საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.
ვაზილ ჰუდაკი 2016 წლიდან 2019 წლამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მანამდე ის იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი, 2012-2015 წლებში კი ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის პოზიციას იკავებდა. მას კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.. 2006-2010 წლებში Citigroup-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო 2010-2011 წლებში ბანკ JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორი ლონდონში.
ვაზილ ჰუდაკი საქართველოს პრემიერს რჩევებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია.
“კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და, აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მრჩევლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.
წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი – „საქართველოს ბანკი“ და თიბისი ბანკი, ასევე “საქართველოს კაპიტალი” – დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული და მათი ინვესტიციები FDI-იდ განიხილება.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში 2020-ში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, შემდეგია:
გაერთიანებული სამეფო – 307.8 მილიონი დოლარი;
ნიდერლანდი -172.1 მილიონი დოლარი;
თურქეთი – 108.1 მილიონი დოლარი;
აშშ – 93.3 მილიონი დოლარი;
მალტა – 27.6 მილიონი დოლარი;
ლუქსემბურგი -26.5 მილიონი დოლარი;
რუსეთი – 25.5 მილიონი დოლარი;
გერმანია – 23.7 მილიონი დოლარი;
დანია -22.0 მილიონი დოლარი;