სააქციო საზოგადოება „თელასი“ საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში განაწილების ლიცენზიის მფლობელი ორი კომპანიიდან ერთ-ერთია. ის ამ ლიცენზიას დედაქალაქის მასშტაბით ფლობს და ნახევარ მილიონზე მეტ რეგისტრირებულ აბონენტს ემსახურება.
„თელასის“ 2020 წლის აუდიტირებული ანგარიშგება რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს კომპანიის შემოსავლები შემცირდა და საერთოდაც, კომპანიამ 2020 წელი ათეულობით მილიონი ლარის მოცულობის ზარალით დაასრულა.
„თელასის“ სრული შემოსავლის ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 2020 წელს 411,1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო ელექტროენერგიის რეალიზაციით. 2019 წლის იდენტური მაჩვენებელი 453,1 მილიონი ლარი იყო – 42 მილიონი ლარით მეტი.
შემოსავლების ათეულობით მილიონით შემცირებას კომპანია პანდემიის გამო შემცირებული ელექტრომოხმარებით ხსნის, კერძოდ: „კომპანიის საოპერაციო მოგება ძალზე დამოკიდებულია იურიდიული პირების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე, რომლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო. აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად იკლო სავაჭრო და სამრეწველო სექტორებისადმი ელექტროენერგიის გაყიდვების მოცულობამ“. – ვკითხულობთ კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშგებაში.
პარალელურად, 2020 წელს „თელასს“ დაახლოებით 36 მილიონი ლარით გაეზარდა ელექტროენერგიის შესყიდვისთვის საჭირო ხარჯები. ამ ორი ფაქტორის გავლენით, თელასმა 2020 წელი 72.9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. რაც შეეხება 2019 წელს – კომპანიის მოგება 14.3 მილიონი ლარი იყო.
ცნობისთვის, „თელასის“ აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) Silk Road Holdings B.V ფლობს, ამ უკანასკნელის საბოლოო მფლობელი კი გახლავთ რუსული „ინტერ რაო“, რომლის ძირითადი აქციონერიც რუსეთის ფედერაციაა. კომპანიაში აქციების 24.53%-ს ფლობდა სს „საპარტნიორო ფონდიც“, თუმცა 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ წილი 10 მილიონ აშშ დოლარად სრულად გაასხვისა შპს „ბესტ ენერჯი გრუპ“-ზე, რომლის ძირითადი მესაკუთრეც ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.
დატოვე კომენტარი