესანარჩუნებლადაც კი.

2013-2019 წლებში ყველაზე მეტი ინვესტიცია – 2.3 მილიარდი დოლარი – აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 1.5 მილიარდი დოლარით და შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი 1.4 მილიარდით. სამივე ეს ქვეყანა ჩართულია ტრანსკავკასიური მილსადენების მშენებლობაში. მე-4 ადგილზე თურქეთია 900 მლნ დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2013-2019 წლებში ყველაზე მეტი ინვესტიცია – 2.7 მილიარდი დოლარი – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში შემოვიდა, რადგან ის მოიცავს მილსადენ ტრანსპორტს. 1.5 მილიარდი დოლარი შემოვიდა საფინანსო სექტორში, 1.4 – ენერგეტიკაში და 1.1 – მშენებლობაში. ყველაზე ცოტა, 71 მლნ დოლარი, სოფლის მეურნეობაში შემოვიდა, რაც მთავრობის “დამსახურებაცაა“ უცხოელებისთვის მიწის ფლობის უფლების ჩამორთმევიდან გამომდინარე.

2020 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 26%-ით შემცირდა.

საგარეო ვალი და სახელმწიფო ვალი

2012 წლის ბოლოს საქართველოს 13.4 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი ჰქონდა. აქ იგულისხმება მთავრობისა და კერძო სექტორის საგარეო ვალების ჯამი. 2019 წლის ბოლოს კი საგარეო ვალი 18.6 მილიარდი დოლარი იყო, 7 წელიწადში 5.2 მილიარდით გაიზარდა. მათ შორის, მთავრობის ვალი 1.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო კომპანიების – 400 მლნ დოლარით. 2 მილიარდით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალდებულებები და დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა დანარჩენი კერძო კომპანიების საგარეო ვალი.

          

          

ვალის ეკონომიკისადმი ტვირთის მაჩვენებელს მისი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა აჩვენებს, რომელიც 2012 წლის ბოლოს 81.4% იყო და 2019 წლის ბოლოსთვის 106.7% შეადგინა. ვალის ტვირთის მაჩვენებლის ზრდა, ახალი ვალების აღებასთან ერთად, დაკაშირებულია მშპ-ის ზრდის ტემპთან და ლარის კურსთან.

2020 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვალი 133 მლნ დოლარით გაიზარდა და 18.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ცალკე აღებული მთავრობის ვალი 430 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ კერძო სექტორის დავალიანება შემცირდა 295 მლნ დოლარით.

საქართველოს საგარეო ვალი

საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვალებს მოიცავს, 2012 წლის ბოლოს 8.4 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ის მიმართ 30.8%. 2019 წლის ბოლოს კი 20.7 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ის მიმართ 42%.

2013 – 2019 წლებში იზრდებოდა როგორც საგარეო სახელმწიფო ვალი, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი. ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსის დაცემამაც განაპირობა. ძირი თანხა საშინაო სახელმწიფო ვალის უფრო გაიზარდა, 2012 წლის ბოლოს 1.2 მილიარდი ლარი იყო, 2019 წლის ბოლოს კი 3.5-ჯერ მეტი, 4.2 მილიარდი ლარი.

პანდემიის გამო ვალების ზრდის ტემპი გაიზარდა. 2020 წლის 10 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო – 1.3 მილიარდი დოლარით. ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 58%-ს მიაღწია.

შეჯამება

2013 – 2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა 32%-ით გაიზარდა და, შესაბამისად, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც გაიზარდა. თუმცა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ქვეყნიდან (2010-2012 წლები) საქართველო საშუალო ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა გახდა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული შესაძლებლობები და დრო დაიკარგა ქვეყნის უფრო სწრაფად გამდიდრებისთვის. მეტიც, რადგან საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი არ ჰქონდა, უმუშევრობის პრობლემა შვიდი წლის შემდეგაც ყველაზე აქტუალურ პრობლემად დარჩა. ბოლო წლებში არსებული უმუშევრობის შემცირების ტემპით უმუშევრობა საქართველოში ფაქტობრივად არასდროს დაიძლევა, თუ ქვეყნის მოსახლეობამ ემიგრაციის ხარჯზე კლება არ განაგრძო.

ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები და ლარი დოლართან 100%-ით გაუფასურდა. ფასების ზრდა და ლარის კურსის ვარდნა მოსახლეობის გარვეულ ჯგუფებს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა.

          

          

2013-2019 წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა საგარეო ვაჭრობის კუთხით (განსაკუთრებით, ექსპორტის ზრდით) და, შეიძლება ითქვას, წარმატებას მიაღწია ტურიზმის სექტორში. თუმცა როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის ზრდაში მაღალია რუსეთის წილი. ერთი მხრივ, რუსეთიდან შემოსავლები გაგვეზარდა, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოება შესუსტდა, რადგან რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. თუმცა 2020 წელს მიმდინარე პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთზე შემცირებულ დამოკიდებულებას (მაგალითად, განულებული ტურიზმი), მძიმე ეკონომიკურ პირობებშიც კი გაუძლოს.

2013-2019 წლებში მიღწეული ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მდგრადი და ცალსახად პოზიტიური იქნებოდა, მასში მნიშვნელოვანი წვლილი კერძო სექტორის საგარეო ვალისა და სახელმწიფო ვალის ზრდას რომ არ შეეტანა. საქართველოს საქონლისა და მომსახურების საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რასაც ემიგრანტების გადმორიცხული ფულით, უცხოური ინვესტიციებით და ახალი საგარეო ვალების აღებით აბალანსებს. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა სავალო მდგომარეობა და 2021 წელს მთავრობის ვალი კრიტიკულ დონეს, მშპ-ის 60%-ს გადასცდება. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი კი უკვე მშპ-ის 107%-ია და ისევ მატულობს. ასეთი დავალიანება ქვეყნის ეკონომიკას საგარეო შოკებისა და ლარის კურსის მერყეობის მიმართ უფრო მეტად სუსტს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ვარდნა ძირითადად პანდემიის ბრალია, 2020 წელს ან მომდევნო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების სწრაფად ზრდა მოსალოდნელი არ იყო, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფუნდამენტური პრობლემები თუ უარესდება, თორემ არ უმჯობესდება, ესენია: განათლების დაბალი დონე, სასამართლო სისტემა, საერთაშორისო ლოგისტიკის შეზღუდულობა და რუსული ოკუპაცია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *