აზიის საგულდაგულო ძალისხმევა საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციისათვის

აზიის საგულდაგულო ძალისხმევა საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციისათვის

ის აზიური ქვეყნები, რომლებიც COVID-19-ის მართვაში მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ გასულ წელს, ამჟამად ვირუსთან ბრძოლაში საგრძნობლად ჩამორჩებიან მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესისადმი მათი ძალისხმევის გამო.

ამ პრობლემას სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებული მიზეზი აქვს. თუმცა აზიის უმეტეს ნაწილში ერთი ფაქტორი ყველასათვის საერთოა: ვაქცინის დოზების სიმცირე. იმის გამო, რომ მრავალმა აზიურმა ქვეყანამ თავად ვერ შეძლო ვაქცინის წარმოება, ახლა მათ უწევთ ევროპული და ამერიკული მწარმოებლებისათვის დალოდება, რის გამოც ისინი რიგის ბოლოში იმყოფებიან.

აზიას სხვაგვარად „მსოფლიო საწარმოდაც“ მოიხსენიებენ ხოლმე მაღალინდუსტრიული ეკონომიკის გამო. თუმცა, როგორც ჩანს, იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სახელმწიფოებს ვაქცინაციის პროცესსა და ფარმაცევტულ სფეროში.

Financial Times-ის მიერ შემოთავაზებულ გრაფიკში წარმოდგენილია ვაქცინაციის პროცესის ინტენსივობა აზიურ სახელმწიფოებში 2021 წლის 24 მაისის მონაცემებით. გრაფიკზე, ასევე, ვაქცინაციის პროცესში მოწინავე სახელმწიფოთა მაჩვენებლებსაც ვხვდებით.

განვითარებულ ეკონომიკებს შორის ყველაზე მეტად იაპონია, სამხრეთი კორეა და ავსტრალია ჩამორჩება. იაპონიამ ამ დროისათვის ყოველ 100 ადამიანზე მხოლოდ 6.3 დოზის მიწოდება მოახერხა, განსხვავებით გაერთიანებული სამეფოსაგან, რომლის იგივე მაჩვენებელიც 90-ს უტოლდება. რაც შეეხება დიდ განვითარებად ეკონომიკებს, ტაილანდში, ვიეტნამსა და ფილიპინებში იმუნიზაციის კამპანიები სულ ახლახან დაიწყო.

ინდოეთმაც, რომელსაც საკმაოდ დიდი საწარმოო შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ 14 ვაქცინის მიწოდება შეძლო 100 მოსახლეზე. არასახარბიელო ვითარებაა ჩინეთშიც. იმისდა მიუხედავად, რომ აზიელებმა ვირუსის შეკავება და საკუთარი ვაქცინების შექმნაც შეძლეს, ვაქცინაციის მაჩვენებელი აქ 36 ადამიანს უდრის ყოველ 100 მოსახლეზე.

მეცნიერები და ინდუსტრიის ანალიტიკოსები რამდენიმე მიზეზზე მიუთითებენ, რომელთა გამოც აზიური სახელმწიფოები ჩამორჩებიან. რეგიონის შედარებითი წარმატება პანდემიის მართვის ნაწილში, ავტომატურად გულისხმობდა ნაკლებ პოლიტიკურ ზეწოლას ვაქცინების მისაღებად. ნაკლები პაციენტის დასნეულებამ ბუნებრივად გამოიწვია კლინიკური კვლევების შედეგების შენელება. გარდა ამისა, აზია განიცდის გლობალური ფარმაცევტული კომპანიების სიმცირესაც, რის გამოც კვლევებში პაციენტების ჩართვა სირთულეს წარმოადგენდა.

„Pfizer-ის ეკვივალენტური კომპანია აზიაში არ არსებობს“, – განაცხადა ტოკიოს უნივერსიტეტის ვაქცინების მეცნიერების პროფესორმა, კენ იშიმ.

წინა ათწლეულებში Sars, Mers და ქათმის გრიპის გავრცელებამ აჩვენა, რომ აზიის ჯანდაცვის სისტემა საფრთხეს მომზადებული შეხვდა, თუმცა ეს განსხვავებული გამოვლინებით აისახა ვაქცინებზე. მაგალითად, ჩინეთმა Sars-ის შემდეგ ვაქცინის განვითარებისათვის დიდი ძალისხმევა გასწია, მაშინ როდესაც იაპონიამ მილიარდობით იენი კოვიდ-19-სათვის გამოუსადეგარი ტექნოლოგიის შექმნაზე დახარჯა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ვაქცინის მწარმოებელი, Serum Institute of India, სწორედ ინდოეთში მდებარეობს. იგი თვეში Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის 60-დან 70 მილიონამდე დოზას აწარმოებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდოეთი ამით ვერ სარგებლობს. მას საკუთარი ვაქცინის წარმოების შესაძლებლობაც აქვს. Covaxin-ის ვაქცინა იანვარში გადაუდებელი გამოყენებისათვის დამტკიცდა, თუმცა მისი წარმოების რაოდენობა თვეში 20 მილიონ დოზამდეა შეზღუდული. „მთავრობას სჯეროდა, რომ კოვიდ-19 იანვრისათვის გაქრებოდა, ამიტომ მას არ ჰქონდა გეგმა ბ“, – განაცხადა მურალი ნილაკანტანმა, ფარმაცევტული კომპანიების Cipla-ს და Glenmark-ის ყოფილმა მსოფლიო კონსულმა.

ინდოეთის მსგავსად, იგივე შეცდომა დაუშვა იაპონიამაც, რომელმაც ვაქცინების განვითარება პრიორიტეტად არ მიიჩნია. იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყნის მკვლევრები რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მცირემასშტაბიან კვლევას არც ერთი მათგანი არ გასცდენია. ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, იაპონიამაც ისევე დაუშვა შეცდომა ვაქცინაციის პოლიტიკის დაგეგმვაში, როგორც საფრანგეთმა, შვეიცარიამ და წამლების დიდმა კომპანიებმა GSK-მ, Sanofi-მ და Merck-მა. მისივე განცხადებით, წარმატების მისაღწევად საჭირო იყო თანამედროვე მეცნიერების, ორგანიზაციული მიდგომისა და ხარჯების განუსაზღვრელობის კომბინირებული მიდგომა მთავრობის მხრიდან. კომბინაციური დამოკიდებულების წარმატებულ მაგალითად კი პროფესორს გერმანული BioNTech-ის ვაქცინა მოჰყავს.

მსგავსი ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც. ანონიმურმა ადგილობრივმა ანალიტიკოსმა Financial Times-ს განუცხადა, რომ სამხრეთ კორეაში ინდუსტრია ძირითადად საკონტრაქტო წარმოებაზე იყო ფოკუსირებული. მოკლე დროში ეფექტიანი ვაქცინის შექმნას დიდი რაოდენობით ფინანსები, ტექნოლოგია და კვალიფიციური მკვლევრები სჭირდება, რომელთაგან სამხრეთ კორეას არც ერთი არ გააჩნია.

შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი გამონაკლისი აზიაში ჩინეთია. მისი წარმატებული ოპერირება ვაქცინის დამზადებისა და შემდეგ მისი მასობრივი წარმოების კუთხით, იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ევროპასა და შეერთებულ შტატებს არ შესწევთ ამის უნარი. ჩინელ მწარმოებლებს შექმნილი ვაქცინის დაახლოებით ნახევარი გააქვთ ექსპორტზე ოფიციალური პეკინის მიერ საზღვარგარეთ იმუნიზაციის დიპლომატიური პირობის შესასრულებლად. სფეროს ექსპერტები ხუთი წლის პერსპექტივაში, ჩინეთს გლობალურ, კონკურენტუნარიან მოთამაშედ ხედავენ ბიოტექ-სფეროში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *