"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რა (აღარ) მოხდა 2020-ში?!

რა (აღარ) მოხდა 2020-ში?!

მართლაც, რა (აღარ) მოხდა გასულ წელს? ბოლოდან დავიწყოთ: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ანუ ბრექსიტი საბოლოოდ გაფორმდა. არ მგონია, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, მაგრამ 2019 წლის ბოლო დიდი სიახლეც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა იყო. ასე იყო თუ ისე, საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის კანადასთან არსებული პირობების მსგავსი სავაჭრო შეთანხმება შედგა; დიდი ბრიტანეთი არც ინგლისურად გავიდა, არც კარი გაიჯახუნა, სევდანარევი გამოსამშვიდობებელი განცხადებებიც გაკეთდა, მეგობრული ურთიერთობების ახალ ფორმატში გაგრძელებაზეც ბევრი ითქვა და… ფინანსურმა და ბიზნეს სამყარომაც შვებით ამოისუნთქა.

ახლა დიდი ბრიტანეთის დღის წესრიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან მსგავსი შეთანხმებების მოლაპარაკება და გაფორმება დგება. აშშ-თან, ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის ურთიერთობების აწყობის გათვალისწინებითაც კი შეთანხმების მიღწევა მაინც უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ჩინეთთან, რომელთანაც ტრამპის ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევით “ჰუავეი“-სთან დადებული შეთანხმების გაუქმების პროცედურების დაწყების გამო ურთიერთობები გაცილებით უფრო რთული იქნება.

როგორი იქნება ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ბირთვული სახელმწიფოს – აშშ-სა ჩინეთის ურთიერთობები აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირობებში? შექსპირისეულად რომ ვიკითხოთ, ომი თუ მშვიდობა – საკითხავი ახლა ეს არის. ცხადია, და რა თქმა უნდა, იმედია, ომს პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ბოლო მონაცემებით ჩინეთმა შეიძლება აშშ-ს ეკონომიკას დაგეგმილზე ადრე, 2032 წელს გადაასწროს; აგრეთვე, თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფას მსოფლიო მასშტაბით, ხოლო ჩინეთი განსაკუთრებით ამ წლის განმავლობაში გააქტიურდა ჰონგ კონგსა და ტაივანზე წნეხის, ასევე უიღური უმცირესობის „აღზრდის“ მიმართულებით, ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუარესებას უფრო უნდა ველოდოთ, ვიდრე გაუმჯობესებას. მაგალითად, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს ადმინისტრაციის საყურადღებოდ საკმაოდ ხისტი განცხადება გააკეთა: “ტაივანი იქნება წითელი ხაზი ჩინეთთან ურთიერთობაში“. მოკლედ, ცივი ომის ნიშნები აშკარად სახეზეა და შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენი კლასიკური ქართული გამოთქმა “აქ ამბავი ატყდება, დედა შვილს ხელში არ აიყვანს“ ზედგამოჭრილი გამოდგეს.

ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურე იყო, არის და იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. 2019-ში ისეთი ამბები იყო და ეს წელიც ისე დაიწყო, ახალი მსოფლიო ომის დაწყებაზე უკვე ღიად ლაპარკობდნენ და ემზადებოდნენ, მაგრამ მერე იყო… ახალი კორონა. სრული სერიოზულობით ამბობენ მცოდნენი, გლობალურმა პანდემიამ გლობალური ომი აგვაცილაო. მაგით მაინც დავიმშვიდოთ თავი, რომ ეს მსხვერპლი კაცობრიობამ უფრო დიდი ნგრევის და უბედურების თავიდან ასაცილებლად გაიღო. ამასობაში, ისევ ტრამპის ადმინისტრაციის აქტიური დიპლომატიის წყალობით, ათწლეულები რომ ერთმანეთს არ სცნობდნენ და აღიარებდნენ, ისეთმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ურთიერთობების აწყობა. 2020-მდე ისრაელს არაბული სამყაროდან მხოლოდ ეგვიპტე და იორდანი აღიარებდნენ, წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მას მერე რაც არაბთა გაერთინებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა, სუდანმა და მაროკომ ოფიციალურად სცნეს ისრაელი. წლის ბოლოს მათ ბედნიერების ინდექსის “ჩემპიონი“ ბუტანიც შეურთდა. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ისრაელის აღიარებების ტენდენცია გაგრძელდება და მათ შორის შეიძლება საუდის არაბეთიც კი იყოს. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში რომ დარჩენილიყო, თამამად შეიძლებოდა გვეფიქრა, ანტი-ირანული საომარი კოალიცია იქმნება თქო, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეს ნაკლებ სავარაუდოა. უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ აშშ კვლავ შეურთდება 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას.

პანდემიამ გადაავადა ან შეაფერხა ბევრი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეგმები. ერთი სახელმწიფო, ვინც მათ შორის ნამდვილად არ არის, თურქეთია. სადაც არ გაიხედავდი ამ წელს, ყველგან თურქეთი და მისი პრეზიდენტი ერდოღანი იყო. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო, რა თქმა უნდა, ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის განსაკუთრებული და გადამწყვეტი აქტიურობა იყო. მომავალ წელსაც ბევრჯერ მოხვდება მსოფლიო “ჰედლაინებში“ ცნობები თურქეთის შესახებ. მას არც ჩვენი კიდევ ერთი მეზობელი – რუსეთი ჩამორჩება. დემოკრატიული თანამეგობრობა ფაქტიურად უკვე იმყოფება ცივი ომის მდგომარეობაში, რაც წესით კარგა ხნის წინაც უნდა მომხდარიყო. ნავალნისთვის “კოკა-კოლაში“ ჩაყრილი “ნოვიჩოკი“ ბოლო წვეთი გამოდგა. რუსეთიც თავის მხრივ საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებში განაგრძობს ქცევასაც და განცხადებების კეთებასაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კათოლიკური შობის დღეს მისი დიდი წინამორბედის ანდრეი გრომიკოს სტილში განცხადებებით შეუტია ევროკავშირს და მასთან დიალოგის დროებით შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. აშშ-თან ურთიერთობებში რაიმე პოზიტივის შესაძლებობაც კი გამორიცხულია. მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს მათ შორის კარგი, ეს არის სტრატეგიული შეიარაღების შესახებ არსებული შეთანხმების ვადის გახანგრძლივება.

ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე 7-წლიან ბიუჯეტზე და კოვიდის შედეგების აღმოსაფხვრელ 700-მილიონიან პაკეტზე მოლაპარაკება შეძლო. ამას ასე განსაკუთრებულად არც გამოვყოფდი, რომ არა ევროკავშირის შიგნით არსებული არცთუ ისე მარტივი ურთიერთობები პოლონეთთან და უნგრეთთან. ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან წევრ-ქვეყნებთან ურთიერთობებს, რათა დომინოს პრინციპით დეზინტეგრაციის საფრთხე თავიდან აიცილონ. შიდა პრობლემების გარდა, ევროკავშირისთვის მომავალ წელს კვლავინდებურად თავისტკივილი იქნება თურქეთი, სანერვიულო იქნება ჩინეთი, რუსეთზე კი ზემოთ მოგახსენეთ.

მოკლედ, გლობალური ამბები არც გაისად მოგვაკლდება, მთავარია ახალი ვირუსი ან რამე უარესი ნუ იქნება. ონლაინ სწავლა, ონლაინ დისკუსიები, ონლაინ სამიტები, იმიტირებული ფრენა თვითმფრინავით… ეს ყველაფერი ამ წელს და ჩვენს თავს იყო. Enough is Enough!

ბედნიერ დღესასწაულებს, მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ! შევხვდებით 2021-ში! 

გააზიარე