პროფესორი ქეთევან ჭანტურია Academia Europaea-ს („ევროპული აკადემიის“) ახალ წევრად აირჩიეს. აღნიშნული აკადემია წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც მეცნიერების, განათლებისა და კვლევების მიმართულებების წამყვან ევროპელ ექსპერტებს აერთიანებს. აკადემიის 4500–მდე წევრს შორის კი უკვე ქართველი ქეთევან ჭანტურიაცაა.
ქეთევანი კვებითი დარღვევების პროფესორია Institute of Psychiatry, Psychology and Neuroscience-ში, რომელიც ლონდონში, დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. ის ასევე თანახელმძღვანელობს კვებითი დარღვევების მკვლევრების ჯგუფს King’s College London–ში. მკვლევრების ჯგუფი ჭანტურიას ხელმძღვანელობით შეისწავლის ნევრობიოლოგიურ, გენეტიკურ და ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და კავშირებს კვებით დარღვევებთან. ჯგუფის საქმიანობის მიზანი უკეთესი მკურნალობის შექმნაა.
„ჩემთვის Academia Europaea–ს წევრობა დიდი პატივია. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ორი სამშობლოდან არც ერთი, არც დიდი ბრიტანეთი და არც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან. მე კი, როგორც მეცნიერი და როგორც, უბრალოდ ადამიანი თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ფსიქოლოგიაში საქმიანობისკენ მომიწოდებდა, მამხნევებდა და მხარს მიჭერდა“, – აცხადებს პროფესორი ჭანტურია.
დიდ ბრიტანეთში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, ქეთევან ჭანტურია მოწვეული პროფესორის პოზიციას იკავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში. ამავდროულად, ქეთევანი ჟურნალ European Eating Disorder Review–ის რედაქტორიცაა.
Academia Europaea, რომლის წევრიც ქეთევან ჭანტურია გახდა, წამყვანი, არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაციაა. მისი 4500 წევრიდან 72 ნობელის პრემიის ლაურეატია. წევრობისთვის საჭიროა, რომ კანდიდატი აკადემიის ორმა წევრმა წარადგინოს და შემდეგ საბჭომ დაამტკიცოს. აკადემია 1988 წელს კვლევების ხელშესაწყობად შეიქმნა. ის ინტერდისციპლინარულ და ინტერნაციონალურ კვლევებს ატარებს ევროპის მასშტაბით.
დატოვე კომენტარი