ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოთა გადაწყვეტილებით, უკრაინა ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების სიას დაემატება, რომლებშიც მოხსნილია COVID-19-თან დაკავშირებული მიმოსვლის შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არაფორმალურია, ევროსაბჭომ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და უახლოეს დღეებში ეს ცვლილება ოფიციალურად შევა ძალაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა არ გავრცელდეს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მიმოსვლაზე, ვინაიდან ევროსაბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წევრი ქვეყნები ცალკე განიხილავენ „მწვანე“ ქვეყნების სიაში უკრაინის დამატებას. ამას გარდა, მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიპლომატიური მოლაპარაკებები, მათ შორის შენგენის ასოცირებულ ქვეყნებთან: ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. ასევე, 25 ივნისიდან უკრაინელებს უკვე შეუძლიათ გერმანიაში ტურისტულად მოგზაურობა.
დღევანდელი მდგომარეობით, „უსაფრთხო“ ქვეყნებს შორისაა კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ყატარი და საუდის არაბეთი. აღსანიშნავია, რომ „უსაფრთხო“ ქვეყნების სიაში მოსახვედრად სავალდებულოა, ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 100-ზე ნაკლები COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდეს.
დატოვე კომენტარი