ორშაბათს გამართული ევროკომისიის სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სრულად აცრილი უცხოელი მოქალაქებიისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იყო.
Forbes-ის ინფორმაციით, კავშირის წევრი სახელმწიფოები – პანდემიამდელი მიმოსვლის აღდგენის მიზნით – თავიანთ ქვეყნებში დაუშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის და/ან WHO-ის ავტორიზებული ვაქცინით არიან აცრილები.
გარდა ამისა, ტურისტების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ ქვეყანა, საიდანაც მოემგზავრებიან, ინფექციის გავრცელებლის დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებოდეს; ასევე, მასში არ იყოს გავრცელებული COVID-19-ის სხვადასხვა შტამი.
ევროკომისია წინადადებას წევრ სახელმწიფოებს წარუდგენს და, ყველას თანხმობის შემთხვევაში, შემსუბუქებული რეგულაციები ძალაში 1 ივნისიდან შევა.
„დროა, გამოვაცოცხლოთ ტურიზმი… მივესალმებით ვაქცინირებული ვიზიტორების ჩამოსვლას ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნებიდან“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, ბლოკის შიგნით წევრები ეტაპობრივად „ვაქცინის პასპორტის“ გაცემასაც დაიწყებენ, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია იმუნიზაციაში ჩართულობასა და/ან კორონავირუსის ტესტის პასუხზე.
დატოვე კომენტარი