აშშ-ის ეკონომიკა იმაზე სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ამ დრომდე იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სამსახური აცხადებს.
კერძოდ, სარეზერვო სამსახური ელოდება, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ვაქცინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა და მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტი დააჩქარებს. შესაბამისად, მიმდინარე წელს 6.5%-იან ზრდას ელოდებიან 4.2%-ის ნაცვლად, როგორც ეს დეკემბერში იყო პროგნოზირებული.
„ეკონომიკური აღდგენის პროცესი პროგრესირებს უფრო სწრაფად, ვიდრე ველოდით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დადებითი ტენდენციები შეინიშნება, სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა.
ეკონომიკის აღდგენას ხელს შრომის ბაზარზე გაუმჯობესებული ვითარებაც შეუწყობს. ამერიკაში პანდემიის შედეგად მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ეკონომიკის ცალკეული სექტორები, მათ შორის გართობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა. ასევე ზიანი არაპროპორციულად მიადგა უმცირესობებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას.
დატოვე კომენტარი