ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

კუს ფეხი

კუს ფეხი

2004 წელს ბოლოჯერ ვიყავი რუსეთში. მაშინ Ernst & Young-ში ვმუშაობდი და მოსკოვის გარეუბანში ამ მულტი-ნაციონალური ორგანიზაციის კონფერენცია ტარდებოდა. პარალელურად, კონფერენციის მონაწილე ოფისებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

როგორც გაირკვა, რუსეთის Ernst & Young-ს სერიოზული გუნდი ჰყავდა – თავისი ფორმებით, ბაზით, მწვრთნელებით, შეკრებებით, დაფინანსებით… პერიოდულად, საერთაშორისო შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას (შვეიცარიაში, საბერძნეთში) და შინ, როგორც წესი, გამარჯვებული ბრუნდებოდნენ. სხვა გუნდები იქვე, სახელდახელოდ შევგროვდით (არც ვიცოდით, ასეთი რამ თუ იგეგმებოდა).

რუსებს, ცხადია, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ყველას თავის ადგილს მიუჩენდნენ და მერე მეგობრულად ანუგეშებდნენ, როგორც მზრუნველ „უფროს ძმას“ შეეფერება. ამისთვის ყველაფერი მზად იყო. თამაშებისას, მოედნის კიდესთან მათი კრემისფერკოსტუმიანი ტრენერი იდგა და, ასევე კრემისფერი, ბოლოსკენ წაწვეტებული ნასვრეტებიანი ტუფლებით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გასცქეროდა საფეხბურთო ჰორიზონტს. ახლა რომ ვიხსენებ, მისი უმაზალოესი სოვიეტური ულვაში ძალიან ჰგავდა კალაძის პოლიტიკური კარიერის საწყის ეტაპზე მოშვებულ ექსპერიმენტულ ნაზარდს, რომელიც, პოლიტიკოსის იმიჯის ძიებაში, საბოლოოდ მაინც გამოირიცხა.

ტურნირის ფინალში მასპინძლებთან შესახვედრად დსთ-ის ნაკრები გავიდა, რომელშიც ვთამაშობდით მე, ზურა ქილიფთარი (ორივე დაცვა), ჩემი ძმა სანდრო (შეტევაში), ერთი უკრაინელი ბიჭი (ასევე შეტევაში), ყაზახი მეკარე და კიდევ ერთი ბელარუსი ჯეელი, დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

                                     

მოედანზე ყოველგვარი მოლოდინების გარეშე გავედით. რაღაცნაირად ისე აეწყო, რომ პირველი წუთიდანვე ყველამ იდეალურად მოირგო თავისი როლი: ჩაჭრა ან ართმევა საკუთარ საჯარიმოსთან, გრძელი ან გამჭოლი პასი წინ, იქ კი სანდრო და ჩვენი უკრაინელი ისე ათრევდნენ რუსებს, საყურებლადაც საცოდაობა იყო.

მოკლედ, 8:0-ზე გავუშვით პირველი გოლი. საბოლოოდ, მატჩი 12:3 დასრულდა.

რუსებს დანა პირს არ უხსნით. მათი კაპიტანი, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე თავმომწონე ზღვის ცხენივით დახტოდა მინდორზე, კუთხურის ალამთან მიესვენა და თვალებზე ხელაფარებული რაღაცას ბუტბუტებს. კრემისფერი რაინდი ბრაზს ვერ მალავს: ვი უნიზილი ნაშე ნაციანალნაე დასტოინსტვოო, იმეორებს და ჩვენი სკამის წინ ბოლთას სცემს, გეგონება ახსნას ან ბოდიშს ელის.

ხო. უნიზილი. მერე? – ქართულ ფრაქციაში უმალ პასუხის რამდენიმე ვარიანტი დაიყარა: სანდრო ამბობს, იქნებ ვკითხოთ, “ამჩემპუტინს“ ერთად იწერება თუ ცალ-ცალკეო. ზურა კითხულობს, ამ კაცს რო ვუთხრა, “ია ნი ხაწელ შაირავაწ, ტი მინია ზასტავილ“, ნეტავ, თუ გაიგებსო?

ვერ გაიგებდა და შევეშვით.

საღამოს, გალა ვახშმის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სცენაზე თასისა და მედლების მისაღებად რომ ავედით, ჩვენთან ერთად, ვიღაც შავი, ვობლასავით გამომშრალი სომეხი ბიჭი გაეძრო. ვერავინ იცნო. მეთქი ვინ ხარ, ბრატ ჯან?

– კაკ კტო, ია ტოჟე ვ ვაშეი კამანძე ბილო.

ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე – შეცვლაზე ნაღდად არ მჯდარა, მარა იქნებ განაცხადში იყო თქო, ვიფიქრეთ. ვერც ეგ გავიხსენეთ, მაგრამ ყველა უკვე მოსალოდნელ ღრეობაზე ფიქრობდა და ენიგმატური კავკასიელი მალევე დავივიწყეთ.  

ჩვენ კი დავივიწყეთ, მაგრამ რუსები რას გაატარებდნენ? – ონ კტო ტაკოი? მიადგა ზღვის ცხენი სანდროს და მოძმეზე ანიშნა. სანდრომ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა, მე რა ვიციო. – ონ შტო, ტოჟე ნას აბიგრალ?!

                                     

ჩვენგან რომ პასუხი ვერ მიიღო, უკვე გვარიანად მთვრალი რუსთ კაპიტანი პირდაპირ ამ სომეხს მიუბრუნდა და გაუჭედა – მაიცა, ანუ შენც მოგვიგეო!?

…ის თასი და მედლები დღესაც ამაყად ამშვენებს ჩვენს ოფისს, როგორც ერთმორწმუნეთა გამწარების ტკბილი სიმბოლო და რუსეთში ბოლო ვოიაჟის რელიკვია. სანდროსაც სადღაც უხუნდება მისთვის კბილების ღრჭიალით გადაცემული სიგელი – “ნაძეჟდა გრუზინსკავა ფუტბოლა“ (სიტყვამ მოიტანა და, ნათელში ამყოფოს!).

მაგრამ ეს ისტორია სულ სხვა რაღაცამ გამახსენა.

31 ოქტომბრის “საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ ზოგი ისეთი ტიპი ხტება ტანსაცმლიდან – ისეთი გამორჩეული გონორით საუბრობს ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე – შეუძლებელია, ჩვენი ვობლასავით გამომშრალი სუტ-თანაგუნდელი არ გაგვახსენდეს და ყოველგვარი ირონიის გარეშე არ ვკითხოთ:

აუ, ძმაო, შენც გაგიყალბეს?!? 

გააზიარე