1.3 მილიონი მომხმარებელი და პანდემიის მიუხედავად გაზრდილი ბიზნესი – „ვიონი საქართველო“ ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ახალ გენერალურ დირექტორთან, ლაშა ტაბიძესთან ერთად ხვდება.
ლაშა ტაბიძე, „ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორი
ლაშა ტაბიძე „ვიონი საქართველოს“ გენერალურ დირექტორად 2021 წლის 15 მარტს დაინიშნა. გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებამდე, 2018 – 2021 წლებში, ამავე კომპანიაში ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, რომელზეც ის კომერციული დირექტორის პოსტიდან დაწინაურდა. საერთო ჯამში მისი გამოცდილება ტელეკომუნიკაციების სექტორში ათ წელს ითვლის.
ლაშა ტაბიძეს აქვს მრავალი წლის წარმატებული გამოცდილება ბიზნესის მართვაში, აღმასრულებელ პოზიციებზე. 2011 წელს, „ვიონი საქართველოში“ კომერციული დირექტორის პოსტზე გადმოსვლამდე, იგი მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა სს “სარაჯიშვილი” – კომერციული დირექტორის პოზიციაზე და Vellagio Ltd. ( „ვისოლი ჯგუფი”) – ბიზნესის განვითარების დირექტორად.
ლაშა ტაბიძეს განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლს უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. ფლობს სამ უცხო ენას: ინგლისურს, გერმანულსა და რუსულს.
ლაშა ტაბიძე. 38 წლის. „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) გენერალური დირექტორი – ერთმანეთს ზუმით ვესაუბრებით. არაფერი ისე არ მახსენებს, რომ ისევ პანდემიის რეალობაში გვიწევს ცხოვრება, – უკვე პირბადეც კი – ვიდრე ის ფაქტი, რომ საყდე ინტერვიუ და თან საერთოდ ახალ რესპონდენტთან, ონლაინპლატფორმაზე უნდა შედგეს. მოცემულობას ვერგები, ჩამწერს თითს ვაჭერ და ვიწყებთ.
ლაშა ტაბიძე უკვე 10 წელია, რაც „ვიონი საქართველოს“ თანამშრომელია. ოთხი გენერალური დირექტორი გამოიცვალა, მულტინაციონალური კომპანიის ყველა თავისებურება გაიაზრა და პრაქტიკაში კარგად გაწვრთნილი უნარების დანერგვამ გენერალური დირექტორის სტატუსიც მოუტანა.
მულტინაციონალური კომპანიის მთავარი გამოწვევა მისთვის, საკუთარი უნარების არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ უფრო ფართოდ – ჯგუფის დონეზე წარმოჩენა იყო. „ამას სრულიად სხვა უნარები სჭირდება“, – ამბობს ლაშა ტაბიძე, თუმცა იქვე ამატებს განვითარების მისთვის მთავარ ფილოსოფიას, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და სადაც გამოწვევაა, იქ აუცილებლად არის შესაძლებლობაც.
ამ მიდგომით დღეს ის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფ VEON-ში შემავალ კომპანიას – „ვიონი საქართველოს“ მართავს.
თავად VEON-ის სათავო ოფისი ამსტერდამშია და 212 მილიონ მომხმარებელს, მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის, საქართველოშიც, აწვდის ძირითად კომუნიკაციებსა და ციფრულ მომსახურებას. VEON-ის აქციები NASDAQ-ისა (ნიუ-იორკი) და Euronext-ის (ამსტერდამი) საფონდო ბირჟებზეა განთავსებული.
2021 წლის თებერვლის მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, „ვიონი საქართველოს“ ბაზრის წილი გაზრდილია.
ლაშა ტაბიძეს პანდემიის არ ეშინია. კრიზისმენეჯმენტის გამოცდილებაც აქვს – მართალია, სხვა სექტორსა და სხვა კომპანიაში, მაგრამ ჩვენი ინტერვიუს ფონზე, ერთი გამოკვეთილი შთაბეჭდილება მრჩება – მისთვის განყენებული გამოცდილება არ არსებობს: ყველა ცოდნასა და უნარს აერთიანებს და შემდეგ პრაქტიკაში თანამიმდევრულად ნერგავს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, სადაც ვარ და სადამდეც მოვედი, – ასე მეუბნება. – ვფიქრობ, ამას დიდი შრომის, საკუთარი და ჩემი გუნდის ძალისხმევით მივაღწიე და ვთვლი, რომ ეს მიღწევა უფრო ჩემმა შესაძლებლობებმა მომიტანა, ვიდრე გამართლებამ“.
გამართლებაზე მეტად, აშკარად, სტრატეგიული ხედვის იმედი აქვს. როგორც ამბობს, არა აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტზე მუშაობს – ალკოჰოლს ყიდის, დაზღვევას, რეკლამას თუ საბოლოოდ, სიმბარათს – მთავარია მენეჯმენტის სამი პრინციპის დაცვა: „პირველი – ხედვა, საით გინდა, რომ კომპანია მივიდეს; მეორე – ვინ არის შენი მომხმარებელი და რას აკეთებ ამ მომხმარებლისთვის და მესამე – ვინ უნდა იყოს ამაში შენთან ერთად ჩართული, რომ ეს ორი კომპონენტი შესრულდეს“.
თითქმის ერთსაათიან ინტერვიუსაც მის ამ სქემაზე ვაგებ.
თქვენს თამაშს ავყვები მაშინ. დეტალურად გავიაროთ ეს სამი კომპონენტი. დავიწყოთ ხედვით – რა იქნება თქვენი ხელწერა და რით გაზომავთ, რამდენად წარმატებული იყო თქვენი საქმიანობა ამ პოზიციაზე?
ყველაზე მთავარი, რასაც გავაკეთებ, მედლის ორი მხარე აქაც მემახსოვრება. პირველი – გუნდს შიგნით ექნება მაქსიმალური თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა – ეს მოხდება არა მხოლოდ ერთად მუშაობის, ქოუჩინგის, კოლაბორაციის გზით, არამედ ყველა იმ რესურსით, რაც კომპანიას აქვს და არაერთი აქვს – საგანმანათლებლო პროექტები, სხვადასხვა კურსის დაფინანსება, ლიცენზიები და სწავლება და ამასთან ერთად, თავისუფლება, რის შენებასაც წლები მოვანდომეთ და რაც მუშაობს.
პანდემიის მიუხედავად?
2020 წელი ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი იყო. ის, რასაც დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ იმუშავე, საიდანაც გინდა, გქონდეს თავისუფალი გრაფიკი, მთავარია, საქმე შეასრულო – 2020 წელმა პრაქტიკულად დაგვიმტკიცა, რომ წინა წლებშიც ძალიან სწორი მიდგომა გვქონდა. დღეს ეს დიდი უპირატესობაა და ეს უპირატესობა მხოლოდ გაძლიერდება.
ეჯაილზე ვსაუბრობთ? დღეს ეს ტერმინი სულ უფრო ხშირად ხვდება ამ ფურცლებზეც…
ეჯაილი ჩვენს კომპანიაში 2014 წლიდან დავნერგეთ. დიდი გამოცდილება იყო. მეც შიდა წარმატებას შევაფასებ იმით, რამდენად კმაყოფილი იქნება ჩემი გუნდი, რამდენად კმაყოფილები იქნებიან ჩვენი თანამშრომლები და ასევე – რამდენად მრავალფეროვანია ის გამოცდილება, რასაც გუნდის წევრები ამ სამუშაო სივრცეში იღებენ. მაგალითად, რამდენ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვებიან, რამდენ როტაციას გაივლიან და ასე შემდეგ. არ არსებობს ცუდი გუნდი. არსებობს გუნდი, რომელიც ვითარდება და რომელიც ვერ ვითარდება.
და ეს მენეჯერზეა დამოკიდებული?
დიახ. ვთვლი, რომ მენეჯერის სისუსტეცაა, როდესაც გუნდის ცვლას იწყებს, ხოლო სიძლიერე, როცა მენეჯერი თავისი გუნდის განვითარებას მაქსიმალურ ენერგიას და რესურსს უთმობს და საკმარის თავისუფლებას უტოვებს მას, რომ გაიზარდოს და გაძლიერდეს. 21-ე საუკუნეში ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე პროფესიას ბოლომდე ფლობს – ყველაფერი ძალიან დინამიურად იცვლება, ამიტომ მუდმივად ინფორმირებული უნდა იყო, მუდმივად უნდა ვითარდებოდე – წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენტულობას მარტივად კარგავ.
მედლის მეორე მხარე რა არის?
მედლის მეორე მხარე გარე მხარეა – კომპანიის გარე განვითარება. 2011 წელი რომ ავიღოთ, როცა მე მოვედი კომპანიაში, მაშინ ინტერნეტტექნოლოგიები საერთოდ არ გვქონდა – მხოლოდ 2G. 2015 წელს დავწერეთ 4G-ზე გადასვლის სტრატეგია – პირველები ვიყავით, ვინც ქვეყანაში ლიცენზიაც შეიძინა და ეს ტექნოლოგიაც შემოიტანა.
თქვენი როლი რა იყო ამ ყველაფერში?
ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ ბიზნესი ამ ინოვაციას დასწეოდა. წარმოიდგინეთ, ჯგუფი ათეულობით მილიონის ინვესტიციას აბანდებს ამ ქსელის გამართვაში და გარეთ, მოხმარებაში ძალიან ცოტა 4G მობილურია. მაგრამ ჩვენ სტრატეგია ოთხ წელზე გავწერეთ და 2018 წელს ჩადებული ინვესტიცია სრულად ამოვიღეთ. ამ დროს 4G მომხმარებლების რაოდენობა უკვე აღემატებოდა სხვა ტექნოლოგიების მომხმარებელთა რაოდენობას.
ამით რის თქმა გინდათ?
სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ამ კომპანიის რეალობა ის არის, რომ პანდემია სულ რომ არ მომხდარიყო, 2018 წლიდან ის ციფრულ რელსებზე უკვე იდგა. ციფრული მიმართულება ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ სიტყვები არ არის. 2016 წელს გავუშვით პირველი აპლიკაცია. შემდეგ უკვე e-commerce-ის განვითარებაზე ავიღეთ აქცენტი – მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ ბაზარს მხოლოდ ორიოდე ათეული მომხმარებელი თუ ჰყავდა. დღეს ნახევარი მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი გვყავს მხოლოდ ერთი არხის – მაგალითად, აპლიკაციის.
მაშინ ისიც მითხარით, რით ზომავთ კომპანიის წარმატებას – ესეც ხედვის ნაწილია, არა?
პირადად ჩემთვის კომპანიის წარმატება ორად იყოფა – პირველი: ეს არის, რა თქმა უნდა, ფინანსური და კომერციული მაჩვენებლები, რომლებიც საშუალებას გვიქმნის, გავაგრძელოთ ინვესტირება, რომ კომპანია კიდევ უფრო გაიზარდოს. და მეორე – ეს არის მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ანუ მათი კეთილდღეობა. აი, ეს ორი მაჩვენებელია, რითაც ვზომავ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მთელი ჩემი გუნდის და, შესაბამისად, კომპანიის წარმატებას.
მოდი, ახლა ეს ხედვა კონკრეტულ პროდუქტებში ვთარგმნოთ…
ჩვენი მთავარი აქცენტი რაც შეიძლება მეტი ინოვაციის დანერგვაა. ჩვენ გვაქვს ჩეტბოტი, გვაქვს აპლიკაცია, გვაქვს ვებსაიტი, გვაქვს ონლაინმომსახურების ცენტრები, გვაქვს ციფრული ტერმინალები მაღაზიებში. ინოვაციური კომპანია ვართ და ეს წლების განმავლობაში უკვე დავამტკიცეთ. ცნება – ტარიფი ქვეყანაში ჩვენ შემოვიტანეთ, მანამდე ასეთი ცნება აქ საერთოდ არ არსებობდა და ამას გარდა, ჩვენ ფიზიკური არხებიც კი გავაციფრულეთ ისეთი ტერმინალებით, რომელთა მეშვეობით ადამიანს სრულად თვითმომსახურება შეუძლია. აქ ჩანს სწორედ ჩვენი ხედვა – ჩვენ ვემსახურებით 1.3 მილიონ მომხმარებელს, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი სტიმულიც, რომ ჩვენ ამ ადამიანებს შევთავაზოთ ის, რაც მათ დღეს სჭირდებათ.
საიდან იცით, მათ რა სჭირდებათ?
ჩვენს მომხმარებელს კარგად ვიცნობთ. ვაკვირდებით და ყურადღებით ვუსმენთ. კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროდუქტი – იცით, რომ ამ ქვეყანაში ლიცენზირებული მუსიკის აპლიკაცია პრაქტიკულად არ არსებობდა – მუსიკა ან უნდა მოგეპარა, ან ძალიან ბევრი ინტერნეტი დაგეხარჯა მის მოსასმენად. ჩვენ ამ ბაზრის შესწავლით და მომხმარებლის თხოვნით, შევთავაზეთ აპლიკაცია. ჩვენ მომხმარებლებს მუდმივად ვუსვამთ კითხვებს არა მხოლოდ არსებულ პროდუქტებზე, არამედ იმაზეც, თუ რა სჭირდებათ, რა მოეწონებოდათ. ამ უკუკავშირის საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში ცნობილი აპლიკაცია გავუშვით და დღეს უკვე სამგიგაბაიტიან პაკეტში აქვთ ბილაინის მომხმარებლებს ეს app-ი ინტეგრირებული. კმაყოფილები არიან. აქვე, კიდევ ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო – 2020 წელს ძალიან დიდი საჭიროება დავინახეთ e-learning-ის – ონლაინსწავლისა და სწავლების – მიმართულებით. ჩვენს კომპანიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში ცნობილ დიდ კომპანიებს და პლატფორმებს პირდაპირ დავუკავშირდეთ და ვუთხრათ – ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მომხმარებლებს ამ ტიპის პროდუქტი ან სერვისი სჭირდებათ და მოდი, გვესაუბრე, როგორ შეგვიძლია ამ საჭიროებას ვუპასუხოთ და რაც სჭირდებათ, ზუსტად ის მივაწოდოთ. როცა ასეთი სტრატეგია გაქვს არჩეული, შემდეგ CSR აქტივობებიც უფრო თანამიმდევრულია – მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ხან უფასოდ ვთავაზობდით ინტერნეტს, ხან შეღავათიანი ტარიფებით. ჩვენი მომხმარებლების ინტერესები და ჩვენი ინტერესები მჭიდროდაა გადაჯაჭვული – ერთმანეთის გარეშე, პრაქტიკულად არც არსებობს.
შევაჯამოთ ხედვის ნაწილი – თქვენ, როგორც საკმაოდ ახალი გენერალური დირექტორი, როგორი კომპანიის მშენებლობას თუ გაძლიერებას ჰპირდებით დღეს მომხმარებელს?
ეს კომპანია იქნება ერთგვარი ეკოსისტემა და ჰაბი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს იმ დიდი გამოცდილებით, იმ პროფესიონალებით, რომლებიც ამ კომპანიაში არიან თავმოყრილი და იმ უდიდესი რესურსით, რომელიც ჩვენ როგორც კომპანიას, ჩვენ როგორც ჯგუფს გვაქვს – შევეცდებით, რომ მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტი, ქვეყანას შევუქმნათ ეკონომიკური დოვლათი და, რა თქმა უნდა, განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი ისე, რომ მაქსიმალურად იყოს ჯგუფის მასშტაბით ეს კომპანია და ეს ქვეყანა წარმოჩენილი.
თქვენს უნივერსალურ მენეჯერულ პრინციპებში – ხედვას მომხმარებელი მოსდევს. ვინ არის „ვიონი საქართველოს“ მომხმარებელი?
21-ე საუკუნეში მომხმარებელი ბიზნესის ნაწილია. ადრე მარკეტინგში იყო მიდგომა, რომ კომპანიას წინმსწრებად უნდა გამოეცნო, რა შეიძლება ნდომოდა მომხმარებელს. შემდეგ – რეკლამით უნდა მიგეპყრო მისი ყურადღება. შემდეგ კი წარმატებულმა კომპანიებმა – არსებობენ კარგი კომპანიები და არსებობენ წარმატებული კომპანიები – მომხმარებლის მოსმენა დაიწყეს. მათ შორის ვიყავით ჩვენც.
რით განსხვავდება ეს მიდგომა თქვენ მიერ ჩამოთვლილი სხვა მიდგომებისგან?
თუ მომხმარებლის მოსმენა და მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება კომპანიისთვის პრიორიტეტული, მაშინ მოგების მარჟა, შემოსავლიანობა უკანა პლანზე გადადის. ამოსავალი ხდება მომხმარებლის ლოიალურობის მოპოვება და შენარჩუნება. ხედვაც იცვლება – მთავარი ხდება, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო მომხმარებელი და მისი კმაყოფილება. როცა მომხმარებელი კმაყოფილია, ახალ სერვისებსაც ითვისებს, რადგან უკვე ბრენდს ენდობა. გრძელ ვადაში ეს გაცილებით მეტი და სტაბილური შემოსავალია, ვიდრე იმ მიდგომით, როცა ფასის მომატებით მოკლე ვადაში მეტი მოგების ნახვაა შესაძლებელი.
თვითონ მომხმარებელი თუ იცვლება?
დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა. ის არა მხოლოდ იმით გახდა ბიზნესის ნაწილი, რომ მუდმივად გვესაუბრება, არამედ იმითაც, რომ კომპანიის მომავალ გეზს განსაზღვრავს – სად უნდა წავიდეს კომპანია ხვალ – ამ კითხვაზე პასუხი მათ შორის მომხმარებელსაც აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
კონკურენცია თუ იცვლება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბოლო პერიოდში რამდენი ასეთი საყდე ბიზნესინტერვიუც მქონია და გარწმუნებთ, ბევრია – ჩემთვის ერთი რამ აშკარაა: ფოკუსი მომხმარებელზე იზრდება – ვთქვათ, თუ ადრე, მაგალითად, ბანკები კონკურენციაში შედიოდნენ უფრო ფართოდ საფინანსო სექტორთან, ახლა მთელ რიტეილ-სექტორთან კონკურენციაში არიან. რას ცვლის კონკურენციის საზღვრების ასეთი გაფართოება თქვენი ბიზნესისთვის?
როგორც თავის დროზე ინტერნეტმა გააერთიანა მსოფლიო და ერთმანეთთან ურთიერთობა შეუქმნა, დღესაც ზუსტად იგივე ხდება. დღეს ეკოსისტემების ერა მოდის – მომხმარებელს საერთოდ არ სჭირდება ასობით აპლიკაციაში გარკვევა ან ასობით ვებსაიტის გახსნა და ყველგან სათითაოდ რეგისტრირება. ის გვკარნახობს მთელ ეკოსისტემას, თუ რა უნდა გამოიყენოს რისთვის, ოღონდ მარტივად და სწრაფად. ამიტომ ისიც, რაც თქვენ ახსენეთ, რომ სხვადასხვა ინდუსტრია სხვადასხვა ბიზნესსფეროში შედის, სწორედ მომხმარებლიდან გამომდინარეობს. თუ მომხმარებელს ადრე მხოლოდ ზარი სჭირდებოდა, ტელეკომუნიკატორებიც ვისხედით და მხოლოდ ზარის სერვისს ვაწვდიდით. დღეს უკვე სხვა რეალობაა – მომხმარებელი ყველა კომპანიას გვთხოვს იმას, რომ ვიყოთ იქ, სადაც ის არის, მაშინ, როცა ის იქ არის და მივაწოდოთ ის, რაც მას იმ მომენტში უნდა.
„თუ მომხმარებლის მოსმენა და მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება კომპანიისთვის პრიორიტეტული, მაშინ მოგების მარჟა, შემოსავლიანობა უკანა პლანზე გადადის. ამოსავალი ხდება მომხმარებლის ლოიალურობის მოპოვება და შენარჩუნება“.
ამ ფორმით გაზრდილი კონკურენცია თქვენთვის გამოწვევა უფროა თუ შესაძლებლობა?
თუ შემდგომში ჩვენ კიდევ გამოვიცნობთ, ისევ მომხმარებლის ხმის გაგონების შედეგად, თუ რა შეიძლება მისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდეს – დრო დაუზოგოს და კიდევ უფრო მეტი სინერგია შექმნას სხვადასხვა კომპანიას შორის და ამ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს რამდენიმე ნაბიჯით ამ ყველაფრის გაკეთება, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი. დღეს ეს რეალობაა. ვფიქრობ, მსოფლიო იქით მიდის – კომპანიები ეკოსისტემებში ერთიანდებიან, ინფორმაციას ცვლიან და, ჯამში, მომხმარებელიც უკეთეს პროდუქტს ან სერვისს იღებს. ეს პროცესი არ შეჩერდება. წინაღობაც არ უნდა შეხვდეს, ჩემი აზრით.
რეგულირება წინაღობაა?
ერთი მხრივ, რეგულირება საჭიროა, რომ ბაზარზე მონოპოლისტი არ გაჩნდეს, მაგრამ სხვა მხრივაც შევხედოთ: ჩვენს 1.3 მილიონ მომხმარებელს დღეს შეუძლია მინიმალური, მაგრამ რაღაც თანხის ერთმანეთთან გადარიცხვა, ბალანსის შევსება, ერთმანეთისთვის პროდუქტის შეძენა; ახლა უკვე შეუძლიათ, ერთმანეთს მუსიკა აჩუქონ, გაუგზავნონ. ყველაფერი ერთიანდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეკოსისტემების ერა მოდის და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. თუ ეს კეთდება სწორად, ეთიკური ბიზნესის ნორმების დაცვით, მომხმარებლის ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვით და ამასთან, მომხმარებლისთვის ახალი დოვლათი იქმნება, ეს მხოლოდ მოსაწონია. ეს დინამიკა სულ უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები გახდება. ჩვენი თავი გავიხსენოთ, თუნდაც სულ რაღაც 3-4 წლის წინ, პროდუქტის თუ სერვისის ონლაინ შესაძენად 6-7 ნაბიჯის გავლა გვჭირდებოდა, დღეს ნაბიჯების რაოდენობა, სულ მცირე, განახლებულია და ვფიქრობ, სულ უფრო ვუახლოვდებით იმ მომენტს, როცა ამისთვის ერთი ან ორი ნაბიჯიც საკმარისი იქნება. ეს კი მომხმარებლის კმაყოფილებას მხოლოდ გაზრდის.
თუმცა საკვანძო სიტყვა ახსენეთ – უსაფრთხოება, რაც ზოგჯერ ზღვარზეა სიმარტივესთან და, შესაბამისად, მომხმარებლის კმაყოფილებასთანაც. რა ევოლუცია განიცადა ამ ბაზარმა თუნდაც იმ 10 წლის განმავლობაში, რასაც კონკრეტულად თქვენი გამოცდილება ითვლის?
ბოლო 4-5 წელია, ეს ბაზარი საოცრად დინამიური გახდა. 10 წლის წინ, როცა მე შემოვუერთდი ტელეკომს, ის მთლიანად იყო მიბმული ტექნოლოგიაზე. დღეს ტექნოლოგიასთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია სერვისიც. ახალი გამოწვევაც გვიახლოვდება – ელექტრონული სიმბარათი – ანუ სულ მალე ფიზიკური სიმბარათიც არ იქნება საჭირო და ამას საით მივყავართ, განვითარების თვალსაზრისით, აქ ნუ გამოვიცნობთ. რაც შეგვიძლია გავთვალოთ, ის არის, რომ ტექნოლოგიასა და სერვისთან ერთად, შემდეგი საფეხური თვითმომსახურება იქნება. ეს საკმაოდ ახალი ცნებაა, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია, ვავითარებთ. თვითმომსახურება იმდენად მარტივი უნდა იყოს, რომ მომხმარებელს ფიზიკური შეხების წერტილები აღარ დასჭირდეს – ქოლცენტრი, მაღაზია – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ გაქრება, რადგან დღეს ყველა ბიზნესი განვითარების ჰიბრიდულ მოდელზე იმყოფება – არც მხოლოდ ონლაინ ვარგა, არც მხოლოდ ფიზიკური სივრცე. ეს ალბათ, კიდევ კარგა ხანს, ასეც დარჩება. მთლიანად საქართველოს ბაზარს რაც შეეხება, ტელეკომი სწრაფად და კონკურენტულ გარემოში ვითარდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში – სულ რამდენიმე წელი გავიდა, რაც ბაზარზე დიდი გაერთიანებები მოხდა, „მაგთიკომისა“ და „კავკასუს ონლაინის“, შემდგომ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენა – ეს ყველაფერი ცვლის ბაზარზე სიტუაციას.
მე მგონი, ბუნებრივად მივადექით თქვენს მენეჯმენტის უნივერსალურ პრინციპებში ბოლო და მესამე კომპონენტსაც – გუნდს. გუნდიც არის ერთი მიზეზი, რატომაც დღემდე, ამ დიდი გადალაგების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებთ ბაზარზე თქვენს ნიშას?
„ვიონი საქართველოს“ გუნდი გამორჩეულია თავისი ინოვაციურობის ხარისხით. ასეთ ადამიანებთან ერთად ვაკეთებ საქმეს. ჩვენ თავიდანვე, პირველი წლებიდან გვქონდა გაცხადებული, რომ ჩვენ ვიქნებით ინოვაციური კომპანია – ჩვენ ყოველთვის შემოვიტანთ და დავნერგავთ იმ სიახლეებს, რაზეც შეიძლება მოთხოვნა ბუნებრივად კიდევ 3-4 წელი არ გაჩნდეს და რაც, პირველ ეტაპზე, შეიძლება მხოლოდ დასავლურ ბაზრებზე იყოს განვითარებული. და ჩვენ ამას ვაკეთებთ – იმ ადამიანებთან, იმ გუნდთან ერთად, ვინც აქ მუშაობს. როდესაც ტარიფები შემოგვაქვს, როდესაც პაკეტები შემოგვაქვს, როდესაც ახალ მომსახურებაზე ვმუშაობთ, – იქნება ეს მუსიკის სთრიმინგი თუ ტელევიზია – ამით მობილურ სერვისებს ვავითარებთ. ეს არის ჩვენი დინამიკა. წლების წინ, როდესაც ვახსენებდით, რომ ჩვენ ვითვლით მომხმარებლის კმაყოფილებას – გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ, რას ითვლითო. თუმცა სწორედ ეს გვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რაც ყველაზე ღირებულია ამ გუნდისთვის – ბიზნესის ეთიკურად წარმოება. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავებასა და სიახლის გამოტანამდე ვეკითხებით მომხმარებელს – უნდა თუ არა, რომ ეს გაკეთდეს. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენდა საბედნიეროდ, მონაცემების დაცულობის კუთხით, ძალიან განვითარებულები ვართ – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის არსებობაც ამის დასტურია. ჩვენს გუნდს და კომპანიას რაც შეეხება, ეს ჩვენს დეენემშია. ინვესტიციების დიდ წილს სწორედ უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ნაწილში ვაბანდებთ – მხოლოდ უახლეს და თანამედროვე სისტემებს ვანდობთ ჩვენი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას. ადრე ამბობდნენ, ქეში მეფეაო – დღეს საუბარია, რომ კონტენტი გახდა მეფე. თუ კონტენტი კარგად არის შექმნილი და შენ შეგიძლია, ეს ყველაფერი მომხმარებელს მიაწოდო მაშინ, როცა ეს მას სჭირდება, ეს უკვე დიდი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელიც კმაყოფილია და, რა თქმა უნდა, კომპანიაში დოვლათი იქმნება, რაც შემდგომ ისევ განვითარებას ხმარდება.
შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: რა არის დღეს თქვენი მთავარი გზავნილი თქვენი მომხმარებლებისადმი?
პირველი – დაიცავით უსაფრთხოება, ჰიგიენის წესები, ვისაც ჯანმრთელობა და ასაკი ხელს გიწყობთ, აიცერით და ასე გამოავლინეთ თქვენი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართაც.
მეორე – ჩვენ მაქსიმალურად შეგიქმნით კომფორტს, რომ ამ ახალ რეალობასთან ადაპტირება გაგიმარტივდეთ. აქ იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ონლაინსერვისის შეუფერხებელ მიწოდებას გპირდებით, განვითარებასაც გავაგრძელებთ და კიდევ უფრო ინტენსიურადაც. ჩვენთვის მთავარია, დისკომფორტი არ შეგექმნათ და თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.
და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე. გვესმის თქვენი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერვისები იყოს სწრაფი და ხელმისაწვდომი.
სულ ბოლო: რა მოდის ხვალ?
მეტი ციფრულობა – ეს გარდაუვალი იქნება. რაც უფრო მალე ავუწყობთ ამ ტენდენციას ფეხს, რაც უფრო მეტად განვივითარებთ ციფრულ უნარებს, რაც უფრო მეტად ვადაპტირდებით ონლაინსივრცესთან, მით მეტი დრო დაგვრჩება სხვა ურთიერთობებისთვის და, რაც მთავარია, უფრო მზად დავხვდებით ახალ, დიდ გამოწვევებს, რაც ასევე აუცილებლად იქნება.
დატოვე კომენტარი