დღეს მენტალურ პრობლემებზე საუბარი შედარებით გამარტივებულია. ფსიქიკური დაავადებები აღარ არის სტიგმატიზებული, თუმცა საკითხთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვისას ძირითადი ფოკუსი მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზეა. სწორედ ამის შესაცვლელად გადაწყვიტა iSpace-მა, ბავშვებისთვის მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კურიკულუმი შეექმნა.
iSpace Wellbeing-ი 4-13 წლის ბავშვებისთვისაა შექმნილი. კომპანიის მიზანია, ახალგაზრდების ჩართვით გაზარდოს მათი ცოდნა, ამასთანავე, გააუმჯობესოს საჭირო სტრატეგიები და უნარები მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ საკითხთან ერთად, კურიკულუმი ფარავს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ურთიერთობები, მოწიფულობა და სექსუალური განათლება.
გეგმის მიხედვით, პროგრამა ფასიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბიზნესის მოდელი და ამბიციები გასულ წელს შეიცვალა – პროდუქცია უკვე უფასოა ბრიტანეთის ყველა სკოლისთვის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ iSpace Wellbeing-ი ქმნის საზოგადოებრივ სიკეთეს, ხოლო მათთვის გამოწვევაა, იპოვონ ბალანსი საზოგადოებრივ სიკეთესა და ინვესტორის მოგებას შორის. კომპანიას სურს, ბრიტანეთის საზღვრებს გასცდეს და გლობალურად მოამარაგოს სკოლები სპეციალური კურიკულუმით.
გასათვალისწინებელია, რომ ახალგაზრდების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კოვიდპანდემიის გავლენით კიდევ უფრო გაუარესდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში მოზარდთა 10-15%-ს აწუხებს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. არასწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა. ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, მენტალურ დაავადებათა ნახევარი თავს იჩენს 14 წლის ასაკში.
iSpace Wellbeing-ის დამფუძნებელ პაულა ტალმანს თავადაც აწუხებდა ბავშვობაში მენტალური პრობლემები. მისი თქმით, სწორედ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა ამ იდეისკენ: ,,არ მინდა, რომელიმე ბავშვმა გამოსცადოს ის, რასაც მე ვგრძნობდი“.
დატოვე კომენტარი