Netflix-ის გუნდს ვიდეოთამაშების ვეტერანი სპეციალისტი, მაიკ ვერდუ შეემატა, რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სამომავლოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტტელევიზიის ქსელი ახალი გასართობი სფეროს განვითარებას გეგმავს.
Netflix-ის თამაშების განვითარების ვიცე-პრეზიდენტად ვენდუს დანიშვნა გასულ კვირას დადასტურდა. გასართობი პლატფორმის განვითარების მიზეზად პანდემიის პერიოდში მომხმარებლების მხრიდან ვიდეოთამაშებზე მოთხოვნის შესამჩნევი ზრდა შეიძლება ჩაითვალოს.
გასულ წელს Netflix-ს დამატებით 37 მილიონი გამომწერი შეემატა, რაც კომპანიის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი წლიური მაჩვენებელია. თუმცა, პანდემიის მოახლოებულ დასრულებასთან ერთად, მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება და, შესაბამისად, მოთხოვნაც მნიშვნელოვანწილად მცირდება. კომპანიის გადაწყვეტილება გასართობი სფეროს განვითარების თაობაზე, გამომწერების შენარჩუნების ერთ-ერთ გზად შეიძლება ჩაითვალოს. მარტში Netflix-ის მომხმარებლების რაოდენობამ 208 მილიონს გადააჭარბა.
Netflix-ს პირდაპირ არ განუცხადებია, რომ ვიდეოთამაშის ბაზარზე შესვლას გეგმავს, თუმცა ვერდუს პოზიცია კომპანიაში ეჭვებს მაინც ბადებს. ვერდუ Netflix-ის გუნდს ფეისბუკის Oculus-დან შეუერთდა, მანამდე კი თამაშების შემქმნელად Electronic Arts-სა და Zynga-ში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ვიდეოთამაშებს სრულიად უფასოდ უკვე არსებულ სტრიმინგპლატფორმაზე შესთავაზებს გამომწერებს.
როგორც ჩანს, ინვესტორები ჯერჯერობით დააკვირდებიან, თუ რა შედეგები ექნება Netflix-ის მხრიდან ვიდეოთამაშების პლატფორმის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ წინა კვირას კომპანიის აქციები 1%-ით ანუ 540 აშშ დოლარით დაეცა და მაშინ, როდესაც სხვა კომპანიების აქციის ფასები ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, Netflix-ის აქციებმა, იანვარში დაფიქსირებული პიკის შემდგომ, უკვე 9%-ით დაიკლო.
დატოვე კომენტარი