ფრანგული ღვინოების Liber Pater-ის მეპატრონე და თავად მეღვინე ლუიკ პასკე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის დანერგვით ვენახის გაშენებას გეგმავს. შემდეგ კი ახალი მაღალხარისხიანი გამორჩეული ღვინო შეიქმნება. ფრანგ მეღვინეს პარტნიორობას საქართველოდან კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე უწევს.
ლუიკ პასკე საქართველოში სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა, იმოგზაურა ქვეყანაში, სხვადასხვა ტერუარი მოინახულა და ღვინოები დააგემოვნა. შედეგად მას უკვე აქვს მონახაზი და გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბრენდად აქციოს.
“მთელი საქართველო მოვიარეთ, ღვინის დაყენების არსებული მეთოდები შევისწავლეთ და გეგმაც დავსახეთ. აქ მე კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები, მათ შორის სექტემბერში, რათა რთველის პროცესსაც დავაკვირდე. თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გაუგებარია, როგორ შეიძლება, ასეთი უნიკალური ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ძვირად არ იყიდებოდეს“, – ამბობს ლუიკ პასკე.
ამასთან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ღვინის მწარმოებლის თქმით, ქართული ღვინის პრობლემა არა ხარისხი, არამედ არასწორი მარკეტინგი და სტრატეგიაა. ის ასევე ამბობს, რომ საქართველოს არასწორ ბაზრებზე, მაგალითად, მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე აქვს გათვლა და არა ევროპაზე.
„ახლა საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგება, რადგან ჩვენ მივაღწევთ იმას, რაზეც აქამდე მხოლოდ ვოცნებობდით. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ რატომღაც შინაგანი გრძნობები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს მიზანი მიღწევადია“, – ამბობს „ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე.
ლუიკ პასკე „ასკანელის“ გუნდთან ერთად შექმნის ახალ ქართულ ღვინოს, რომელიც იქნება Liber Pater-ის ბრენდით, თუმცა ქართული ფესვებით.
დატოვე კომენტარი