მიმდინარე კვირას რამდენიმე წამყვანი ამერიკული და საერთაშორისო ბრენდი 2021 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ გამოაქვეყნებს ინფორმაციას. მათ შორის იქნება Best Buy, Costco, Nordstrom-ი, NVIDIA, Salesforce-ი, Dell Technologies-ი, Medtronic-ი, Dollar Tree და სხვები.
გარდა ამისა, 24 მაისის კვირაში ინვესტორებისა და კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღება ციფრული ვალუტის ფასების ცვლილებისკენ იქნება მიმართული. გასულ კვირას ბიტკოინის ფასი $30 000-მდე დაეცა, მოგვიანებით მცირედით გაიზარდა და ამჟამად დაახლოებით $33 500 ღირს. თუმცა ბიტკოინმა საერთო ჯამში ფასის მკვეთრი კლება განიცადა მას შემდეგ, რაც აპრილის შუა რიცხვებში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი $65 000-ს აღწევდა.
აღნიშნულმა მაჩვენებელმა ბევრი ტრეიდერი აიძულა, „კარვები დაეკეცა“, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი ქრება.
ბიტკოინის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჯერ იყო ილონ მასკის ათიოდე დღის წინ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადება, რომ „ტესლა“ მანქანებს კრიპტოვალუტაში აღარ გაყიდდა, შემდეგ ამას ჩინეთის გადაწყვეტილება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ საფინანსო ორგანიზაციებისთვის კრიპტოვალუტაში სერვისების მიწოდებაზე რეგულაციები გაამკაცრა, დაბოლოს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მსხვილი ტრანსფერების შემთხვევაში ახალი რეგულაციები იქნება საჭირო. ამგვარად, საინტერესოა, როგორი იქნება კრიპტოვალუტების ფასების ცვლილება მიმდინარე კვირას.
გარდა ამისა, დღეს რუსეთში აპრილის რიტეილ-გაყიდვებისა და უმუშევრობის დონის ახალ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ, ხვალ, სამშაბათს კი გერმანიაში პირველი კვარტალის მშპ-ის მოცულობა გასაჯაროვდება.
ამასთან, იტალიაში ბიზნესისა და მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებლები გახდება ცნობილი, ხოლო საფრანგეთში – მშპ-ის პირველი კვარტალის შედეგები.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ:
- 25 მაისი – ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები) (2020 წელი)
- 25 მაისი – გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2021 წლის I კვარტალი)
- 28 მაისი – ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები (2020 წელი)
- 28 მაისი – აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები (2020 წელი)
- 28 მაისი – ჯინის კოეფიციენტები (2020 წელი).