საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2021 წლის 2-26 თებერვალს ჩატარებული კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის შედეგები ხმის მიცემის უფლების მქონე 1 500 რესპონდენტის პასუხს ეფუძნება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, მათ შორის, 39% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. ამავე კითხვის პასუხად 18% ფიქრობს, რომ ბოლო 1 წელიწადში ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია არ შეცვლილა.
რაც შეეხება ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა 42% აფასებს, როგორც ცუდს, 29%-ის შეფასებით კი ის ძალიან ცუდია.
IRI-მ ასევე იკვლია, რა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას რესპონდენტებისთვის. 49% ასეთად უმუშევრობას ასახელებს, 16% – მაღალ ფასებს, 8% – სიღარიბეს, 7% – კორონავირუსს.
ლოკალურ დონეზე კი, ქალაქებისა და სოფლების შემთხვევაში, პრობლემათა სიაში ლიდერობს უმუშევრობა, სასმელი წყლის პრობლემა, გაუმართავი გზები, სიღარიბე და ა.შ.
უშუალოდ კორონაპანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ COVID-19-მა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა, მათ შორის, 22%-ისთვის – ძალიან გააუარესა.
ცნობისთვის, კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +-2.5%-ს. ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დატოვე კომენტარი