ტურიზმის ინდუსტრიის გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად, ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, თუ რომელი ბაზრებისკენ მიმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიები. საქართველოსთვის მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად, შესაძლოა, რეკომენდებული იყოს მარკეტინგული კამპანიების თურქეთისკენ, ასევე, სპარსეთის ყურის სამივე ქვეყნის, სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართვა. ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის მარტის მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც მიმოხილვაში წერია, „მასტერქარდის“ მიერ 2021 წლის მარტი-მაისისთვის ფრენების ძიების მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესი საქართველოში ფრენების მიმართ თურქეთიდან იყო. PMCG-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თურქეთში მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდისა და მოკლევადიან პერიოდში ტურისტების ნაკადების სტიმულირებისთვის კი რეკომენდებულია სახმელეთო საზღვრების გახსნა, რადგან 2015-2019 წლებში ვიზიტორთა 78% სწორედ სახმელეთო გზით შემოვიდა ქვეყანაში.
“COVID-19-მდე საქართველოსთვის ტურიზმის ძირითადი ბაზრების ანალიზმა შესაძლოა საინტერესო დაკვირვებები გამოავლინოს იმის შესახებ, თუ საით უნდა მიმართონ ქვეყანამ და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავიანთი მარკეტინგული კამპანია იმისთვის, რომ მოიზიდონ ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები”, – წერია მიმოხილვაში.
გარდა ამისა, PMCG-ს მიმოხილული აქვს 2015-2019 წლებში ვიზიტზე ტურისტების საშუალო დანახარჯის მიხედვით ტოპ-10 ქვეყანა. ამ კუთხით გამოირჩევა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ: საუდის არაბეთი პირველ ადგილზეა, საიდანაც შემოსული ტურისტი ვიზიტზე საშუალოდ 3 098 ლარს ხარჯავდა, შემდეგ მოდის აშშ – ვიზიტზე 3 034 ლარით, მას მოსდევს ყატარი – 2 598 ლარით და არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2 595 ლარით. ხუთეულს ასრულებს გაერთიანებული სამეფო ვიზიტზე საშუალოდ 2 393 ლარით. მომდევნო ხუთი ქვეყანა კი ნიდერლანდები (2 295 ლარი), ინდოეთი (2 059 ლარი), ისრაელი (1995 ლარი), ირანი (1951 ლარი) და ავსტრიაა (1907 ლარი).
რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-ათეულს 2015-2019 წლებში დღეში საშუალო დანახარჯების მიხედვით, სპარსეთის ყურის სამივე ქვეყანა, რომლებიც ზემოაღნიშნულ პირველ ხუთეულში იმყოფებოდნენ ვიზიტზე საშუალო დანახარჯით, დღიური დანახარჯის მიხედვითაც ტოპ-ხუთეულში არიან. თუმცა, დღიური დანახარჯების მიხედვით პირველ ადგილს თურქეთიდან ჩამოსული ვიზიტორები იკავებენ. ხუთეულს ასევე ემატება სომხეთი.
„გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, ვიზიტორები ევროკავშირიდან საქართველოში მნიშვნელოვან თანხებს არ ხარჯავდნენ, განსაკუთრებით ყოველდღიური დანახარჯების ანალიზის დროს (დღეში მხოლოდ 186 ლარი საშუალოდ). უფრო მეტიც, ვიზიტორები ევროკავშირიდან ერთ-ერთ ყველაზე დაბალმხარჯველ ვიზიტორებს შორის აღმოჩნდნენ, ჩინელ და რუს ვიზიტორებთან ერთად (ორივე საშუალოდ დღეში 179 ლარს ხარჯავდა)“, – წერს PMCG.
დატოვე კომენტარი