"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი და მემარჯვენეები
1929-1933 წლების „დიდმა დეპრესიამ“ რიგი ეკონომისტები (ჯონ მეინარდ კეინზი და სხვანი) დაარწმუნა, რომ შექმნილ კრიზისთან საბაზრო ძალებით, მთავრობის ჩარევის გარეშე გამკლავება შეუძლებელი იყო. ასეთი ეკონომიკური აზროვნება ევროპასა და ამერიკას მალევე მოედო და მეტიც, ის დღემდე აქტუალურია. მოდი, ამერიკის მაგალითი მიმოვიხილოთ: 2012 წლის მონაცემებით, სიღარიბესთან ბრძოლაში, ყოველწლიურად, აშშ-ის ფედერალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თითქმის ერთი ტრილიონი დოლარი იხარჯება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ოცი ათას დოლარს უდრის.[1] განსაკუთრებული ზრდა სახელმწიფო დანახარჯებმა 1964 წლის შემდეგ განიცადა, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლინდონ ბეინზ ჯონსონმა სიღარიბეს ომი გამოუცხადა.[2] 1965-2001 წლებში აშშ-ის სამთავრობო დანახარჯები თითქმის გასამმაგდა, ხოლო ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო.[3] მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბისთვის გამოცხადებული ომის ავსა და კარგზე დღემდე კამათობენ, მემარჯვენე ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ამდენი სოციალური პროგრამის აღსრულებას მონოლითური ბიუროკრატიული აპარატი სჭირდება, რომელიც არაეფექტიანი, ხარჯიანი და პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ზოგ შემთხვევაში, პირად სივრცეში უხეშ ჩარევასაც საჭიროებს.
ამ და სხვა პრობლემების აღმოფხვრა მემარჯვენე ეკონომისტების ნაწილს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შემოღებით უნდათ. ისე კი, მემარჯვენეების გარდა, ამ იდეას მემარცხენეებიც იზიარენ, მაგრამ განსხვავებულ მიზეზთა გამო. ამ და შემდეგი კვირის ბლოგებს სწორედ ამ საკითხებს მივუძღვნი. მოდი, მემარჯვენეებით დავიწყოთ.
2012 წელს, აშშ-ის ზემოთ ხსენებული ერთტრილიარდიანი ბიუჯეტი სიღარიბის აღმოსაფხვრელად შექმნილ ას ოცდაექვს სამთავრობო პროგრამაზე გადანაწილდა, რომლებიც, თავის მხრივ, ათობით დამოუკიდებელი სააგენტოებისა და დეპარტამენტების მიერ იმართებოდა – ერთ პროგრამას, საშუალოდ, შვიდი დეპარტამენტი და ექვსი დამოუკიდებელი სააგენტო განკარგავს.[4] ამგვარად ჩახლართულ ქსელში გარკვევა არათუ ხარჯიანია, არამედ დიდ დროსაც მოითხოვს, რაც სახელმწიფო დახმარების მიმღებზე ნეგატიურად აისახება. სიღარიბის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამების პოტენციურმა ბენეფიციარებმა ხშირად არც კი იციან, რომ ასეთი პროგრამები არსებობს, რაც ამ პროგრამების გამოყენების დაბალ მაჩვენებელს და, შესაბამისად, დაბალ ეფექტიანობას განაპირობებს.[5][6][7]
ხშირად სახელმწიფო შემწეობის პროგრამების არაეფექტიანობას მთავრობის „ჩავარდნა“ (ინგლ. “Government Failure”) განაპირობებს – შემთხვევა, როცა მთავრობა ინფორმაციისა და მოტივაციის პრობლემებს ვერ უმკლავდება.[8] მოდი, ორივე დეტალურად მიმოვიხილოთ. ინფორმაციის პრობლემას ორი ფაქტორი განაპირობებს: ინფორმაციის არასრულყოფილება და პოლიტიკური მიოპია. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ არ იცის სრულიად მოსახლეობის არჩევანი და არც ზუსტი ეკონომიკური გამოთვლა შეუძლია (რადგან ჭეშმარიტ საბაზრო ინფორმაციას არ ფლობს და არც ვინმეს კონკურენტია), სახელმწიფო პროგრამები ხშირად არაეფექტიანი, ხარჯიანი და ზოგ შემთხვევაში, უყაირათოც კი არის. ამას გარდა, მთავრობები საარჩევნო ციკლებს ეწყობიან, რის გამოც ურჩევნიათ, მოკლევადიანი მიზნები დააკმაყოფილონ, ვიდრე დრო გრძელვადიან მიზნებს დაუთმონ. მოტივაციის პრობლემას პოლიტიკური ანგარება, გარკვეული ინტერესის ტყვეობა და ბიუროკრატიზაცია განაპირობებს. სამთავრობო პოლიტიკა, როგორც წესი, არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ხმის მოპოვებისკენაა მიმართული, რაც ხმების ყიდვის ერთგვარი არაპირდაპირი გზაა – შეპირებული სუბსიდიები, ოლიგოპოლისტური კანონმდებლობის შემოღება და ნეპოტიზმი ამის რამდენიმე ნაირსახეობაა. ეს მიდგომა კი საზოგადოების გარკვეულ ფენებს საშუალებას აძლევს, მთავრობა გარკვეული ინტერესის ტყვეობაში ამყოფოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა გადაწყვეტილების აღსრულებაში პოლიტიკოსები როდი მონაწილეობენ – ეს ბიუროკრატების საქმეა, რომელთაც რთულად გასაკონტროლებელი დღის წესრიგი აქვთ და, ამასთან ერთად, თითოეულმათგანს საკუთარი ორგანიზაციის ბიუჯეტის გაზრდა სურს.
საყურადღებოა ისიც, რომ ბიუროკრატია, როგორც ერთეული, გავლენას საარჩევნო პროცესებზეც ახდენს. აი, ინდონეზიაში, მაგალითად, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ბიუროკრატია პოლიტიკურ სუპერძალად მივიჩნიოთ, სულ მცირე, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე.[9] მკლევრები ამტკიცებენ, რომ არჩევნებში მთელი ბიუროკრატიული აპარატია ჩართული, ხოლო კანდიდატები (ხშირად ბიუროკრატები) თავს წარმატებული სახელმწიფო პროგრამებით და მედიასთან სიახლოვით იწონებენ. მეტიც, ჯეიმზ ბენეტმა და უილიამ ორზეჩოვსკიმ ბიუროკრატების ქმედებები ემპირიულად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ზოგადად, არაბიუროკრატებთან შედარებით, ისინი უფრო აქტიურად აძლევენ ხმას ამა თუ იმ არჩევნებზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგებზე არაპროპორციულად დიდ ზეგავლენას ახდენენ.[10]
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მემარჯვენე მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ საყოველთაო და უპირობო სისტემის შემოღებით, სახელმწიფო სტრუქტურებში ბიუროკრატიის როლი შემცირდება, რადგან ფინანსური ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, თანხის გადარიცხვა კომპიუტერულ პროგრამას შეეძლება და ამისთვის სახელმწიფო დახმარების მიმღების ერთი ხელმოწერაც საკმარისი იქნება.[11] განაწილებული დავთრის ტექნოლოგიის (ინგლ. “Distributed Ledged Technology”) აღზევების კვალდაკვალ, მეცნიერები და მეწარმეები საყოველთაო საბაზისო შემოსავალსა და ბლოკჩეინს შორის გადაკვეთის წერტილების პოვნას ცდილობენ, რადგან ამ სისტემის გამჭვირვალობა უამრავი ტრანზაქციის ჯეროვნად და სწრაფად შესრულების შესაძლებლობას აჩენს.[12][13] აი, მაგალითად, 2020 წელს, ონლაინვაჭრობის პლატფორმა eToro-მ კრიპტოვალუტა გამოუშვა, სახელად GoodDollar-ი, რომლითაც კომპანია მსოფლიოში შემოსავლის უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.[14] დებიუროკრატიზაცია ფინანსურ სექტორშიც შეინიშნება, დეცენტრალიზებული ფინანსების (ინგლ. “DeFi”) სექტორის აღზევებით, რომელიც ეკონომიკურ უთანასწორობას, ცენტრალიზაციას და სხვა გლობალურ პრობლემებს ებრძვის.[15]
მემარჯვენე ეკონომისტების აზრით, სამთავრობო ბიუროკრატია არც ფილოსოფიურადაა მისაღები. ჟურნალისტი ტერეზა ფუნიჩელო, რომელიც ადრე სახელმწიფო შემწეობას იღებდა, ხოლო ახლა სიღარიბის საწინააღმდეგო პროგრამებს სწავლობს, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს (ინგლ. “Welfare State”) „სიკეთის ტირანიას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ადამიანებისთვის დახმარება მათთვის ნაღდი ფულის მიცემით ერთადერთი გზაა მათი სიღარიბიდან ამოსაყვანად.[16] მემარჯვენე ნობელიატი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ბიძაშვილს, უარყოფით საშემოსავლო გადასახადს (ინგლ. “Negative Income Tax”) უჭერდა მხარს და წერდა, რომ „სახელმწიფოს მიერ საბაზრო ეკონომიკასა და ადამიანის თავისუფლებაში უხეირო ჩარევის ქსელის“ დაშლა მხოლოდ მის მიერ შემოთავაზებული მოდელით შეიძლებოდა.[17] ეკონომისტი ლეონარდ გრინი ფიქრობდა, რომ სიღარიბის აღმოფხვრა მხოლოდ არსებული საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს დაშლით და არსებული რესურსების საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერით შეიძლებოდა.[18] გრინის ეს იდეა აიტაცა ჩარლზ მარიმ, რომელიც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დაფინანსებას კონკრეტული სახელმწიფო პროგრამების ჩანაცვლებით ფიქრობს.[19]
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი სოციალური გადანაწილების ის რევოლუციური იდეაა, რომელსაც მხარს მემარცხენეები და მემარჯვენეები უჭერენ, მაგრამ, ცხადია, განსხვავებულად და სხვადასხვა მიზეზით. ისე კი, შეთანხმების წარმოების საშუალება ნამდვილად გვაქვს.
წყაროები
[1] Tanner, M. (2012). The American Welfare State: How We Spend Nearly $1 Trillion a Year Fighting Poverty—and Fail. Policy Analysis, 694. Retrieved from https://www.cato.org/sites/cato.org/files/pubs/pdf/PA694.pdf
[2] Johnson, L. B. (1964). Special Message to Congress Proposing a Nationwide War on the Sources of Poverty. Special Message to Congress, Washington, DC. Retrieved from https://www.presidency.ucsb.edu/documents/special-message-the-congress-proposing-nationwide-war-the-sources-poverty
[3] იხ. პირველი წყარო.
[4] იხ. პირველი წყარო.
[5] იხ. პირველი წყარო.
[6] Eurofond. (2015). Access to Social Benefits: Reducing Non-Take-Up. Luxembourgh: Publications Office of the European. Retrieved from https://www.eurofound.europa.eu/sites/default/files/ef_publication/field_ef_document/ef1536en.pdf, (pg. 26).
[7] Gentilini, U., & Grosh, M. (2020). UBI as Social Assistance: Comparative Models and Instruments. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank, (pg. 86).
[8] Rallo, J. R. (2018). Lectures in Microeconomics. IE University, Segovia, Spain.
[9] M., & Sembiring, W. M. (2018). Local election: does bureaucracy become one of main political power? Earth and Environmental Science, 126. doi:10.1088/1755-1315/126/1/012097
[10] Bennet, J. T., & Orzechowski, W. P. (1983). The Voting Behavior of Bureaucrats: Some Empirical Evidence. Public Choice, 271-283. Retrieved from https://www.jstor.org/stable/30023691?seq=1
[11] Zwolinski, M. (2014, August 4). The Pragmatic Libertarian Case for a Basic Income Guarantee. Cato Unbound. Retrieved from https://www.cato-unbound.org/2014/08/04/matt-zwolinski/pragmatic-libertarian-case-basic-income-guarantee
[12] Wintermeyer, L. (2020, September 10). eToro Launches GoodDollar And Begins Delivering Universal Basic Income. Forbes. Retrieved from https://www.forbes.com/sites/lawrencewintermeyer/2020/09/10/etoro-launches-gooddollar-and-begins-delivering-universal-basic-income/?sh=2ff2f92d6315
[13] Howitt, A. (2019). Roadmap to a Government-Independent Basic Income (UBI) Digital Currency. Retrieved from https://www.semanticscholar.org/paper/Roadmap-to-a-Government-Independent-Basic-Income-Howitt/d222ce43514e3f910344f0369cb568ee3ef36d0b
[14] Assia, Y., Bariach, T., Oron, T., & Stone, A. (2020). GoodDollar: A Distributed Basic Income. White Paper. Retrieved from https://whitepaper.gooddollar.org/
[15] იხ. მეათე წყარო.
[16] Funiciello, T. (1994). Tyranny of Kindness: Dismantling the Welfare System to End Poverty in America. Atlantic Monthly Press. Retrieved from https://groveatlantic.com/book/tyranny-of-kindness/
[17] Friedman, M. (1967, March 7). The Case for the Negative Income Tax. The National Review, pp. 239-241. Retrieved from https://miltonfriedman.hoover.org/internal/media/dispatcher/215012/full
[18] Greene, L. (1998). The National Tax Rebate. Regnery Publishing.
[19] Murray, C. (2006). In Our Hands: A Plan to Replace the Welfare State. Washington, DC: AEI Press.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 2, 2022
- on აპრილი 21, 2022
- on აგვისტო 3, 2021
- on ივლისი 23, 2021
- on ივლისი 16, 2021
- on ივლისი 9, 2021
- on ივლისი 2, 2021
- on ივნისი 25, 2021