ორშაბათს კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა $3000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან Ethereum-ის ფასი 325%-ით გაიზარდა. შედეგად, Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი 27 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ვიტალიკ ბუტერინი 1994 წელს მოსკოვის გარეუბანში, კოლომნაში დაიბადა. შემდეგ ის ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. 2014 წელს ბუტერინს მილიარდერ პიტერ ტილის სტიპენდია მიენიჭა ($100,000), რომელიც საშუალებას აძლევდა, უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად სამეცნიერო კვლევაში ან სტარტაპის შექმნაში მიეღო მონაწილეობა 2 წლის ვადით. ბუტერინმა Ethereum-ი პირველად 2013 წლის ბოლოს წარმოადგინა, მაგრამ სისტემაში კრიპტოვალუტა 2015 წელს ჩაეშვა.
ცნობისთვის, Ethereum-ი არის პლატფორმა დეცენტრალიზებული ონლაინსერვისების შესაქმნელად, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვასა და გამოყენებას საგრძნობლად ამარტივებს. 2015 წელს Ethereum-ის სისტემაში ჩაშვებიდან დღემდე მის მიმართ არა მხოლოდ სტარტაპები, არამედ უმსხვილესი კომპანიები იჩენენ ინტერესს.
2018 წლის ოქტომბერში ბუტერინმა გამოაქვეყნა Ethereum-ის „საფულე“, რომელიც 333,520 ETH შეადგენდა – თანხა $1.09 მილიარდის ეკვივალენტურია. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის შემდეგ Ethereum-ი მეორეა საბაზრო კაპიტალიზაციით. მონაცემთა აგრეგატორის DeFi Pulse-ის თანახმად, Ethereum-ის ფასის ზრდა ტრადიციული ფინანსური სისტემის ცვლილებით შეიძლება აიხსნას. Binance Smart Chain (BSC)-ის მხრიდან კონკურენციის მიუხედავად, Ethereum-ი კრიპტობაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დატოვე კომენტარი