ინგლისში მწვანე სიას 12 ახალი გეოგრაფიული ადგილი დაემატა, რას იმას ნიშნავს, რომ 17 მაისიდან ამ ლოკაციებიდან დაბრუნებულ ადამიანებს კარანტინის გავლა აღარ დასჭირდებათ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მწვანე სიიდან ზოგ ქვეყანას, – მაგალითისთვის: ისრაელს, პორტუგალიას, გიბრალტარს – ტურისტებისთვის დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული.
მინისტრ გრანტ შეპსის განცხადებით, ქვეყნის გახსნისას სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევს. ავიაკომპანია Easyjet-ის აღმასრულებელი დირექტორის იოჰან ლუნდგრენის აზრით, მწვანე სიაში ევროპული სახელმწიფოების სიმცირე მეცნიერებითა და სტატისტიკით გამართლებული არ არის.
ინგლისის მთავრობა დაბრუნებული მოქალაქეების კონტროლისთვის „შუქნიშნის“ მეთოდს იყენებს: მწვანე ქვეყნების გარდა, არსებობს წითელი და ყვითელი სახელმწიფოები. ინგლისში ჩასვლამდე და ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ კოვიდტესტის გაკეთება ყველა კატეგორიის ქვეყნიდან დაბრუნებულს უწევს. ათდღიანი კარანტინი წითელ სახელმწიფოებს ეხება, ყვითელს – ათდღიანი თვითიზოლაცია.
წითელ სახელმწიფოებს ყველაზე მკაცრი შეზღუდვები უწევთ. ამ ქვეყნებიდან დაბრუნების უფლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებს აქვთ. თურქეთი წითელ სიაშია დამატებული, რაც ართულებს ჩემპიონთა ლიგის საკითხს: ფინალი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის სტამბოლშია დაგეგმილი. მინისტრი განმარტავს, რომ სასურველია, ფანებმა თურქეთში მოგზაურობაზე უარი თქვან. ამასთანავე, ბრიტანეთის მთავრობა აწარმოებს UEFA-სთან მოლაპარაკებებს, რათა თავად უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას.
მინისტრ გრანტ შეპსის თქმით, ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანია, განაახლოს კავშირი უსაფრთხო სახელმწიფოებთან. შესაბამისად, სამომავლო ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აისახება მწვანე სიის გაფართოება ქვეყნის კოვიდმდგომარეობაზე.
დატოვე კომენტარი