Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა დახუნძლული აღმოჩნდა ტექნოლოგიური სიახლეებით: Samsung-მა ტელეფონების, საათებისა და ყურსასმენების ახალი მოდელები წარადგინა, Lamborghini-მ ისტორიული მოდელი – Countach გააცოცხლა, ხოლო Xiaomi-მ კიბერძაღლი შექმნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Samsung-ის Galaxy Unpacked: ახალი და განახლებული მოდელები

გასულ კვირას Samsung-მა წლის მთავარი ღონისძიება – Galaxy Unfold – გამართა, რომელზეც, დასაკეცი სმარტფონების, ჭკვიანი საათებისა და ყურსასმენების ახალი თაობის გარდა, საინტერესო პროგრამული გადაწყვეტებიც წარადგინა.

მნიშვნელოვნად განახლდა და გაძლიერდა Samsung-ის ფლაგმანი დასაკეცი სმარტფონი, Galaxy Z Fold 3 5G, რომელიც ამიერიდან სტილუსით იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ მანამდე სტილუსი მხოლოდ Samsung Note-ს ჰქონდა, რაც მის განმასხვავებელ ნიშნადაც იქცა, თუმცა კორეულმა გიგანტმა ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე, ახალი Note-ის გამოშვებას არ გეგმავდა. სტილუსის დამატების გარდა, ტელეფონი უფრო გამძლე და მძლავრიც გახდა, IPX8 წყლის გაუმტარობის ტექნოლოგიის, Snapdragon 888 პროცესორის და 120-ჰერციანი წინა დისპლეის საფუძველზე. ამას გარდა, ტელეფონს სელფის გადასაღები წინა კამერაც დაემატა. Samsung-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ეს სმარტფონი 1799.99 აშშ დოლარი ეღირება.

ფოტო: Samsung Georgia

Samsung-მა შედარებით ბიუჯეტური დასაკეცი სმარტფონიც წარადგინა – Galaxy Z Flip 3 5G, რომელიც Galaxy Z Fold 3-ის იდენტური პროცესორითა და წყლის გაუმტარობის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაძლიერდა სმარტფონის დისპლეი, რომელიც Galaxy Z Fold 3-ის მსგავსად, 120-ჰერცის რხევის სიხშირეს აწარმოებს. Galaxy Z Fold 3-ის განმასხვავებელი თვისება მის ფერადოვნებაშია – სმარტფონის არჩევა შვიდი ფერისაგან შეგიძლიათ,  მათ შორის კრემისფერი, შავი, მწვანე და იასამნისფერი. Samsung-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ეს სმარტფონი 999.99 აშშ დოლარი ეღირება.

ფოტო: Samsung Georgia

ტელეფონების გარდა, Samsung-მა ჭკვიანი საათების ორი მოდელიც წარადგინა – Galaxy Watch 4 Classic და Galaxy Watch 4. პირველს ტრადიციული საათის ფორმა აქვს და ის ორი ზომისაა – 46 მმ და 44მმ. მისი კარკასი უჟანგავი ფოლადისაა, ხოლო მოდელი შავი ან თეთრი ფერისაა. Galaxy Watch 4-ს უფრო მრავალფეროვანი დიზაინი აქვს: ალუმინის კარკასი ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი, ხოლო საათი ორი ზომისაა: 44 მმ და 40მმ. თუმცა, განახლებული დიზაინის გარდა, ორივე საათი Exynos-ის ახალი პროცესორით და „გუგლისა“ და „სამსუნგის“ ერთობლივი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი. ამას გარდა, Samsung-მა მისი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას კიდევ უფრო მეტ დროს დაუთმობს: უახლესი საათები ძილისა და ხვრინვის შემსწავლელი პროგრამებით იქნება აღჭურვილი. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ბლუთუზისა და WiFi-ს გარდა, თქვენს ჭკვიან საათს 4G LTE კავშირიც ექნება. Samsung-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, Galaxy Watch 4 249.99 აშშ დოლარი ეღირება, ხოლო Galaxy Watch 4 Classic – 349.99 აშშ დოლარი.

ფოტო: Samsung

რაც შეეხება Samsung-ის უსადენო ყურსასმენებს, Galaxy Buds2-ს, მათი დიზაინი დიდად არ შეცვლილა, თუ, რა თქმა უნდა, განახლებულ ფერთა გამას არ ჩავთვლით. ტექნოლოგიურად კი, ყურსასმენები განახლდა: სილიკონის ნაწილაკების გამოყენებით, გარე ხმის ჩახშობას ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებენ. Samsung-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, Galaxy Buds2 149.99 აშშ დოლარი ღირს.

ფოტო: Samsung

Samsung-ის ახალი მოდელების შესაძენად წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია Samsung Georgia-ს ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში. ამავდროულად, ახალი მოდელების შეძენა დიდი ფასდაკლებითაც შეგიძლიათ, Samsung-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ლამბორგინიმ“ ჰიბრიდული ძრავის მქონე „სუპერქარი“ გამოუშვა

მოლოდინი გამართლდა: ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა ჰიბრიდული ძრავის მქონე განახლებული „სუპერქარი“, Lamborghini Countach წარადგინა. შეზღუდული რაოდენობით გამოსული მოდელის ოფიციალური სახელწოდებაა Countach LPI 800-4, ანუ Longitudinale Posteriore Ibrido, რაც ქართულად გრძივ უკანა ჰიბრიდს ნიშნავს; 800 და 4 – ძრავის მოცულობისა და მუდმივი 4WD ტრანსმისიის აღმნიშვნელია.

ფოტო: Lamborghini

განახლებულ Lamborghini Countach-ს 769 ცხენის ძალის სიმძლავრის 6.5 ლიტრის ტევადობის თორმეტცილინდრიანი შიდა წვის ძრავი და 33 ცხენის ძალის სიმძლავრის 48-ვოლტიანი ელექტროძრავი აქვს, რის გამოც, „სუპერქარისთვის“ დამახასიათებელი ღმუილი ახალ ლამბორგინისაც შეეძლება. სხვა „სუპერქარების“ მსგავსად, Countach-იც ძალიან სწრაფია: 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ის 2.8 წამში ავითარებს, ხოლო 0-200 კმ/სთ სიჩქარეს 8.6 წამში. Lamborghini Countach-ის მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ შეადგენს.

2021 წელი Lamborghini-ს ამ მოდელისთვის ისტორიული თარიღია – Countach-ი პირველად ორმოცდაათი წლის წინ, 1971 წლის ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდა. ამ მოდელზე იტალიურმა მოდის სახლმა Bertone-მ იმუშავა, რომელმაც ე.წ. „იტალიური სოლი“ შექმნა. Lamborghini-ს ამ მოდელის გაყიდვები 1990 წელს შეწყდა. BBC-ის ავტორიტეტული გადაცემის, Top Gear-ის ინფორმაციით, განახლებული Lamborghini Countach-ის საწყისი გასაყიდი ფასი ორი მილიონი ევროა, სახელმწიფო გადასახადების გარეშე.

განახლებული „სუპერქარის“ წარდგენისათვის, იტალიურმა ავტომწარმოებელმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საინტერესო ფუნქციები დაამატა: გაფართოებული რეალობის (AR) გამოყენებით მანქანის დათვალიერების გარდა, მისი დამახასიათებელი ღმუილის მოსმენაც შეგიძლიათ.

Facebook Messenger აუდიო და ვიდეო საუბრებს დაშიფრავს

Facebook Messenger-ი კიდევ უფრო უსაფრთხო ხდება: ამიერიდან, მომხმარებლებს მათი აუდიო და ვიდეო საუბრების ორმხრივი დაშიფვრა შეუძლიათ. დაცულობის ამგვარი სტანდარტი, რომელიც შეტყობინებების წაკითხვის საშუალებას მხოლოდ საუბარში ჩართულ ორ პირს აძლევს, აქტიურად გამოიყენება WhatsApp-ში, Facebook-ის ერთ-ერთ პროდუქტში. 2016 წელს, ტექსტური შეტყობინებების ორმხრივი დაშიფვრა Messenger-შიც გამოჩნდა, როცა პლატფორმას ე.წ. „ფარული საუბრის“ ფუნქცია დაემატა. ამ გადაწყვეტილებას „ფეისბუქი“ ვიდეოზარების მზარდი პოპულარობით ხსნის – დღესდღეობით, Messenger-ის  პლატფორმაზე დღეში საშუალოდ 150 მილიონი ვიდეოზარი ხორციელდება.

ფოტო: Facebook

„ფეისბუქის“ თქმით, ორმხრივი დაშიფვრა ინდუსტრიის ერთგვარ სტანდარტად იქცა, რომელიც გასაღებისა და კლიტეს პრინციპით ფუნქციონირებს – საუბართან წვდომა მხოლოდ მის მონაწილეებს, ანუ გასაღების მფლობელებს აქვთ. გამოდის, რომ საუბრის თვითნებურად მოსმენა თუ წაკითხვა არავის შეუძლია – არათუ ჰაკერებსა თუ კრიმინალებს, არამედ არც „ფეისბუქს“.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული განახლებები შევიდა ე.წ. „ფარული საუბრის“ რეჟიმშიც: მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ, თუ რა დროის განმავლობაში სურთ, რომ ესა თუ ის შეტყობინება მათ ადრესატს გამოუჩნდეს – ყველაზე მცირე შუალედი ხუთი წამია, ხოლო მაქსიმალური – ოცდაოთხი საათი.

ფოტო: Facebook

უკვე ასახულ ცვლილებებთან ერთად, „ფეისბუქი“ დამატებით ფუნქციონალს აანონსებს, რომელთან წვდომაც სატესტო აუდიტორიას მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიეცემა. სატესტო რეჟიმში, ორმხრივი დაშიფვრა ჯგუფურ ხმოვან და ვიდეოზარებზე შემოწმდება, ხოლო პარალელურად, შემოწმდება ახალი ფუნქციონალის გამოყენებადობა, რათა არასასურველ შეცდომებს მომავალში ადგილი არ ჰქონდეს.

Xiaomi-მ ოთხფეხა რობოტი გამოუშვა – კიბერძაღლი $1600 ღირს

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ კიბერძაღლი გამოუშვა – ოთხფეხა რობოტი, რომელიც, კომპანიის თქმით, სხვა მსგავს რობოტებთან შედარებით უფრო მიმზიდველი გარეგნობისაა. კიბერძაღლი დაახლოებით სამ კილოგრამს იწონის და 3.2 მ/წმ-ში სიჩქარით დარბის – ის აღჭურვილია სერვო ძრავებით, რომლებიც 32 ნანომეტრის სიდიდის მაბრუნებელ მომენტს წარმოქმნიან. კიბერძაღლის სხეულზე სტრატეგიულად განლაგებულია ექვსი მიკროფონი და რამდენიმე კამერა, რომელთა დახმარებით ის კიდევ უფრო მოხერხებული და ზუსტია – წინააღმდეგობებს ის სანტიმეტრებში ცდება. ამას გარდა, კიბერძაღლი NVIDIA Jetson Xavier NX-ის მოდულითაა აღჭურვილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მქონე მსოფლიოში ყველაზე მცირე სუპერკომპიუტერია, რაც მიანიშნებს, რომ კიბერძაღლს ახალი ილეთების დასწავლა და, ზოგადად, განვითარება შეუძლია.

ფოტო: Xiaomi

კიბერძაღლის შესაძლებლობების ნახვა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში შეიძლება: მას საკუთარი პატრონის და მისი სიგნალების ამოცნობა, პატრონის უკან ლეკვივით კუდში გაყოლა და ბრუნების გაკეთებაც კი შეუძლია. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიბერძაღლი ადამიანებს თვალებში უყურებს და ისე იქცევა, როგორც ნამდვილი ლეკვი, რაც მას ერთგვარ პიროვნულ თვისებებს სძენს. ბიოლოგიური ქმნილების იმიტაციისათვის, კიბერძაღლს მაღალი სიზუსტის თერთმეტი ავტომატური სენსორი აქვს, მათ შორის შეხების სენსორები, კამერები, ულტრაბგერითი სენსორები და GPS მოდულები.

Xiaomi-ს კიბერძაღლი Boston Dynamics-ის Spot-ს ჰგავს, თუმცა უკანასკნელისაგან განსხვავებით ის უფრო სასიამოვნო შესახედაობისაა და ზომითაც უფრო პატარაა. Xiaomi-ს თქმით, კიბერძაღლს შეუძლია იყოს, როგორც ადამიანის კეთილი კომპანიონი, ისევე საშიში მხეცი, ჯარისა თუ სამართალდამცავი ორგანოების ხელში. ისე კი, კიბერძაღლი კვლევითი პროექტია – ის, სულ რაღაც 1,600 აშშ დოლარი ღირს და კომპანიის თქმით, ისინი მზად არიან ინჟინრებს, რომელთაც მისი განვითარება შეუძლიათ, ათასი კიბერძაღლი მიყიდონ. ამ ნაბიჯით რობოტიკის სფეროში Xiaomi-ს საკუთარი ადგილის დამკვიდრება სურს.

ფოტო: Xiaomi
Norton და Avast ერთიანდებიანბაზარზე ახალი გიგანტი გამოჩნდა

NortonLifeLock და Avast ერთიანდებიან – შედეგად, კიბერუსაფრთხოების ბაზარზე კიდევ ერთი გიგანტური მოთამაშე გაჩნდება. შეთანხმების მიხედვით, რომელიც რვა მილიარდ აშშ დოლარად ფასდება, NortonLifeLock მისი კონკურენტის, Avast-ის აქციათა სრულ პაკეტს შეიძენს. „ამ გაერთიანებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების პლატფორმას და მას 500 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის გავხდით ხელმისაწვდომს. ამასთან, ინოვაციას დავაჩქარებთ და კიბერუსაფრთხოებასაც შევცვლით“, – ამბობს NortonLifeLock-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვინსენტ პილეტი.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორი გიგანტის გაერთიანებით ისეთ ანტივირუსულ პროდუქტებს მივიღებთ, რომლებიც, ერთი მხრივ, შეითავსებენ Avast-ის განსაკუთრებულ მიდგომას პირადი ინფორმაციისადმი, ხოლო მეორე მხრივ, გამოიყენებენ NortonLifeLock-ის იდენტიფიცირების კუთხით არსებულ უზომო გამოცდილებას.

Avast ჩეხური კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ხოლო Norton-ის ანტივირუსები ბაზარზე 1991 წლიდან გვხვდება, რის გამოც მათი ეს პროდუქტი განსაკუთრებით პოპულარულია.

სულ მალე Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს: რას უნდა ველოდოთ?

სექტემბერი ახლოვდება და, ტრადიციულად, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში Apple-სგან სიახლეებს უნდა ველოდოთ: ამჯერად, ახალი თაობის iPhone-ები განახლებული, უფრო მძლავრი კამერებით იქნება აღჭურვილი, რომელთაც ვიდეოს გადაღება არამხოლოდ Portrait Mode-ში შეეძლებათ, არამედ უკეთესი ხარისხის ფორმატში ProRes. მოდელების დიზაინი სავარაუდოდ უცვლელი დარჩება, თუმცა A15 ჩიპი სმარტფონს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

ახალი ProRes ვიდეო-ფორმატში გადაღებისას, iPhone-ის მომხმარებლები ვიდეოს უფრო მაღალი ხარისხით გადაღებას შეძლებენ, რაც ვიდეორედაქტორებს საქმეს გაუმარტივებს. ცნობისთვის, ამ ფორმატს პროფესიონალები ისედაც იყენებდნენ, თუმცა ის მასობრივ წარმოებაში აქამდე არ გამოუყენებიათ, რადგან ამ ფორმატში გადაღებული ფაილების ზომა საკმაოდ დიდია.  ProRes ფორმატში ვიდეოს გადაღებას HD და 4K რეზოლუციით შეძლებთ. თუმცა, ეს ფუნქცია მხოლოდ iPhone Pro მოდელებში შეგვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი iPhone-ები, კოდური ნომრებით D16, D17, D63 და D64, მხოლოდ ნაწილია იმ პროდუქტების, რომელთაც Apple მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოგვიდგენს: კომპანიაში ასევე მუშაობენ ახალ, უფრო მძლავრ MacBook Pro-ზე, რომელიც M1X ჩიპით იქნება აღჭურვილი; განახლებული დიზაინის მქონე iPad mini-ზედა ახალ iPhone-ზე, რომლის სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები შეადგენენ. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ განახლებულ და უფრო ზუსტ Apple Watch-ებს და AirPods-ის ახალ მოდელებს.

ცნობისთვის, Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურა, რომ 2021 წელს 90 მილიონი iPhone-ის გამოშვებას გეგმავდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 20%-ით მეტია.

Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანაში წარმოება ოქტომბერში დაიწყება
ფოტო: Tesla

Tesla იმედს იტოვებს, რომ ბერლინთან ახლოს მდებარე მათ გიგაქარხანაში ელექტრობატარეებისა და მანქანების წარმოება ოქტომბერში დაიწყება, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ გიგაქარხნის გახსნა ჯერ კიდევ ივლისში იგეგმებოდა, თუმცა სამართლებრივი და სხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამას გარდა, Tesla-ს ამ რეგიონში გამოჩენას გარემოსდაცვითი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან.

„იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი მანქანების გამოსაშვებად ნებართვას მივიღებთ –  ოქტომბერში, თუ გაგვიმართლა“, – ამის შესახებ მასკმა, ანგელა მერკელის სავარაუდო შემცვლელთან, პოლიტიკოს არმინ ლაშეტთან შეხვედრისას ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციისათვის ლაშეტმა მასკს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის გიგაქარხნის მთავარი ფლაგმანი – Tesla Model Y იქნება, თუმცა მას ელექტრობატარეათა განახლებული, 4680 უჯრედისაგან შემდგარი ნაკრები ექნება, სწორედ ის, რომელიც Cybertruck-ის წარმოებისას გამოიყენება. ელექტრობატარეათა ახალი ნაკრების დახმარებით, მანქანა უფრო ეფექტური იქნება და უფრო მეტ მანძილსაც გაივლის – Tesla-ში იმედოვნებენ, რომ ელექტრობატარეათა ერთჯერადი დამუხტვით, Model Y 450-500 მილამდე მანძილის დაფარვას შეძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *