ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიანი გეგმა არ გვაქვს - სფეროს წარმომადგენლები გამოწვევებზე საუბრობენ

ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიანი გეგმა არ გვაქვს - სფეროს წარმომადგენლები გამოწვევებზე საუბრობენ

Vivo Medical-ის გენერალური დირექტორის, გიორგი ყიფიანის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორს ძალიან სჭირდება გრძელვადიანი გეგმები და ფაქიზი მოპყრობა. მისივე თქმით, წელიწადში ერთხელ თამაშის წესების რადიკალური ცვლილება ამ სექტორს „არ უხდება“. ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები ყიფიანმა გადაცემა Forbes Health-ში მიმოიხილა.

„ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება წარმატებული, თუ მას არა აქვს წვდომა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემასთან. ხოლო ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკან ხევს ამ სექტორს, დამაზიანებელია მოქალაქისთვის. ნებისმიერი რეგულაცია, თუნდაც კერძო სექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ხარისხს გააუარესებს ან ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, არის ამ მიზნიდან დაშორების ერთ-ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში ძალიან ბევრი პრობლემაა – არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო გრძელვადიანი. მან ჯანდაცვის სფეროს განვითარების კარგ მაგალითად მოიყვანა მეზობელი თურქეთი, რომელსაც, მისი თქმით, 50-60 წლის წინ საერთოდ არ ჰქონდა სექტორი,  დღეს კი ის ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.

„ეს არის სექტორი, რომელსაც სჭირდება ძალიან გრძელვადიანი გეგმები და ფაქიზი მოპყრობა, ხოლო წელიწადში ერთხელ თამაშის წესების რადიკალური ცვლილება არ უხდება. ბიუჯეტის გადახარჯვები, ტექნიკური პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ ამ საკითხს ფუნდამენტური ძიების კუთხით მივუდგებით, ძალიან ბევრ კითხვას გავცემთ პასუხს, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი ყიფიანმა.

ჯანდაცვის სექტორში გრძელვადიანი გეგმების მნიშვნელობაზე საუბრობს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძეც. მისი თქმით, მას ძალიან უჭირს ინვესტორების დარწმუნება, სექტორში ინვესტირება გააგრძელონ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანას არა აქვს ერთიანი გრძელვადიანი ხედვა.

„მე წარმოვადგენ კომპანიას, რომელიც ყველაზე მსხვილი ინვესტორია დღეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში. ჩემთვის, როგორც ინვესტორისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა. არ არსებობს ხედვა, თუ როგორი ჯანდაცვა გვინდა გვქონდეს შემდგომი თუნდაც 5 წლის განმავლობაში. მე მესმის, რომ ჩვენნაირ განვითარებად ეკონომიკაში 10- 15- და 20-წლიან გეგმებზე საუბარი რთულია და ნაკლებად რელევანტური იქნება, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ 5-წლიან გეგმაზე, თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ინვესტორს ქვეყანა გარკვეულ „თამაშის წესებს“ შესთავაზებს, ინვესტორს შეუძლია, გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღოს, მაგრამ როდესაც ხედვა არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღება რთულია.

ნიკოლოზ  გამყრელიძის თქმით, ინვესტორების დარწმუნება რომ ჭირს, ეს გასულმა წელმაც დაადასტურა. „შარშან ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო: ბოლო ხუთი წელი 50-60 მლნ ლარის ინვესტიციას ვახორციელებდით, გასულ წელს კოვიდის გამო ეს ინვესტიცია ჩამოვწიეთ დაახლოებით 20 მლნ ლარზე. 40 მლნ-ის ინვესტიცია რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნიდა“, – დასძინა მან.

გამყრელიძე ამბობს, რომ წელსაც იგივე განწყობაა, ვინაიდან ტაქტიკური ნაბიჯები არ ჩანს. „ჩვენ დიდი მოთამაშე ვართ და გაცილებით მოქნილი ვართ, რომ მორგება შევძლოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რა არის ეს თამაშის წესები, თუმცა, სამწუხაროდ, არ გვესმის“, – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *