როგორც Ipsos-ის ჩატარებული ახალი გამოკითხვის შედეგებით დგინდება, საშუალოდ ოთხიდან სამი ადამიანი მიიჩნევს, რომ კოვიდ-ვაქცინის პასპორტის წარდგენის აუცილებლობა საზღვრებს გარეთ მოგზაურობისას ტურიზმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გამოკითხულთა ორი მესამედი კი მიიჩნევს, რომ ვაქცინის პასპორტის წარდგენა ასევე აუცილებელი უნდა იყოს საკონცერტო სივრცეებსა და სტადიონებზე შესასვლელადაც. გამოკითხულთა ნახევრის აზრით კი წლის ბოლოს მათ ქვეყნებში კოვიდ-პასპორტი ფართოდ იქნება გამოყენებული. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ არავაქცინირებული ადამიანებისთვის საჯარო ღონისძიებებსა და შეკრებებზე დასწრების აკრძალვა არასამართლიანია.
კოვიდ-პასპორტის აუცილებლობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მალაიზიასა და პერუში დაფიქსირდა, ხოლო რუსეთში, პოლონეთსა და უნგრეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანაში შესასვლელად არ უნდა იყოს აუცილებელი ვაქცინის პასპორტის წარდგენა.
გამოკითხულთა მოსაზრებები განსხვავდება ვაქცინის პასპორტის გამცემ ინსტიტუციებთან დაკავშირებით. 84% მიიჩნევს, რომ პასპორტის გაცემა უნდა შეეძლოს პირად ექიმს, 56%-ის აზრით, იგივე სერვისი შესაძლოა დამსაქმებელმაც უზრუნველყოს, 50% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა გასცეს კოვიდ-პასპორტი, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 40% ენდობა კერძო კომპანიებს (მაგ. ტექნოლოგიური და ავიაკომპანიები).
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 21 000-ზე მეტმა მოქალაქემ მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. ამ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი, იაპონია, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი და თურქეთი.
ამავე პერიოდში ჩატარებული მეორე კვლევა კი მოიცავდა 12 ქვეყანას, სადაც 15 000 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა მესამედი მიიჩნევს, რომ კოვიდ-პასპორტები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გამოიყენებოდეს, 23%-ის აზრით კი ვაქცინის პასპორტის აუცილებლობა რამდენიმე წელს გასტანს.
დატოვე კომენტარი