"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
საქართველო გლობალური თავისუფლების რეიტინგში
გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 106-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 210-მდე ქვეყანას და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2021 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2020 წლის რეალობას ასახავს.
თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. პოლიტიკური უფლებები მოიცავს: საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მთავრობის მუშაობას. სამოქალაქო თავისუფლება მოიცავს: სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასოციაციებისა და ორგანიზაციების უფლებებს, სამართლის უზენაესობას და პერსონალურ ავტონომიას და ინდივიდუალურ უფლებებს. ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა მეტ თავისუფლებას ნიშნავს. მაქსიმუმ 40 ქულა მოდის პოლიტიკურ უფლებებზე და მაქსიმუმ 60 ქულა მოდის სამოქალაქო თავისუფლებაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და ექსპერტული შეფასებებით ხდება.
ქულების მიხედვით ქვეყნები იყოფიან თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად.
საქართველო თავისუფლების რეიტინგში
„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 60 ქულა აქვს და 106 ადგილს იკავებს. 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 23 ქულა (40-დან) აქვს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებაში 37 ქულა (60-დან). 2020 წლის კვლევით საქართველოს 61 ქულა ჰქონდა. ბოლო წელს 1 ქულით პოლიტიკური უფლებების ნაწილი გაუარესდა. 61 ქულით საქართველო მე-100 ადგილზე იყო.
ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებს პოლიტიკურ საქმიანობაზე, გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია. რაც შეეხება მედიას, მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულია. პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა.
ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყნები ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი არიან, რომლებსაც მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ და პირველ-მესამე ადგილს ინაწილებენ. შემდეგ ახალი ზელანდია და ნიდერლანდები მოდიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 55 ქულა აქვს, 22 პოლიტიკურ უფლებებში და 33 სამოქალაქო თავისუფლებაში. სომხეთი რეიტინგში 115-ე ადგილზეა. თურქეთს 32 ქულა, 16-16 პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებაში. თურქეთი რეიტინგში 148-ე ადგილზეა. რუსეთს 20 ქულა აქვს, 5 პოლიტიკურ უფლებებში და 15 სამოქალაქო თავისუფლებაში, რეიტინგში 167-ე ადგილზეა. მეზობლებიდან ყველაზე დაბალი ქულა აზერბაიჯანს აქვს – 10 ქულა, 2 პოლიტიკურ უფლებებში და 8 სამოქალაქო თავისუფლებაში, რეიტინგში 195-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი თავისუფლება სირიაშია, რომელსაც 1 ქულა აქვს. შემდეგ მოდის თურქმენეთი, ერიტრეა და სამხრეთი სუდანი 2-2 ქულით. 3 ქულა აქვს ჩრდილოეთ კორეას.
თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ფინეთი | 100 |
2 | ნორვეგია | 100 |
3 | შვედეთი | 100 |
4 | ახალი ზელანდია | 99 |
5 | ნიდერლანდები | 98 |
6 | ურუგვაი | 98 |
7 | კანადა | 98 |
8 | ავსტრალია | 97 |
9 | ირლანდია | 97 |
10 | ლუქსემბურგი | 97 |
წყარო: Freedom House
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024