Volvo მსოფლიოში ყველა თანამშრომელს 24-კვირიან ანაზღაურებულ დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს.
ავტომწარმოებელს, რომელიც შვედეთშია დაფუძნებული და ამჟამად ჩინური Geely Holding-ის მფლობელობაშია, მსოფლიო მასშტაბით 40 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. ახალი წესის მიხედვით, მომავალი თვიდან ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც Volvo-ში მინიმუმ ერთი წელია, მუშაობს და რომელსაც დეკრეტულ შვებულებაში სურს გასვლა, დეკრეტის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა შეუძლია. ისინი დეკრეტული შვებულების განმავლობაში თავიანთი ხელფასის 80%-ს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, სადაც მშობლებს დეკრეტული შვებულება ყველაზე კარგად უნაზღაურდებათ და ეს კანონმდებლობით არის დარეგულირებული. ამასთან, ამ ქვეყანაში მშობლებს ბავშვის დაბადების შემდეგ, კანონით, დეკრეტულ შვებულებაში დაახლოებით ერთი წლით გასვლა შეუძლიათ და ამ პერიოდში ხელფასის 80% უნაზღაურდებათ.
„ზოგიერთ ქვეყანაში მშობლებს ანაზღაურებულ დეკრეტულ შვებულებას არ სთავაზობენ, ან მხოლოდ დედებს სთავაზობენ და მამებს – არა“, – აღნიშნულია Volvo-ს განცხადებაში.
კომპანიაში ამ დრომდე დეკრეტული შვებულების გამოყენება ძირითადად მაღალ პოზიციაზე მომუშავე ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. Volvo-ში მაღალი დონის მენეჯერების მესამედი კი სწორედ ქალია. კომპანია ქალების წილის 50%-ით გაზრდასაც გეგმავს.
„როდესაც მშობლებს ექნებათ მხარდაჭერა იმისა, რომ სამსახურსა და ოჯახში გატარებული დრო დააბალანსონ, ეს დაეხმარება ქალების წილის გაზრდასაც“, – განაცხადა Volvo-ს აღმასრულებელმა ჰაკან სამუელსონმა.
დატოვე კომენტარი