ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

კაპიტალიზმის გენეზისი

thumb

Capitalism gave the world what it needed, a higher standard of living for a steadily increasing number of people.

Ludwig Heinrich Edler von Mises

 

ზედაპირზეა ის ფაქტი, რომ მდიდარი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ანგლოსაქსური, სკანდინავიური და გერმანიკული სახელმწიფოებია. მათი საერთო მნიშვნელია ის, რომ ყოველი მათგანი არის (ყოფილი) პროტესტანტული ქვეყნები. დღეს ამ სახელმწიფოებში  მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ათეისტია, მაგრამ ეს გასაკვირი არაა. ბრიტანელი ეკონომისტის ფრედერიკ ჰირჩის კვლევის თანახმად, მატერიალური კეთილდღეობა და ათეიზმი ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია და ერთიანი ეროვნული პროდუქტის ორჯერ ზრდა მოსახლეობაში იწვევს ათეიზმის დაახლოებით 15%-იან ზრდას. რითია გამოწვეული, რომ სიმდიდრის შექმნაში ეს ქვეყნები უდავო ლიდერები გახდნენ და ამ პოზიციას  დღემდე ინარჩუნებენ? შეკითხვა შეგვიძლია გავაღრმავოთ: როგორ გაჩნდა ის სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელსაც კაპიტალიზმი ჰქვია? ანუ რა არის კაპიტალიზმის გენეზისი? ამ კომპლექსური საკითხის გადაჭრა სცადა გერმანელმა მეცნიერმა, სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების, ფუძემდებელმა, მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერმა. იგი ამ ამოცანას რელიგიური, კერძოდ კი პროტესტანტული კუთხით მიუდგა.

პროტესტანტიზმსა და კაპიტალიზმს შორის კავშირის ძიებას ვებერი იწყებს  მოულოდნელი და ცოტა შოკისმომგვრელი განაცხადით, რომ სწრაფვას მეწარმეობისკენ და საბოლოოდ, სწრაფვას ფინანსური მოგებისკენ არაფერი აქვს საერთო თანამედროვე კაპიტალიზმის ჩამოყალიბებასთან. ეს ვებერისგან წკიპურტი ყველა ჩვენგანს, ვინც ვფიქრობთ, რომ კაპიტალიზმის კვინტესენცია სწორედ ეს არის – ფინანსური მოგება.

და როგორ? ქრისტიანობაში არსებობს მოწოდების ცნება, გერმანულად ruf, ინგლისურად calling და რუსულად призвание. ტრადიციული გაგებით, მოწოდებას აქვს რელიგიური აზრი – ღმერთისგან დაკისრებული მისიის ტვირთვა. ამ დროს კი რა ხდება პროტესტანტიზმში? მოწოდებას ეძლევა საერო დატვირთვა.  მოწოდების იდეის ასეთი ხედვა ახალია, ის არის პროტესტანტული რეფორმაციის ნაყოფი. მისი სიახლე იქიდან მომდინარეობს, რომ მოწოდებას მიეცა ამქვეყნიური განზომილება, აქ და ახლა მუშაობის და მოქმედების რელიგიური დატვირთვა. ყოველ ლეგიტიმურ საქმიანობას (იქნება ეს სახელმწიფოს მმართველობა, სასულიერო პირის ქადაგება, კომერსანტის, მტვირთავის თუ გლეხის მუშაობა) ღმერთისთვის აქვს აბსოლუტურად ერთნაირი ღირებულება, არ არსებობს აღმატებული ან დაკნინებული საქმიანობა. საერო საქმიანობის, განსაკუთრებით კი სავაჭრო საქმიანობის მორალური ლეგიტიმაცია იყო პროტესტანტული რეფორმაციის უდიდესი წვლილი კოლოსალური სამეწარმეო ენერგიის გამოთავისუფლების საქმეში. რეფორმაციამდე ადამიანები ვერ ხედავდნენ ყოველდღიურ სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო თუ კომერციულ  საქმიანობაში ღმერთისადმი სამსახურს. ასეთ საქმიანობას ისინი განიხლავდნენ როგორც გარდაუვალ და მძიმე ტვირთს. რეფორმაციამ უარყო ეს დამოკიდებულება:  საერო საქმიანობას რელიგიური განზომილება მიენიჭა და იგი ეთიკურად გამართლდა. ეს იმპულსი ადამიანის აძლევდა საშუალებას ნებისმიერი შრომით და ნებისმიერ შრომაში ედიდებინა ღმერთი და რაც უფრო კარგად აკეთებდა საქმეს, მით უფრო ადიდებდა ღმერთს.

თუმცა მხოლოდ მოწოდება (calling) არ იყო საკმარისი კაპიტალისტური სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის. მეორე დიდი ფაქტორი იყო პრედესტინაციის ანუ წინასწარგანზრახულობის დოქტრინა. პროტესტანტიზმის მიხედვით, ღმერთი ადამიანის დაბადებამდე  განსაზღვრავს მის   უმთავრეს განაჩენს: მოხვდება მისი სული სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში და ვერაფერი ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. მორჩა, შენზე არაფერი აღარაა დამოკიდებული, რამდენიც არ უნდა ილოცო და უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარები აშენო. ეს მძიმე დოგმაა და ერთი შეხედვით უცნაურია რომ პროტესტანტები ამ დოგმამდე ლოგიკით მივიდნენ. მათი ლოგიკის ჯაჭვი შემდეგია: ღმერთის გზები შეუცნობელია, შესაბამისად ადამიანური სამართლიანობის სტანდარტებით მიდგომა ღმერთის ზრახვებთან აზრს მოკლებულია და საკუთარი ბედის შესახებ ღმერთთან “კამათი“ აბსურდია.

განსხვავებით სხვა ქრისტიანული დენომინაციებისაგან, პროტესტანტიზმი უარყოფს გადარჩენას ეკლესიის გზით.  ადამიანი მარტო უნდა შეხვედროდა იმ განაჩენს, რომელიც მისთვის უკვე გამოტანილი იყო. გასათვალისწინებელია, რომ იმდროინდელი ადამიანების ცხოვრებაში რელიგიას ერთერთი უმნიშნელოვანესი ადგილი ეკავა.  რადგან ეს მკაცრი დოქტრინა მძიმე ასატანი იყო გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ ადამიანებს ამოეცნოთ თავიანთი ბედი, იყვნენ ისინი განწირულები იმქვეყნიური ტანჯვისთვის თუ არა. ანუ ვინ იყო ღვთიურ მადლში? კათოლიკური და აღმოსავლურქრისტიანული ტრადიციით, მადლში მყოფობა სუბიექტურია. პროტესტანტებმა ჩათვალეს, რომ მადლში მყოფობა ამოცნობილი უნდა ყოფილიყო ობიექტური მაჩვენებლებით. მათ ასეთ ინდიკატორად მიიჩნიეს საერო წარმატება პროფესიულ საქმიანობაში და მატერიალური დოვლათის ზრდა – ანუ იმგვარი კრიტერიუმები, რომელთა კონკრეტული იდენტიფიკაცია და/ან დათვლა შესაძლებელი იყო.

თუ მხედველობაში მივიღებთ მოწოდების და პრედისტანიციის წყვილს, ეს პარადოქსულად ლოგიკური ჯაჭვი დამაჯერებელია. სკურპულოზური მუშაობა და გამდიდრება არ იყო  გადარჩენის გზა, ეს იყო მხოლოდ უზანაესი ნების მაჩვენებელი, რომელიც ირეკლებოდა მომატებულ დოვლათში. პროტესტანტების ღმერთი ითხოვდა არა ცალკე აღებული საქმის ერთჯერადად კარგად გაკეთებას, არამედ  წარმატებული საქმეების უწყვეტ ჯაჭვს. აქედან კი გამომდინარეობდა ცხოვრებისადმი რაციონალური და სისტემური მიდგომა. შრომითი გულმოდგინება ნებისმიერ სფეროში და შედეგად მატერიალური დოვლათის ზრდა არ იყო ღმერთის მადლის მოპოვებისთვის, არამედ ემსახურებოდა უკვე არსებული ან არარსებული მადლის ამოცნობას.

კაპიტალიზმი ფრაგმენტულად, ამა თუ იმ ფორმით თითქმის ყოველთვის და ყველგან არსებობდა. თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეწარმესა და კომერსანტს ეძლეოდა საშუალება განეხილა თავისი პროფესიული საქმიანობა და მის შედეგად შექმნილი სიმდიდრე, როგორც არა საშუალება უკეთესი და კომფორტული ცხოვრების შესაქმნელად, არამედ როგორც თვითკმარი მიზანი და ღვთაებრივი გადაწყვეტილების სიგნალი.  მატერიალური სიმდიდრის შექმნა და გამრავლება იყო თვითმიზანი და ეს პროცესი მორალურად გამართლებული იყო.

ფულის გამომუშავება ყოველთვის  დაკავშირებული იყო იმ საგნებითა და სერვისებით შექმნილ კომფორტთან,  რომლის შეძენაც ფულით შეიძლებოდა. პროტესტანტი მეწარმეების შემთხვევაში კი უფრო მნიშვნელოვანი იყო მოგების გამრავლება, როგორც თავისთავადი მიზანი და დოვლათის შექმნა ეფუძნებოდა გაზრდილ პროდუქტიულობას და რესურსების ეფექტურ გამოყენებას. მეწარმე არ ჩერდებოდა და ბიზნესი სულ იზრდებოდა და გრძელდებოდა[1]. ბიზნესის ზრდა პირველი პროტესტანტი მეწარმეებისათვის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის (საიქიო გადარჩენის) მუდმივმოქმედი ამრეკლავი სარკე უნდა ყოფილიყო. თითქოს ღმერთი ფულის ენით გესაუბრება და გამცნობს, რომ შენ რჩეული ხარ.

პროტესტანტიზმა გააქრო ფულის დაგროვებისას გაჩენილი ცოდვილობის განცდა, რაც კათოლიკური ეკლესიის უდიდესი გავლენით აგრერიგად ახასიათებდა ევროპას და რისგანაც გათავისუფლებამ უძლიერესი იმპულსი მისცა მეწარმეობის განვითარებას.

იმის შეგნებამ, რომ მეწარმეობა არ იყო უმნიშვნელო სხვა საქმესთან (ვთქვათ, ქვეყნის მმართველობა და სასულიერო პირად ყოფნა) შედარებით, იმის გააზრებამ, რომ ნებისმიერ შრომით და ნებისმიერ შრომაში შეიძლება ადიდო ღმერთი  და დაინახო შენი საიქიო გადარჩენის ნიშანი – მოახდინა უდიდესი სამეწარმეო (entrepreneurial) ენერგიის გამოთავისუფლება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კაპიტალისტური წარმოების სისტემას. შეიქმნა კაპიტალისტური სულისკვეთება – სულისკვეთება არა მეტაფიზიკური გაგებით, არამედ როგორც სამეწარმეო ღირებულებების კონკრეტული ნაკრები. კერძოდ, კი – პროტესტანტი მეწარმის საქმის წარმოების ნიშან-თვისებები თითქმის იდეალურად იყო დაახლოებული საბაზრო ეკონომიკის რაციონალური აგენტის წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნიშან-თვისებებთან:

1) მოგების მუდმივი ზრდა;

2) თავდაუზოგავი და სისტემური შრომა;

3) რესურსების ეფექტურად გამოყენება;

5) რეინვესტიცია;

6) დროის ფლანგვის სიძულვილი;

7) საკუთარი ემოციების კონტროლი;

8) მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და პატიოსნება.

კაპიტალისტური ფორმაციის განვითარებასთან ერთად, რელიგიური მოშურნეობა ნელნელა ჩამოსცილდა კაპიტალიზმის სულ უფრო და უფრო კომპლექსურ მექანიზმს და ამ სისტემამ ფუნქციონირება დამოუკიდებლად განაგრძო. პურიტანული მსოფლმხედველობა ხელს უწყობდა რაციონალური ბურჟუაზიული ეკონომიკური ცხოვრების გაჩენას და იდგა თანამედროვე ჰომო ეკონომიკუსის აკვანთან. მაგრამ დაიწყო სხვა პროცესი: სიმდიდრის ზრდასთან ერთად ძლიერდებოდა მისი მასეკულარიზებელი ეფექტი. კაპიტალისტურ სულისკვეთებას აღარ აქვს რელიგიური საფუძველი, მაგრამ დარჩა სამეწარმეო ეთიკა. [2] აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პროტესტანტული რეფორმაცია არც კაპიტალიზმს ითვალისწინებდა და არც მის შედეგად წარმოქნილ ცხოვრების ჰედონისტურ სტილს. როგორც ხშირად ხდება, პროცესებს მოაქვს მეორადი და/ან გაუთვალისწინებელი შედეგები. როდესაც სისტემამ დაიწყო მუშაობა და აკრიფა კრიტიკული სიჩქარე და მასა, მან უკვე რელიგიური საფუძვლების გარეშეც გააგრძელა ფუნქციონირება.

დანამდვილებით ვერ ვიტყვით (და სოციალურ მეცნიერებებში ვერც ვერაფერი ითქმის დანამდვილებით), რომ კაპიტალიზმის სულისკვეთება წარმოიშვა მხოლოდ პროტესტანტიზმისგან, მაგრამ ეს უკანასკნელი ერთერთი მძლავრი ხელშემწყობი ფაქტორი იყო. ვებერის ელეგანტური ნაშრომი ახლაც აქტუალურია და ძალიან დიდხანს დარჩება ასეთად, რადგან მისი კვლევა არ არის მხოლოდ წარსულის ძიება, არამედ აწმყოს ფუნდამენტური ანარეკლია.

——————————————————————————————————————————————————————

[1] ამაზონის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება და ჯეფრი პრესტონ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა: სადამდე უნდა გაიზარდოს ეს კომპანია ან რად უნდა ერთ ადამიანს ამ რაოდენობის ფული? მიუხედავად იმისა, რომ ფულის/სიმდიდრის ზრდასთან ერთად  მისი მარგინალური სარგებლიანობა (marginal utility) კლებულობს – აღმასვლის ზღვარი არ არსებობს. ბიზნესის და პირადი სიმდიდრის ასეთი გაუჩერებელი გაფართოება პროტესტანტური სამეწარმეო ეთიკის გამოძახილია.
[2] Ibidem.

გააზიარე