Naftogaz-ის CEO-ს განცხადებით, მიუხედავად რუსული მილსადენის, Nord Stream 2-ის, ტექნიკური მზაობისა, მილის კომერციულად გამოყენება დროებით გადაიდება. მისი მტკიცებით, ტექნიკური გაშვების ეტაპიდან მილსადენის კომერციულ გამოყენებამდე დიდი დროა საჭირო. მათ შორის კი კომპანიის მილსადენების სერტიფიცირების პროცედურებისათვის აუცილებელი დროც შედის.
იური ვიტრენკოს განცხადებით, ამჟამინდელი ოპერატორი, Nord Stream AG, ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, მისი სერტიფიცირებაც შეუძლებელი იქნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მილსადენს არ შეეძლება კომერციული გაზის ნაკადის მიღება.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა Nord Stream 2 გაშვებისათვის საჭირო დროის შუალედს საკუთარი ინტერესების დასაცავად და ენერგო უსაფრთხოებისათვის გამოიყენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული მილსადენის საკითხი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მისი შეხვედრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მილსადენის აშენებასა და მის ექსპლუატაციაში ჩაშვებას შორის დიდი განსხვავებაა და ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ამისათვის საჭიროა, რომ პროექტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ენერგო სტანდარტებს ერგებოდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარანტიების საკითხიც. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამ დროს საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენებს.
ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინისათვის მიყენებული რეპუტაციული და ეკონომიკური ზარალისათვის, განახლებადი ენერგიის სექტორში 1 მილიარდ დოლარიან ინვესტიციას გააკეთებენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის მონაცემებით, ზარალი ბევრად უფრო დიდია და ის წელიწადში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, აშშ-მ და გერმანიამ რუსული მილსადენის, Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულებას მწვანე შუქი აუნთეს. სანაცვლოდ კი გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში, მილსადენის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებდა.
დატოვე კომენტარი