ამ ზაფხულს საფრანგეთში მოგზაურობის სურვილი ალბათ ბევრ ადამიანს აქვს. ქვეყნის ეპიდვითარება დიდად დამაიმედებელი პროგნოზირების საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, მაისის დასაწყისისთვის – სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად – არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. შედეგად, საფრანგეთს საშუალება მიეცემა, რომ ნელ-ნელა ხელი შეუწყოს ქვეყნის შიგნით მოგზაურობას, ამასთან, მიიღოს ვიზიტორები ევროკავშირიდან და აშშ-დან.
მიუხედავად პოზიტიურად განვითარებადი გეგმებისა, საერთაშორისო მოგზაურობის სრულად განახლებამდე საფრანგეთს გზა აქვს გასავლელი. Forbes-მა თავი მოუყარა ხუთ „დიდ რიცხვს“, რომლებიც საფრანგეთმა ქვეყნის გახსნისას უნდა გაითვალისწინოს.
33 000 – ეს ასახავს გასული 7 დღის კოვიდინფიცირების დღიურ საშუალო მაჩვენებელს. ინფექციის წინა ტალღასთან შედარებით ვარდნა შეინიშნება, მაგრამ შედეგი იმდენად დამაკმაყოფილებელი არ არის, რომ შეზღუდვების სრულად შესამსუბუქებლად საკმარისი იყოს. ამას ადასტურებს საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრის, ოლივიე ვერანის, განცხადება: „პანდემია უკან იხევს, თუმცა რიცხვები მაინც მაღალ დონეზეა“.
5 000 – როგორც პრეზიდენტი მაკრონი ფიქრობს, სწორედ 5 000-ია დღიური ინფიცირების ის მაჩვენებელი, რომელსაც ქვეყანამ ოქტომბრის შემდეგ ვერ მიაღწია და რასაც რესტორნების, კაფეებისა და ბარების სრულად გახსნა უნდა მოჰყვეს.
19:00 – საფრანგეთის მოსახლეობა, კომენდანტის საათით გაწერილი ამჟამინდელი წესების მიხედვით, 19:00-დან სახლში უნდა იყოს. ცხადია, სანამ ეს შეზღუდვა მოქმედებს, ტურისტები საფრანგეთს არ ეწვევიან.
19% – აშშ-ის მოსახლეობის ნახევარმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიიღო, საფრანგეთში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა. ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 20%-ია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით, საკუთრივ საფრანგეთში კი – 19%. პრობლემა ვაქცინაციის დისტრიბუციასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებშია. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ივლისის შუა რიცხვებისთვის მოსახლეობის 70% აცრილი იქნება.
2021 წლის 17 ივნისი – ესაა თარიღი, როცა ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მოსახლეობას მოგზაურობის ციფრული ცნობა უნდა გააჩნდეს – ისინი სპეციალურ აპლიკაციაში კორონავირუსის ტესტის შედეგებსა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ატვირთავენ ევროკავშირის შიგნით მოგზაურობის გამარტივების მიზნით.
დატოვე კომენტარი