მეცნიერებისადმი უსაზღვრო ინტერესის მქონე, ენამწარე, მაგრამ ბრწყინვალე, გასაოცარი გრეისი — ასე ახასიათებდნენ ამერიკელ პროგრამისტ ქალს, რომელიც არამხოლოდ ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი, არამედ გამორჩეული მათემატიკოსი და წარმატებული საზღვაო ოფიცერიც იყო. გრეის ჰოპერის მემკვიდრეობა ტექნოლოგიებსა თუ სხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებს დღემდე შთაგონებას აძლევს. ამის გამოხატულებაა მისი სახელობის ჯილდო, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა.
რას შეცვლის გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ქალებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში?
გრეის ჰოპერზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუმცა, ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ ყველაზე უკეთ აჯამებს ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალების მდგომარეობას, — 1969 წელს, “მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ” მისი წვლილი წლის კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა, რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არც კი არსებობდა.
მას შემდეგ, მართალია, ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ტექნოლოგიები არნახული ტემპით განვითარდა, თუმცა, ამ სფეროში დასაქმებული ქალები აღიარებას ჯერ კიდევ იშვიათად მოიპოვებენ. მეტიც, ამ სექტორში დასაქმებულთა შორის ქალების წილი დღემდე საკმაოდ დაბალია. ამას ევროკავშირის ბოლოდროინდელი ანგარიშიც მოწმობს — 2018 წლის მონაცემებით, ქალები საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებულთა მხოლოდ 17%-ს შეადგენენ, ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა მხოლოდ 19%, ხოლო ICT დეველოპერებს შორის, სულ რაღაც, 9%-ია ქალი. ამის მიზეზი, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების გარდა, ისიცაა, რომ ქალებს ამ სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციაზე ხშირად ხელი არ მიუწვდებათ.
სწორედ ამიტომ, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, წელს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო დაწესდა. ამ ფორმატით ეს პირველი პროგრამაა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, ამასთან, იმ ორგანიზაციებს, პროგრამებს და ინიციატივებს, რომლებიც ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
მარიამ ქობალია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი ამბობს, რომ ჯილდო პოზიტიური მაგალითების ჩვენებას ემსახურება, რათა კიდევ უფრო მეტმა ქალმა დაინახოს საკუთარი თავი ამ სფეროში. “კონკრეტულად ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე თუ ვისაუბრებთ და გადავხედავთ ვითარებას, ვნახავთ, რომ საქართველოში ქალები ძირითადად დასაქმებულები არიან ნაკლებად მომგებიან სფეროებში და ამასთან, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე. შედეგად, მამაკაცებისა და ქალების საშუალო ანაზღაურებას შორის დიდ სხვაობას ვიღებთ. ასეთი დარგია სწორედ ICT სექტორი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქმნის, თუმცა მასში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები და ნაკლებს გამოიმუშავებენ”, — ამბობს ის.
მარიამის თქმით, ქალების დაბალი ჩართულობის მიზეზი შეიძლება სოციალური ნორმები, სტერეოტიპები და მისაბაძი მაგალითების ნაკლებობა იყოს. ასევე, ის აღნიშნავს, რომ ხშირად ორგანიზაციები ვერ იაზრებენ მათი ჩართულობის სიკეთეებს, არ წაახალისებენ ქალების ჩართულობას და ა.შ. სწორედ ამიტომ წამოიწყეს პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, სფეროში უკვე აქტიურ გოგონებსა და ქალებს სხვებისთვის მისაბაძ პროფესიონალებად აქცევს და მეორე მხრივ, წინ წამოწევს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.
ვის მოუტანს აღიარებას გრეის ჰოპერის ჯილდო?
გრეის ჰოპერის ჯილდო იმ ქალებისა და ორგანიზაციების წვლილის აღიარებაა, რომლებიც გენდერულ თანასწორობას და მრავალფეროვნებას უწყობენ ხელს.
მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია, ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი — ეს ის ექვსი კატეგორიაა, რომელშიც განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ზოგადად, ქალების გაძლიერებისთვის, ინდივიდებთან ერთად, ორგანიზაციები და პროგრამებიც დაჯილდოვდებიან.
რა პრიზები დაწესდა გამარჯვებულებისთვის?
საჯარო აღიარების გარდა, ექვსივე ნომინაციაში გამარჯვებული, მაშავის ცენტრის მხარდაჭერით, 2-კვირიანი სასწავლო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიაში გამარჯვებულს დაუჭერს მხარს და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებასა და გაფართოებას. გამორჩეული პრიზები დააწესა თიბისიმ — ის მომავლის ლიდერი ქალისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიებში გამარჯვებულებს თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შესთავაზებს.
გარდა ამისა, თიბისიმ მასშტაბური საკომუნიკაციო გეგმაც შეიმუშავა, რომელიც მთელ საქართველოში პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. “გვსურს ყველამ იცოდეს, რომ ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. საზოგადოება გაეცნობა წარმატებული ქალების კონკრეტულ მაგალითებს საქართველოში და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით, ბევრმა სამომავლო პროფესიაც ტექნოლოგიებს დაუკავშიროს”, — ამბობს თინა კავაძე, თიბისის გარე კომუნიკაციების ლიდერი.
თინა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების სფერო მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, “ამიტომ თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიებში ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ და ახლა დაუჭიროს მხარი ქალებს, რათა მათ ხვალ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ”.
ვის და როგორ შეუძლია გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის დარეგისტრირება?
აპლიკაციების მიღება 26 მარტიდან დაიწყო და 26 აპრილამდე გრძელდება. დეტალებისთვის www.ictwomen.ge-ს უნდა ესტუმროთ, სადაც არამხოლოდ საკუთარი თავის ნომინირება, არამედ სხვა, ნაცნობი ადამიანის, ორგანიზაციის, პროგრამის, ინიციატივის წარდგენაც შეგიძლიათ.
“ჩვენ გვინდოდა, ქალებს არამხოლოდ საკუთარი თავის ნომინირების საშუალება ჰქონოდათ, არამედ წაგვეხალისებინა სხვებიც, წარედგინათ ის ადამიანები, ვისგანაც შთაგონებას იღებენ”, — ამბობს ნინო ნანიტაშვილი, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის კონსულტანტი.
ექვსივე კატეგორიაში თითო გამარჯვებული მაისის ბოლოს, მასშტაბურ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.
ვინ შეაფასებს ნომინანტებს?
გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის ნომინანტებს შეაფასებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგის პროფესიონალები, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული სფეროდან. მათ შორის არიან:
- ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით;
- მარია დოლიაშვილი, მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი;
- დავით ჩეჩელაშვილი, Xpand-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი;
- თამუნა პაპავა, ამაზონის უფროსი პროგრამების მენეჯერი;
- პაატა სირბილაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი;
- მარიამ ქობალია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი;
- ნინო ნანიტაშვილი, ციფრული განვითარების კონსულტანტი, Women Techmakers-ის ელჩი.
გრეის ჰოპერის ჯილდო მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არაა, ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. ორგანიზატორებს კი იმედი აქვთ, რომ პროექტის დახმარებით პოზიტიური ცვლილებები დაიწყება — სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის თავს ტექნოლოგიების სფეროში, ხოლო ორგანიზაციები უფრო მეტად წაახალისებენ ქალების ჩართულობას.
„საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოსახლეობის ნახევარი არ ჩართოს ინდუსტრიაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმედია. ესაა დარგი, რომელიც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაში დაგვეხმარება”, — ამბობს ნინო ნანიტაშვილი.
ასე რომ, ყველაფერი წინაა. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, აირჩიოს თუ არა ტექნოლოგიები სამომავლო პროფესიად, ისევ გრეის ჰოპერის სიტყვებს შევახსენებთ — “პორტში მდგარ გემს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის ამისთვის არ აუშენებიათ. უნდა გაცურო და სიახლეები აღმოაჩინო”.
დატოვე კომენტარი