დროთა განმავლობაში ევროს გაციფრულების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა ეს პროცესი უამრავ კითხვასაც ბადებს. აქედან გამომდინარე, ევროპის ცენტრალური ბანკი მომხმარებელთა ინტერესს სერიოზულად უდგება და ნებისმიერი სახის გაუგებრობის თავიდან აცილებას ცდილობს.
ამჟამად, ციფრულ ევროსთან მიმართებით სამი მცდარი წარმოდგენა არსებობს. პირველი მათგანი უკავშირდება ადამიანთა მოლოდინს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი გააუქმებს ნაღდ ფულს, ხოლო შემდეგ ციფრულ ვალუტას დაბალ საპროცენტო განაკვეთს დაუწესებს, რაც მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ ეფექტიან გზად მიიჩნევა. მეორე მცდარი წარმოდგენის მიხედვით, ციფრული ევრო სრულიად ჩაანაცვლებს საბანკო მომსახურებისა და შუამავლობის საჭიროებას. და მესამე – ციფრული ევრო არ იქნება დამყარებული viable (სიცოცხლისუნარიან) ბიზნესმოდელზე.
ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ფაბიო პანეტა, გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება. მისი განცხადებით, ცენტრალურ ბანკს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება ციფრული ევროს ინოვაციის დანერგვასთან დაკავშირებით. მისსავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბანკი ჯერ კიდევ იკვლევს ახალი შეთავაზების კონცეპტის შესაძლებლობებს. ფაბიო პანეტა ასევე ეხმიანება ციფრული ევროს დანერგვის შესაძლო ვადებს და აცხადებს, რომ ცენტრალურ ბანკს გადაწყვეტილების მისაღებად დაახლოებით კიდევ ერთი წელი დასჭირდება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს იქნება ნიშანი მხოლოდ მზაობისა, ხოლო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შემდეგ ეტაპზე იგეგმება.
„ჩვენს ყველა განცხადებაში მთავარი ფაქტი არის ის, რომ ციფრული ევრო იქნება გადახდის საშუალება, რომელიც არათუ შეცვლის ნაღდ ფულს, არამედ შეავსებს მას. ნაღდი ფულის გაუქმების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას“, – რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა, ასევე, ცენტრალური ბანკის ბორდისა და მმართველი საბჭოს სხვა წევრებმა. მეტიც, ბანკნოტები, ევროპული სამართლის მიხედვით, სამართლებრივ ატრიბუტიკად ითვლება. ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ევროკომისიამ გამოხატეს მხარდაჭერა სავაჭრო ობიექტებში ნაღდი ანგარიშსწორების შენარჩუნებისადმი.
გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება მცდარი წარმოდგენა საპროცენტო განაკვეთის შესახებაც. სანამ იარსებებს ნაღდი ფული, ადამიანებს მანამდე შეეძლებათ საპროცენტო განაკვეთი ნულის ფარგლებში შეინარჩუნონ. ამრიგად, ციფრული ევროს დანერგვა არ გააუარესებს მოქალაქეთა ცხოვრების დონეს. ციფრული ფულის რეალური მიზანი მოქალაქეებისათვის გადახდის საშუალების ყველაზე მოსახერხებელი გზა ცენტრალური ბანკის გამოყენების შესაძლებლობა იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ინოვაციას არაფერი აქვს საერთო მონეტარულ პოლიტიკასთან.
ბანკში ასევე აცხადებენ, რომ უსაფუძვლოა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ეცბ-ს სურს, ბანკებიდან წაიღოს მომხმარებელთა დეპოზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ მყარად სჯერათ კრედიტის გამოყოფის კერძო გზებისა – ბანკებისა და კაპიტალის ბაზრებისა. აქედან გამომდინარე, ცენტრალური ბანკის მიზანს არ წარმოადგენს ევროპული საფინანსო სისტემის შეცვლა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, მათ უკვე იმსჯელეს იმ საკითხების პრევენციის შესახებ, რომელთა დახმარებითაც თავიდან აიცილებენ ციფრული ევროს საინვესტიციოდ გამოყენებას. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა, შეარყიოს ბანკების როლი ფინანსურ საქმიანობაში.
ამ ყველაფრის ნაცვლად, ყურადღება იმ რისკებზე უნდა გამახვილდეს, რომლებიც შესაძლოა, ციფრული ევროს ინოვაციის ჩავარდნამ გამოიწვიოს. ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ თავიდან უნდა აირიდონ სიტუაცია, რომლის დროსაც ევროპულ გადახდებს დომინირებას გაუწევენ არაევროპელი პროვაიდერები. მათ შორის უცხოური ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც მომავალში ხელოვნურ ვალუტას შემოგვთავაზებენ. ეს სცენარი კი საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპულ საფინანსო სისტემას, არამედ კონკრეტული ინდივიდები და მოვაჭრეები აღმოჩნდებიან დაუცველნი იმ მცირე რაოდენობის დომინანტი პროვაიდერების წინაშე, რომელთაც ძლიერი საბაზრო ძალა აქვთ.
შესაბამისად, ციფრული ევროსათვის მომზადება გარკვეულწილად ევროპის ავტონომიის გარანტიც არის. და მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკების საფრთხე ძალიან მცირეა, მოქალაქეებს შეეძლებათ, დაეყრდნონ იმ ფაქტს, რომ შესაბამისი პიროვნებები ამ საფრთხეების შესახებ ფიქრობენ. ევროპის ცენტრალურ ბანკში ესმით, რომ შესაძლოა, ამჟამად ადამიანების ნაწილი ვერ ხედავდეს ციფრული ევროს ყველა უპირატესობას, თუმცა ისეთი საჯარო ინსტიტუტის, როგორიც ევროპის ცენტრალური ბანკია, მთავარი პასუხისმგებლობა მომავლის გამოწვევების აღმოჩენა და მათთვის მომზადებაა.
კერძო კომპანიებისაგან განსხვავებით, ცენტრალური ბანკები არ ცდილობენ მაქსიმალური მოგების მიღებას. ისინი არ არიან დაინტერესებულნი პირადი მონაცემებითა და ბაზარზე დომინირებით. ციფრული ევროს მთავარი მიზანი იევროპელების ალტერნატიული, თანამედროვე და უსაფრთხო გადახდის საშუალებით უზრუნველყოფა იქნება, რასაც სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მხარს დაუჭერს დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი. ის იფუნქციონირებს საბაზისო და განუყოფელი კომპონენტის სახით და თანამედროვე გადახდის სერვისების ალტერნატიული გზის შემოთავაზებას არ შეეცდება. ციფრული ევრო, მისი შემოღების შემთხვევაში, კონფიდენციალურობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ციფრული ევროს გამოყენებას ევროპის ყველა კუთხეში.
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების წარმატებით განსახორციელებლად, ციფრული ევროს მომხმარებელზე მორგება და მისი ფართოდ გამოყენება იქნება საჭირო. ევროპის ცენტრალური ბანკი სფეროს სპეციალისტებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და აკადემიკოსებთან ერთად სიღრმისეულად იკვლევს მოქალაქეთა საჭიროებებს.
ამას კი გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობაა, რომ მათი ერთადერთი ვალუტა მომავლისადმი მდგრადი გახადოს და ციფრული ეპოქისათვის მოამზადოს.
დატოვე კომენტარი