The Economist Intelligence Unit.-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშში „მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები“, რეიტინგში პირველ ადგილს დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი იკავებს და ჩამოიტოვებს ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ტოკიო და სინგაპური.
EIU-ის რეიტინგი ჯამში 60 ქალაქს აერთიანებს, რომლებიც 76 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. კრიტერიუმებს შორისაა ციფრული, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, პირადი და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
EIU-ის ანგარიშში, პირველ ადგილს 82.4 ქულით კოპენჰაგენი იკავებს, მეორე ადგილზე კი ტორონტო მოდის 82.2 ქულით. მესამე ადგილზეა სინგაპური, 80.7 ქულით. EIU-ს პირველი ათეული კი, ასე გამოიყურება: კოპენჰაგენი, ტორონტო, სინგაპური, სიდნეი, ტოკიო, ამსტერდამი, ველინგტონი, ჰონგ-კონგი და მელბურნი, რომლებიც მერვე ადგილს იყოფენ და სტოკჰოლმი.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით რეიტინგის ლიდერობას სხვადასხვა ქალაქები ინაწილებენ. მაგალითად, უსაფრთხო ჯანდაცვით პირველ ადგილს იაპონიის დედაქალაქი იკავებს, ციფრული უსაფრთხოებით ლიდერი სიდნეი, ინფრასტრუქტურით ჰონგ-კონგი, ეკოლოგიური უსაფრთხოებით კი რეიტინგის სათავეში ველინგტონია.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელწიფოებს, The Economist Intelligence Unit.-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშში მოხვდნენ ბაქო, მოსკოვი და სტამბული. სტამბული 62.9 ქულით 37-ე ადგილზეა, მოსკოვი რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებს 62.5 ქულით, ხოლო ბაქო უსაფრთხო ქალაქების რეიტინგის 52-ე ადგილზეა 49.8 ქულით.
დატოვე კომენტარი