საუდის არაბეთში მილიარდერი პრინცის, ალ-ვალიდ ბინ ტალალის საინვესტიციო კომპანიამ განაცხადა, რომ 2020 წელს მათ $390 მილიონი იზარალეს. Kingdom Holding Company-ში ამბობენ, რომ გასული წელი ზარალიანი იყო, მაშინ როდესაც 2019 წელი კომპანიამ დაახლოებით $ 112-მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა.
Kingdom Holding Company-ის მიხედვით, გასული წლის შემოსავლებზე პანდემიის გამო შემცირებულმა ინვესტიციებმა და საოპერაციო შემოსავლების კლებამ იმოქმედა.
კომპანია ასევე აქტივების შემცირების მაღალ დონესა და Zakat-ის ხარჯების ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას. Zakat-ი ერთგვარი სავალდებულო გადასახადია მდიდრებისთვის, რომელიც მათ თავიანთი ქონების პროპორციულად ქველმოქმედებას უნდა შესწირონ.
ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში კომპანიამ განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიებთან შეთანხმებების გაფორმებას ცდილობდა, ვინაიდან ამერიკული აქტივები, განსაკუთრებით ტექნოლოგიური კომპანიების აქციები, ზედმეტად გაზრდილი იყო.
Kingdom Holding-ის აქციების 95%-ის მფლობელი პრინცი ალ-ვალიდია, მას აქციები აქვს ასევე Citigroup-ში, Lyft-სა და Accor-ში. მან ასევე ტექნოლოგიურ კომპანიებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიციები განახორციელა. მათ შორის $250 მილიონის ოდენობის თანხა Snap-ში ჩადო, ხოლო $267 მილიონი 2018 წელს – მუსიკალურ სტრიმინგ-სერვის Deezer-ში.
66 წლის პრინცი ალ-ვალიდი დაახლოებით $16 მილიარდის ოდენობის ქონებას ფლობს.
დატოვე კომენტარი