მომდევნო კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ავღანეთისათვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გაწევას აპირებს. თუმცა, შეძლებს თუ არა თალიბანი ამ თანხის დაუფლებას, ეს საკამათო საკითხია.
IMF-ის უმსხვილესი დახმარების პროგრამა, რომელიც დაახლოებით 650 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, მოქმედებაში მომდევნო კვირას ჩაეშვება – აქედან 460 მილიონი აშშ დოლარი ავღანეთს ეკუთვნის. თუმცა, ფინანსურმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ თალიბანს მისი განკარგვის უფლება არ ექნება. ამ განცხადების თანახმად, ავღანეთი უერთდება მიანმარისა და ვენესუელას რიგებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტივებს იღებენ, თუმცა მათ ვერ იყენებენ.
გარდა აღნიშნული დახმარებისა ავღანეთის სახელმწიფო ბანკს დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის აქტივები აქვს, რომელთა შორის 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო და 366 მილიონი დოლარის ღირებულების უცხოური ვალუტებიც შედის. თუმცა, საინტერესოა, რომ აღნიშნული აქტივების უმეტესობას ავღანეთის ბანკი საზღვარგარეთ ინახავს. გასული დღეების განმავლობაში კი შეერთებული შტატების მთავრობამ საკუთარ ტერიტორიაზე მყოფი ავღანეთის ბანკის 9.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა და შესაბამისად თალიბანი ვერც მას გამოიყენებს.
სხვადასხვა გათვლებით, თალიბანს ავღანეთის საერთაშორისო რეზერვების მხოლოდ 0.1-0.2%-ის გამოყენების საშუალება ექნება, რაც ძალიან მცირე თანხაა. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით არსებულ აქტივებზე. თალიბანს წვდომა ექნება 159,600 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდებსა და 362 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების უცხოურ ვალუტაზე, რომელთა უმეტესობაც პრეზიდენტის სასახლესა თუ სხვადასხვა ბანკში ინახებოდა. პრეზიდენტის სასახლე კი თალიბანმა რამდენიმე დღის წინ აიღო.
გარდა აღნიშნული რესურსებისა, თალიბანს შემოსავალი სხვა არალეგალური საქმიანობითაც აქვს, რომელთა შორისაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, ადამიანთა გატაცება, ტრეფიკინგი, გადასახადების აკრეფა და მინერალური რესურსების მოპოვება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მონაცემებით, თალიბანის შემოსავალი ყოველწლიურად 300 მილიონი აშშ დოლარიდან 1.6 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს.
დატოვე კომენტარი