ღია ბანკინგის დანერგვაზე „ფინკა ბანკმა“ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად დაიწყო მუშაობა და უკვე პირველი ფაზის დასრულებაც სებ-ის განსაზღვრულ ვადებში მოასწრო. საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელმა ბანკმა, რომლის აქციონერები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, პროექტის განხორციელების პროცესში პარტნიორად გერმანული კომპანია TESOBE შეარჩია. ჩვენ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ელაშვილსა და TESOBE-ს აღმასრულებელ დირექტორს, საიმონ რედფერნს ვესაუბრეთ.
ბატონო ირაკლი, როგორ მიმდინარეობს ღია ბანკინგის დანერგვის პროცესი „ფინკა ბანკში“?
ღია ბანკინგი საქართველოს საბანკო სექტორისთვის კომპლექსური და მნიშვნელოვანი პროექტია. მისასალმებელია, რომ ევროპაში დაწყებული ინოვაციური ტრენდი ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის. ღია ბანკინგი ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე კონკურენტული გახდეს, ხოლო პატარა მოთამაშეებს – გახდნენ საბანკო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილეები. ჩვენ სერიოზულად დავფიქრდით, თუ როგორ უნდა გამოიყენოს „ფინკა ბანკმა“ ეს პროექტი კონკურენტულ უპირატესობად და როგორ უნდა ვაქციოთ ღია ბანკინგი გაციფრულების გასავითარებლად.
რაც შეეხება დანერგვის პროცესს, ჩვენ საერთაშორისო ტენდერი გამოვაცხადეთ. ინტენსიური შერჩევის პროცედურების შემდეგ კი, არჩევანი გერმანულ კომპანია TESOBE-ზე შევაჩერეთ, რომელიც ღია ბანკინგში ერთ-ერთი პიონერია. ამ კომპანიის მოძიებაში ჩვენი პარტნიორი, ძლიერი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ქართული IT კომპანია Sweeft Digital-ი დაგვეხმარა. შედეგად „ფინკა ბანკმა“ ღია ბანკინგის პირველი ფაზის დანერგვა ერთ-ერთმა პირველმა წარმატებულად დაასრულა, რაც შესაბამისი IT-ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა.
კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებითაც კომერციულ ბანკებს ევალებათ, გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ მესამე მხარის პროვაიდერებისათვის. როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ღია ბანკინგის სრულად დანერგვას ქვეყანაში?
ეს კომპლექსური პროცესია, თუმცა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ეს ინიციატივა, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის კოორდინირებით ინერგება, საქართველოში საბანკო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას, სექტორში ინოვაციების წახალისებასა და ევროსტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს. პირველი ფაზის განხორციელების დროს მთავარი გამოწვევა ორგანიზაციის ტექნოლოგიური მზაობის ამაღლება იყო. არანაკლებ ხანგრძლივი პროცესი იყო ბიზნეს პარტნიორის შერჩევაც და ეს ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ. თუმცა ამით პროცესი არ სრულდება, წლის ბოლომდე „ფინკა ბანკში“ ღია ბანკინგის დანერგვის მეორე ფაზა უნდა დასრულდეს. ასევე, ვგეგმავთ ღია ბანკინგის ფარგლებში რამდენიმე ინოვაციური შეთავაზება ახლო მომავალში ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისათვის.
კონცეპტუალურად ღია ბანკინგი არის ფინანსური სექტორის გამჭვირვალობისა და ფინანსურ სექტორში ინოვაციის წახალისების მნიშვნელოვანი საშუალება. ეს არის ზოგადად საბანკო სექტორის მომავალი, სადაც უფრო ღია პლატფორმებით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, უფრო დიდი არჩევანი ჰქონდეს. ჩვენ, როგორც ბაზარზე არსებული შედარებით პატარა, ნიშური ბანკი, ამას ვუყურებთ, როგორც სამომავლო შესაძლებლობას. მიხარია, რომ „ფინკა ბანკი“ ღია ბანკინგის პლატფორმის დანერგვით ვახერხებთ იმას, რომ ქართული საბანკო სექტორიც „გავხსნათ“ და საშუალება მივცეთ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს – ბანკებსა თუ ფინანსურ-ტექნოლოგიურ (ე.წ. ფინტექ) კომპანიებს და IT დეველოპერებს თავიანთი როლი ითამაშონ, სექტორის მორიგ განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ ღია ბანკინგის დანერგვით საქართველო გლობალურ საბანკო-საფინანსო რუკაზე გამოჩნდა როგორც თანამედროვე და ინოვაციური მორიგი ბაზარი, ხოლო ღია ბანკინგის პლატფორმით ხელმისაწვდომი გახდა გლობალური ინოვაციური ტექნოლოგიის (ე.წ. API) საქართველოში ან საქართველოდან შეთავაზება.
„Sweeft Digital-ის გუნდმა საქართველოში მოვიწვიეთ ევროპის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე, გერმანული კომპანია TESOBE, რომელიც ქართულ საბანკო სისტემაში Berlin Group-ის სტანდარტს დანერგავს. ჩვენი ძალისხმევით შედგა შეთანხმება „ფინკა ბანკსა“ და TESOBE-ს შორის. „ფინკა ბანკი“ ჩვენს ინოვაციურ გუნდს ენდო, ჩვენი პარტნიორი გახდა და ევროპული ხარისხი აირჩია. Sweeft Digital-ი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, ჩვენ სამომავლო გეგმები გვაქვს „ფინკა ბანკთან“ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.“
ვახო თურნავა, Sweeft Digital-ის დამფუძნებელი
ბატონო საიმონ, ღია ბანკინგის დანერგვის პროცესში რა არის ბანკებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა?
ჩვენ, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ფინანსურ ინსტიტუტთან ვმუშაობთ და ამ გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღია ბანკინგის დანერგვისას გამოწვევებს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ კულტურული ხასიათიც აქვს.
ტექნიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით თუ მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზეა საუბარი, გარკვეული დრო სჭირდება ყველა მოთხოვნის გათვალისწინებას და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ OpenAPI-ის იმპორტით. გათვალისწინებული უნდა იყოს OAuth2-ი, OIDC-ი და FAPI/PKCE flows-ი და მათთან ასოცირებული eIDAS-სერტიფიკატები, თანხმობის გვერდები, ე.წ. მულტიფაქტორული აუტენტიფიკაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად საკმაოდ კომპლექსური სამუშაოა.
გამოწვევაა უფრო ღია, შიდა ინოვაციური კულტურის დანერგვაც. ბანკებისა და მათი შიდა გუნდებისათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს თავიანთი დახურული სივრცის გახსნა და მესამე მხარეებთან ურთიერთობაში ჩართვა. „ფინკა ბანკში“, ამ მხრივ, მაღალია მზაობა. მათ კარგად ესმით, რომ ბანკებისათვის ეს სიახლე მნიშვნელოვანია და რომ ფინტექ-გარემოში ძალიან ბევრი ტექნიკური და ბიზნეს შესაძლებლობებია. რაც უფრო იზრდება ჩართული მესამე მხარეების რაოდენობა, მით უფრო ძლიერდება ბანკი და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება ეძლევა.
დაბოლოს, კიდევ ერთი გამოწვევა ღია ბანკინგის ბიზნეს მხარეა. ღია ბანკინგის ბიზნეს სარგებელი ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია, გასაკუთრებით – ტექნიკური გუნდებისათვის, რომლებიც ჩვეულებრივ API-ს გამართვა-მუშაობაზე არიან პასუხისმგებელი. თუ IT და ბიზნეს გუნდები შეთანხმებულად არ იმუშავებენ ახალი API პროდუქტების ბიზნეს ქეისების შექმნაზე, რთული იქნება ღია ბანკინგით სარგებლის მიღება.
საინტერესოა ამ მხრივ ევროპული გამოცდილება, რა სარგებელი მოუტანა ღია ბანკინგმა ფინანსურ სერვისებს ევროპაში?
ღია ბანკინგი, შეიძლება ითქვას, სულ ახლახან იშვა, თუმცა მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს 2.5 მილიონზე მეტი მოქალაქე და ბიზნესი ღია ბანკინგის აქტიური მომხმარებელია. დიდ ბრიტანეთში გაიზარდა კონკურენციაც და არჩევანიც – ფინანსურ სექტორში 300-ზე მეტი საბანკო თუ ფინტექ კომპანიაა ჩართული, რომელთა მეშვეობითაც იქმნება მიმზიდველი ფინანსური ეკოსისტემები. მომხმარებლები ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იყენებენ მრავალფეროვან ფინტექ აპლიკაციებს, რომ სწორად მართონ საკუთარი ფინანსები. მაგალითად: ანგარიშების ე.წ. აგრეგირებული სახით ნახვის შესაძლებლობა; პირადი ფინანსების მართვის აპლიკაციები, დანაზოგების მართვის აპლიკაციები და ა.შ. ევროპის ზოგიერთი წამყვანი ბანკი მარეგულირებლის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებსაც კი სცდება და იწყებს უფრო დახვეწილი API-პროდუქტების შეთავაზებას. ეს ინოვაციები ცვლიან ფინანსურ სერვისებს ევროპაში და ისეთივე გავლენას მოახდენენ საქართველოშიც.
ბატონო ირაკლი, „ფინკა ბანკის“ ქსელში, რომელიც 20 ქვეყანაში ოპერირებს, თქვენ ხართ პირველი, რომელიც ღია ბანკინგს ნერგავს. რა ტენდენციებია სხვა განვითარებად ქვეყნებში?
დიახ, ჩვენ ვართ პირველი, თუმცა რამდენიმე ბაზარზე ცენტრალური ბანკები აქტიურად საუბრობენ ღია ბანკინგის შემოღებაზე. წელს ამის დანერგვის საჭიროების დადგომა ორ ბაზარზე – კოსოვოსა და ყირგიზეთშია მოსალოდნელი. ჩვენ მათ გამოცდილებას გავუზიარებთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ღია ბანკინგის დანერგვას აზერბაიჯანისა და სომხეთის მარეგულირებლებიც აქტიურად განიხილავდნენ. განვითარებადი ბაზრებიდან, შეიძლება ითქვას, საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ ნაბიჯებს დგამს. ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია როგორც სტანდარტების, ასევე გაციფრულების კუთხით. ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვა კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს საბანკო სექტორის სტანდარტს ევროპულ მაღალ სტანდარტთან. ამიტომაც მისასალმებელია, რომ ამ ტრენდის ქვეყანაში გადმოტანა „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ გადაწყვიტა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ე.წ. ბერლინის სტანდარტის დანერგვა ითავა.
რა მიმართულებით შეცვლის ახალი ეკოსისტემის დანერგვა „ფინკას“ სტრატეგიას?
„ფინკას“ გლობალური მისიაა, რომ იყოს განსხვავებული ბანკი, რომელიც ქვეყანას სიღარიბის აღმოფხვრაში დაეხმარება და აქცენტს უფრო დაბალშემოსავლიან სეგმენტზე გააკეთებს. ამ ნაწილში „ფინკას“ სტრატეგია უცვლელია. ჩვენი სტრატეგია უფრო სწრაფი გაციფრულების მიმართულებით სვლაა და ეს პროცესი უნდა განვავითაროთ.
„ფინკა ბანკის“ მომხმარებლის 64% სოფლად ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ციფრულ სერვისებს ნაკლებად იცნობს. რა ნაბიჯები იდგმება ბანკის მხრიდან მომხმარებლების ციფრული ცნობიერების ამაღლებისთვის?
მართალია, სოფლად მცხოვრები მომხმარებელი ციფრულ მომსახურებას ნაკლებად არის მიჩვეული. იქ ტრადიციულად ფილიალში მისვლა და ქაღალდებით განხორციელებული მომსახურების მიღება ურჩევნიათ. ამ მიმართულებით „ფინკა ბანკმა“ ბევრი ინიციატივა წამოიწყო, ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლის ფინანსური და ციფრული განათლების დონე გავზარდოთ. მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ვაპირებთ მომხმარებლებს ვასწავლოთ, მაგალითად, როგორ გამოიყენონ მობაილბანკი, როგორ განახორციელონ საბანკო ოპერაციები ციფრულად და მარტივად. ზოგადად, პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა, ახლა უფრო ნაკლებ ადამიანს ურჩევნია ფილიალში სიარული. თუმცა, პანდემია რომც არ ყოფილიყო, გაციფრულება გარდაუვალი ტრენდია. ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში სერვისები ციფრულ სივრცეში გადადის და ადრე თუ გვიან, საქართველოში ფინანსური სერვისები უმეტესწილად გაციფრულდება. ჩვენ გვინდა, რომ ამაში მონაწილეობა მივიღოთ, ერთის მხრივ, ციფრული არხების შექმნის, ხოლო მეორე მხრივ ციფრული განათლების გაზრდის კუთხით, რაც რეგიონში მომხმარებელს განსაკუთრებით დაეხმარება იქონიოს მუდმივი წვდომა საბანკო პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე.
„ფინკას“ გლობალური მისიის საზომია ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე, ფინანსური ჩართულობა და ბანკთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელი. რა შედეგები გაქვთ საქართველოში ამ 22 წლის მანძილზე?
შეიძლება ითქვას, რომ 80,000-ზე ბევრად მეტი ადამიანის საარსებო წყაროა ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში “ფინკა ბანკის” მხარდაჭერით შეიქმნა და განვითარდა. 1998 წლიდან დღემდე ათიათასობით ადამიანის ცხოვრება, ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად, უკეთესობისაკენ შეიცვალა. ამას ადასტურებს „ფინკას“ გლობალური მისიის კვლევებიც, რასაც მუდმივად ვატარებთ. ჩვენი მსესხებლების 89% აცხადებს, რომ „ფინკა ბანკის“ მხარდაჭერით მათი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდა და შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამასთან, „ფინკა ბანკის“ მომხმარებელთა 45% ქალია, მათი უმრავლესობა რეგიონის მკვიდრია, სადაც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ბანკის მიზანია, მივწვდეთ მეტ მცირე და მიკრომეწარმეს და ხელი შევუწყოთ მათ ფინანსურ ჩართულობას.
გარდა ამისა, დღეისათვის უკვე მსესხებლების დაახლოებით 60% სისტემატურად ათავსებს თუნდაც მცირე თანხას დეპოზიტზე, რაც დაზოგვის კულტურის განვითარებაზეც მიუთითებს და ბანკის მხრიდან ფინანსური განათლების მიმართულებით გაწეული აქტივობების შედეგიცაა.
ჩვენი მიზანი რჩება ჩვენს ძირითად სეგმენტში (მიკრო საცალო და მცირე ბიზნესები) ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვქონდეს როგორც განვითარებაზე და მომგებიანობაზე ორიენტირებულ ფინანსურ ინსტიტუტს. 2020 წელს, სექტორის თუ უშუალოდ ბანკის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ამ ორივე მიზნის მიღწევა შევძელით: ფინკა ბანკი ეფექტურად ახერხებს სოფლად მცხოვრები მომხმარებლების საფინანსო საჭიროებების დაკმაყოფილებას და ამავდროულად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით, მომგებიანი ბანკია. ღია ბანკინგით კი შევქმენით შესაძლებლობა, მომავალში მომხმარებლებმა მიიღონ მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული ციფრული მომსახურება, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები ინოვაციური იდეების განხორციელებისათვის, ინფორმირებულები იყვნენ, რათა უფრო მარტივად და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები, ისარგებლონ მომსახურებებისა და პროდუქტების უფრო ფართო, ინოვაციური არჩევანით.
დატოვე კომენტარი