უკანსკნელი კვლევების მიხედვით, ტრადიციულმა ჰეჯ ფონდებმა კრიპტოვალუტების ბაზარზე შესვლა დაიწყეს. თუმცა, ბაზრის არასტაბილურობის გამო, მათი ინვესტიციების რაოდენობა ჯერ-ჯერობით მცირეა. ტრადიციული ჰეჯ ფონდების სამომავლო გეგმების შესახებ კი კვლევა PricewaterhouseCoopers-მა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს კრიპტო ჰეჯ ფონდებს შარშან აქტივების სახით 3.8 მილიარდი აშშ დოლარი ჰქონდათ, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით. გარდა ამისა, კრიპტო ჰეჯ ფონდების პროცენტული წილი, რომელთაც აქტივების სახით მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარი აქვთ, 35%-დამ 46%-მდე გაიზარდა.
აქტივების საშუალო რაოდენობა ამგვარი ჰეჯ ფონდებისათვის წელს 12.8 მილიონი დოლარიდან 42.8 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ერთი წლისათვის საკმაოდ დიდი ზრდის მაჩვენებელია. მედიანური კრიტო ჰეჯ ფონდი კი შარშან დაახლოებით 128%-ით გაიზარდა.
კრიპტო ბაზრის ზრდასთან ერთად კი გაიზარდა ტრადიციული ჰეჯ ფონდების დაინტერესებაც ამ ინდუსტრიისადმი. შედეგად, დღეს არსებული ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტების დაახლოებით 20% უკვე ინვესტირებს ციფრულ აქტივებში. ამ უკანასკნელში ინვესტირებული თანხების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი კი საერთო აქტივების 3%-ს შეადგენს. თუმცა, სფეროს ექსპერტთა მოსაზრებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულ ჰეჯ ფონდთა 85%-მა განაცხადა, რომ ისინი ციფრულ აქტივებში ინვესტირების გაზრდას გეგმავენ. ხოლო გამოკითხულ ინსტიტუტთა 14%-ის განცხადებით, მათ კრიპტოვალუტებში საკუთარი აქტივების 10%-დან 20%-მდე აქვთ განთავსებული.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ გაიზრდება თავად ჰეჯ ფონდთა რაოდენობაც, რომლებიც სულ მალე შეაბიჯებენ კრიპტო ბაზარზე. ამჟამად, არსებული საფინანსო ინსტიტუტების დაახლოებით 25% ჯერ-ჯერობით არ ფლობს ციფრულ აქტივებს, თუმცა სამომავლოდ გეგმავს ამ ინდუსტრიაში შესვლასაც.
დატოვე კომენტარი