ხელოვნების სექტორი, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავს საზოგადოებაში ხელახლა იმკვიდრებს

ხელოვნების სექტორი, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავს საზოგადოებაში ხელახლა იმკვიდრებს

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიოს რეალობა შეცვალა. პანდემიით გამოწვეული კრიზისი ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ხელოვნების ინდუსტრია ყოფილა, პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითი სფერო ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ „დაზარალებული“ სექტორია. 2020 წლის მარტიდან მსოფლიო მასშტაბით ყველა თეატრი თუ კინოთეატრი დაიხურა. გასული წლის ბოლო კვარტალის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში მუსიკოსების 27% უმუშევარი იყო.

მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით ხელოვნების ინდუსტრია კორონავირუსთან ადაპტაციას გადის. აღსანიშნავია, რომ გადატვირთული თეატრებისთვის „ადაპტაცია“ მარტივი არ არის. შესაბამისად, დარბაზებში შეზღუდულია მაყურებლების რაოდენობა, მკაცრადაა დაცული ყველა წესი,  რათა ვირუსის გავრცელებას არ  შეეწყოს ხელი. ასევე მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ინერგება სიახლეები, რომლებმაც შესაძლოა, კულტურის სფეროს მომავალი შექმნან.

ცნობისთვის, ბერლინის თეატრები სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობენ. €20-იანი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მაყურებელს საშუალება აქვს, COVID-19-ის ტესტი უფასოდ გაიკეთოს. თეატრალურ პიესებზე დასწრების უფლება მხოლოდ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანებს აქვთ. აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც ბერლინის თეატრებზე, ისე ოპერებზე, კინოთეატრებსა და კონცერტებზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მასშტაბით მკაცრადაა დაცული ჰიგიენის წესები კულტურის სექტორის ყველა შენობაში. „კულტურისა და ევროპის“ სენატორი კლაუს ლედერერი აცხადებს, რომ თეატრები ევროპაში ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერი ოფისი. ასევე სენატორი იმედოვნებს, რომ ვაქცინაცია ხელს შეუწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ხელოვნების სექტორზე.

შემდეგი ინოვაციური მიგნება ხელოვნების ადაპტაციისთვის არის Green Pass-ი, რომელიც ისრაელის ინიციატივით შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია, Green Pass-ი კი ე.წ. საშვია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აიცრნენ ან გადატანილი აქვთ კორონავირუსი. Green Pass-ის მფლობელებს თავისუფლად შეუძლიათ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. შესაძლებელია საშვის როგორც დაბეჭდვა, ისე აპლიკაციით გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მარტში 500-მა ადამიანმა უკვე გამოიყენა საშვი მომღერალ ივრი ლიდერის კონცერტზე დასასწრებად. ცნობისთვის, Green Pass-ის მსგავსი ინიციატივები სხვა ქვეყნებშიც განიხილება, მათ შორისაა ევროკავშირის ქვეყნებიც. სახელმწიფოები თვლიან, რომ ეს ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის იმუნიზაციას.

დაბოლოს, სოციალური დისტანციის საკითხი, რომელიც აქტუალურია კონცერტებისა თუ ღონისძიებების შემთხვევაში. უსაფრთხოების ზომები ყველა გახსნილ თეატრში კონტროლდება. ჰოლივუდის, კალიფორნიის კინოთეატრები აცხადებენ, რომ კარები, სკამები, ზედაპირები სადეზინფექციო ხსნარებით იწმინდება. შედეგად, მოსახლეობის ნდობაც ბოლო პერიოდში გაიზარდა. კალიფორნიის კინოთეატრებში აუდიტორიამ 25%-დან 50%-მდე იმატა ხელოვნების სექტორი, გამოწვევების მიუხედავად, თავს ხელახლა იმკვიდრებს საზოგადოებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *